Facebook Twitter

¹ას-1088-1352-09 4 თებერვალი, 2010წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ხ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. ხ-შვილმა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და ხელფასის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1997 წლის მარტიდან მოსარჩელე მუშაობდა თბილისის ი.ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ...ის თანამდებობაზე. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის - ნ.ფ-ავას ¹29/პ/შ ბრძანებით, 2006 წლის 3 თებერვალს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ.ხ-შვილის სარჩელი: გაუქმდა სსიპ „თბილისის ი.ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 3 თებერვლის ¹29 პ/შ ბრძანება, ამავე უნივერსიტეტის ...ის თანამდებობიდან მ. ხ-შვილის განთავისუფლების შესახებ. მ. ხ-შვილი აღდგენილ იქნა სსიპ „ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ...ის თანამდებობაზე: მოსარჩელეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 2006 წლის 3 თებერვლიდან სამუშაოზე აღდგენამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის განჩნებით არ დაკმაყოფილდა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინება.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თ.ს-შვილის 2008 წლის 19 აგვისტოს, ¹02-1062 ბრძანებით, აღდგენილ იქნა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამ დოკუმენტმა სულ ორი დღე და ღამე იარსება, ვინაიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა – ს. რ-იანმა, შვებულებიდან სამსახურში დაბრუნებისთანავე, 2008 წლის 22 აგვისტოს, გამოსცა ბრძანება ¹02-1074, რომლის თანახმადაც კანონის უხეში დარღვევით, ხელმეორედ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – ს. რ-იანის მიერ 2008 წლის 22 აგვისტოს¸გამოცემული სამსახურიდან განთავისუფლების ¹02-1074 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და ხელფასის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოუცხადებლობის გამო.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსისტეტმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 მაისის განჩინებით სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერისტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ხ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას მ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ. ხ-შვილს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.