Facebook Twitter

¹ას-1085-1349-09 21 იანვარი, 2010წ. 28 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “ბ.-ი”

მოწინააღმდეგე მხარე – სს “თ.-ი”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის გაუქმება და დარიცხული თანხისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ბ.-მა” სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს “თ.-ის” მიმართ და მოითხოვა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის გაუქმება და დარიცხული თანხისაგან გათვისუფლება შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 29 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს “ბ.-მა” კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართი იჯარით გადასცა ინდ.მეწარმე “ქ. ე-ძეს”, რომელმაც მოახდინა მრიცხველის პერიოდული გაჩერება, რის გამოც 2005 წლის 29 სექტემბერს შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 000771 ელექტროენერგიის დატაცების შესახებ. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით ინდ მეწარმე “ქ. ე-ძე” ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ჯარიმის სახით დაეკისრა 600 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 17 აპრილს მიიღო სს “თ.-ის” მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, რომლის მიხედვით შპს “ბ.-ს” დაეკისრა სს “თ.-ის” სასარგებლოდ 3620 ლარის გადახდა, ხოლო თანხის დარიცხვის საფუძველი მოსარჩელისათვის უცნობი იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ბ.-მა” მოითხოვა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა და მის საფუძველზე შედგენილი დარიცხვის ოქმით დაკისრებული დავალიანების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ბ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ბ.-მა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვტეილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს “ბ.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს “ბ.-ი” არის სს “თ.-ის” აბონენტი და მხარეების იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში;

საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, შპს “ბ.-მა” 2005 წლის 29 ივლისს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართი იჯარით გასცა ინდ.მეწარმე “ქ. ე-ძეზე” ორის წლის ვადით;

2005 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ¹000771 ელექტროენერგიის დატაცების შესახებ;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით ინდ. მეწარმე “ქ. ე-ძე” ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით;

2005 წლის 29 სექტემბერს შპს “ბ.-ის” მიმართ შედგენილ იქნა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი, რაც გახდა აბონენტის მიმართ დარიცხვის ოქმის შედგენის საფუძველი. მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით გადასახდელად დაერიცხა 3167,13 ლარი;

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს “ბ.-ი” სადავოდ ხდიდა დარიცხვის კანონიერებასა და მის ოდენობას, ვინაიდან მიიჩნია, რომ დარღვევის პერიოდი მხოლოდ ორ თვეს მოიცავდა;

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა შპს “ბ.-ის” მითითება იმის შესახებ, რომ აღრიცხვიანობის მოშლას ადგილი ჰქონდა არა ერთი წლის, არამედ ორი თვის განმავლობაში.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 20 სექტემბერს დამტკიცებული ¹10 დადგენილების 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილი ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურებისა და მოხმარების პირობების მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მრიცხველის სწორ აღრიცხვიანობაზე პასუხისმგებელი იყო აბონენტი, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აბონენტ შპს “ბ.-ს” აღურიცხავი და დატაცებული კვტ. საათები სწორად დაერიცხა, ხოლო ის ფაქტი, რომ დარღვევის პერიოდი მხოლოდ ორ თვეს მოიცავდა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები და შეფასებები და ჩათვალა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ბ.-მა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას არასწორად გამოიყენა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს “ბ.-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

შპს “ბ.-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ბ.-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ბ.-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ბ.-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.