Facebook Twitter

ას-1087-1016-2010 24 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ შპს “ტ. ფ.”, შპს “კ.”, შპს “ ლ.” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ი.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ტ. ფ.-მ”, შპს “ ლ.-მ” და შპს “კ.-მ” სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს “ი.-ს” მიმართ 2008 წლის 28 იანვარს ერთი წლის ვადით დადებული ხელშეკრულების ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით შესრულებისა და მოპასუხის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების უკანონოდ ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეების წარმომადგენელმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს “ტ.-ფ.-ს”, შპს “კ.-სა” და შპს “ ლ.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ტ.-ფ.-ს”, შპს “კ.-სა” და შპს “ ლ.-ს” წარმომადგენელმა პ. ს-იამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორთა წარმომადგენელ პ.ს-იას დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ასევე კასატორთა მიერ პ.ს-იას სახელზე გაცემული მინდობილობების წარმოდგენა.

დადგენილ ვადაში კასატორთა წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა კასატორთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300-300 (სულ 900) ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნები, ასევე კასატორთა მიერ პ.ასლიას სახელზე გაცემული რწმუნებულებები. წარმოდგენილი განცხადების თანახმად, მოცემული დავა არაქონებრივია, რადგანაც აღძრულია აღიარებითი სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს “ტ.-ფ.-ს”, შპს “კ.-სა” და შპს “ლ.-ს” გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა და დაევალათ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, რადგანაც პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივრის საგანი კასატორთა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების უკანონოდ აღიარებასთან (ხელშეკრულებიდან გასვლასთან) ერთად არის რა ვალდებულების ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესაბამისად შესრულება, მოცემული დავა ქონებრივი ხასიათისაა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში პ.ს-იამ განცხადებით მომართა სასამართლოს და დააზუსტა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო მოსარჩელემ მხარემ უარი თქვა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესაბამისად ვალდებულების შესრულებაზე და მოცემული საკასაციო საჩივრის საგანი _ საკასაციო განაცხადი მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების უკანონოდ აღიარებაა, რის გამოც დავა არაქონებრივია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით არ იქნა გაზიარებული კასატორთა წარმომადგენელ პ.ს-იას მოსაზრება შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში დავის არაქონებრივად მიჩნევის თაობაზე და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა, ამავე განჩინებით პალატამ განმარტა, რომ კასატორთა იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით მოცემული დავა აღიარებითი ხასიათისაა. აღიარებითი სარჩელი სხვა სახის სარჩელებისაგან (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი) სწორედ იმით განსხვავდება, რომ უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არასებობის სასამართლო წესით დადგენისას მხარის მიზანი _ იურიდიული ინტერესი გამოწვეული უნდა იყოს მისი სადავოდ ქვეული უფლების სამომავლოდ დაცვით და სასამართლოს მიერ აღიარებული ესა თუ ის ფაქტი სამომავლოდ მხარის სადავოდ ქცეული სხვა უფლების დაცვის უდავო წინაპირობად იქნება მიჩნეული.

კასატორთა მიერ მოთხოვნილი მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოვლენილი ნების უკანონოდ აღიარება სწორედ მათი ქონებრივი ინტერესების დაცვის წინაპირობა იქნება, რაც მოცემული დავის არაქონებრივად მიჩნევაზე უარის თქმის საფუძველია.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში პ.ს-იამ განცხადებით მომართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მოცემული დავა აღიარებითია, შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა აღიარებით სარჩელზე სახელმიფო ბაჟის ოდენობას განსაზღვრავს 100 ლარით, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად _ 150 და 300 ლარით, მოცემულ შემთხვევაში კასატორთა მიერ გადახდილია 300-300 ლარი. რაც შეეხება ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინებაში მსჯელობას, რომ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი სამომავლოდ აღირებული უფლების შესაბამისად უნდა იქნას გადახდილი, კასატორთა წარმომადგენლის მითითებით, საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდას ითვალისწინებს არა სამომავლო მოთხოვნის შესაბამისად, არამედ უკვე არსებული მოთხოვნის. თავად აღიარებითი სარჩელი ყოველთვის მიმართულია მხარის უფლების არსებობა-არასებობის დადგენისა და სამომავლოდ რეალიზაციისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არ იქნება მხარის იურიდიული ინტერესი.

აღნიშნულის გათვალისიწინებით კასატორთა წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევისა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და შპს “ტ.-ფ.-ს”, შპს “კ.-სა” და “შპს ლ.-ს” წარმომადგენელ პ. ს-იას განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების, ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, ასევე მარწმუნებელთა მიერ პ.ს-იას სახელზე გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.

კასატორთა წარმომადგენელმა აღნიშნული ხარვეზი სრულყოფილად არ გამოასწორა, რის გამოც ჯერ 2010 წლის 24 ნოემბრის, ხოლო შემდგომ 9 დეკემბრის განჩინებით გაუგრძელდათ კასატორებს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა და დაევალათ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული კასატორთა წარმომადგენელ პ.ს-იას მოსაზრება შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში დავის არაქონებრივად მიჩნევის თაობაზე. პალატის განმარტებით, კასატორთა იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით მოცემული დავა აღიარებითი ხასიათისაა. აღიარებითი სარჩელი სხვა სახის სარჩელებისაგან (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი) სწორედ იმით განსხვავდება, რომ უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არასებობის სასამართლო წესით დადგენისას მხარის მიზანი _ იურიდიული ინტერესი გამოწვეული უნდა იყოს მისი სადავოდ ქვეული უფლების სამომავლოდ დაცვით და სასამართლოს მიერ აღიარებული ესა თუ ის ფაქტი სამომავლოდ მხარის სადავოდ ქცეული სხვა უფლების დაცვის უდავო წინაპირობად იქნება მიჩნეული.

კასატორთა მიერ მოთხოვნილი მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოვლენილი ნების უკანონოდ აღიარება სწორედ მათი ქონებრივი ინტერესების დაცვის წინაპირობა იქნება, რაც მოცემული დავის არაქონებრივად მიჩნევაზე უარის თქმის საფუძველია.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში პ.ს-იამ განცხადებით მომართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მოცემული დავა აღიარებითია, შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა აღიარებით სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობას განსაზღვრავს 100 ლარით სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად _ 150 და 300 ლარით, მოცემულ შემთხვევასი კასატორთა მიერ გადახდილია 300-300 ლარი. რაც შეეხება ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინებაში მსჯელობას, რომ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი სამომავლოდ აღირებული უფლების შესაბამისად უნდა იქნას გადახდილი, კასატორთა წარმომადგენლის მითითებით, საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდას ითვალისწინებს არა სამომავლო მოთხოვნის შესაბამისად, არამედ უკვე არსებული მოთხოვნის. თავად აღიარებითი სარჩელი ყოველთვის მიმართულია მხარის უფლების არსებობა-არასებობის დადგენისა და სამომავლოდ რეალიზაციისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არ იქნება მხარის იურიდიული ინტერესი.

მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საკასაციო მოთხოვნა აღირებითი ხასიათისაა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა აღიარებითი სარჩელისას სახელმწიფო ბაჟის ოდენობას არაქონებრივი დავის შესაბამისად განსაზღვრავს. მოცემული დავის საგანია მოწინააღმდეგე მხარის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების (ხელშეკრულებიდან გასვლის) უკანონოდ აღირება. აღნიშნული, თავის მხრივ, გამორიცხავს დავის არაქონებრივად მიჩნევის შესაძლებლობას, ხოლო ქონებრივ-სამართლებრივ დავებზე სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის წესი, აღიარებითი სარჩელის აღძვრასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებულ პირობებს არ ითვალისწინებს.

სავსებით უმართებულოა კასატორთა წარმომადგენლის მოსაზრება, რომ მას დაევალა სამომავლოდ აღსაძრავი სარჩელის საგნის ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგანაც მოცემული დავა, როგორც უკვე აღინიშნა, ქონებრივი ხასიათისაა, შესაბამისად, მისი საგნის ღირებულების გამოთვლა უნდა მოხდეს არა სამომავლოდ მხარის მიერ აღძრული დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, არამედ იმ მოთხოვნის ღირებულების შესაბამისად, რომლის სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებასა თუ აღიარებასაც კასატორები მოითხოვდნენ, თავის მხრივ, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებაში განმარტებული იურიდიული ინტერესი არასწორად იქნა მიჩნეული კასატორთა წარმომადგენლის მიერ სამომავლო სარჩელის საგნის ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების წინაპირობად.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებით კასატორთა წარმომადგენელს მისთვის დაკისრებული არც ერთი საპროცესო მოქმედება სრულყოფილად არ განუხორციელებია რაც შპს “ტ.-ფ.-ს”, შპს “კ.-სა” და “შპს ლ.-ს” წარმომადგენელ პ. ს-იას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

შპს “ტ.-ფ.-ს”, შპს “კ.-სა” და შპს “ლ.-ს” უნდა დაუბრუნდეთ კ. ნ-იას მიერ 2010 წლის 19 ნოემბერს შპს “ ლ.-ს” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, შპს “ტ.-ფ.-ს” საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი, შპს “კ.-ს” საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ტ.-ფ.-ს”, შპს “კ.-სა” და “შპს ლ.-ს” წარმომადგენელ პ. ს-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

შპს “ტ.-ფ.-ს”, შპს “კ.-სა” და შპს “ლ.-ს” უნდა დაუბრუნდეთ კ. ნ-იას მიერ 2010 წლის 19 ნოემბერს შპს “ლ.-ს” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, შპს “ტ.-ფ.-ს” საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი, შპს “კ.-ს” საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.