ას-10-9-10 15 აპრილი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ფ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. კ-ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 16 თებერვალს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. კ-ძემ მოპასუხე მ. ფ-იას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის 2 014 ლარის, მათ შორის, პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად – 1864 ლარი, სპეციალისტისათვის გადახდილი 100 ლარი, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
სასარჩელო განცხადებიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოდავე მხარეები ცხოვრობენ თბილისში, ..... ქ. ¹18ა-ში მდებარე კორპუსში. მოსარჩელის ბინა მე-2 სართულზეა, ხოლო მოპასუხის – მე-3 სართულზე. მხარეები არიან აღნიშნული ბინების მესაკუთრეები.
მოსარჩელის მითითებით, 2005 წლის 22 იანვარს, 23.30 წუთზე, მისი ბინის ჭერიდან ჩამოვიდა წყალი. დ. კ-ძემ დაუყოვნებლივ მიმართა თბილისის საპატრულო პოლიციას. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორები, რომლებმაც დაინახეს, რომ წყალი ჩადიოდა მოპასუხის ბინიდან.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიზეზით მან მიიღო ზიანი. ესაჭიროებოდა ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, რაც იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის სპეციალისტის ცნობით შეადგენდა 1964 ლარს. ამასთან, სპეციალისტის სამუშაოებისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 100 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ფ-იას დაეკისრა 1964 ლარის გადახდა, მასვე დ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გაღებული სასამართლო ხარჯების – 50 ლარის, სახელმწიფო ბაჟისა და სპეციალისტის დასკვნის შედგენისათვის გაწეული 100 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია 2005 წლის 22 იანვარს მოპასუხის ბინიდან მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინების და ამ მიზეზით დ. კ-ძის საცხოვრებელი ბინის დაზიანების ფაქტი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა თავად მ. ფ-იას ახსნა-განმარტებასა და მოწმედ დაკითხული პირის ჩვენებაზე.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მ. ფ-იას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის ბინა დაზიანდა დ. კ-ძის სახლის ჭერში მის მიერვე გაყვანილი მილიდან გამოჟონილი წყლით. რამდენადაც მ. ფ-იამ განმარტა, რომ იგი არ იყო ნამყოფი მოსარჩელის ბინაში, ცხადია, მას ვერ ექნებოდა ინფორმაცია ამ ბინაში არსებული კომუნიკაციების მდებარეობის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბინის მესაკუთრე მოვალეა ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმდაგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე, საერთო საკუთრება, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ ზიანი.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ დადგენილი არ იყო მოპასუხის ბინიდან მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინების კონკრეტული მიზეზი, მოპასუხის ქმედება წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლით გათვალისწინებული ბინის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნების ვალდებულების დარღვევას და, შესაბამისად, ბრალეულ ქმედებას.
მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხზე მსჯელობისას საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ, კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ზიანი ანაზღაურდებოდა, თუ არსებობდა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგი პირობები: უნდა არსებულიყო მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანი, ზიანის დადგომაში ზიანის მიმყენებლის ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა) და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი.
რამდენადაც დგინდებოდა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის ბინიდან ჩადინებული წყლის ზემოქმედების შედეგად, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას შორის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხის პასუხისმგებლობის ყველა პირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა. აქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სპეციალისტის ცნობაში მითითებული დ. კ-ძის ბინაში არსებული დაზიანებების შესაკეთებლად საჭირო თანხის ოდენობის სისწორე (ტ.I, ს.ფ. 113-116).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ფ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დ. კ-ძე და მ. ფ-ია ცხოვრობენ თბილისში, ...... ქ.¹18-ში მდებარე ერთსა და იმავე კორპუსში. მოსარჩელის ბინა მდებარეობს მე-2 სართულზე, ხოლო მოპასუხის ბინა მე-3 სართულზე. იმავდროულად მხარეები არიან აღნიშნული ბინების მესაკუთრეები;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს 2007 წლის 3 აგვისტოს მიწერილობით თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე არსებული გარემოების ამსახველი აქტი არ შეუდგენიათ. შესაბამისად, ცალსახად არ დგინდება, თუ რა ფაქტობრივ გარემოებები არსებობდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2005 წლის 1 თებერვლის სპეციალისტის ¹კ 32/15 ცნობით დგინდება, რომ 2005 წლის 24 იანვარს ქ.თბილისის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კერძო განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა ქ. თბილისში, ...... ქ. ¹18ა-ში მდებარე ¹5 დ. კ-ძის საცხოვრებელ ბინაში წყლის ჩასვლის მიზეზისა და მიყენებული დაზიანების აღსადგენად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების დადგენა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კუჭახიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებევრლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მ. ფ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ბინაში წყლის ჩამოსვლის და შედეგად საცხოვრებელი ბინის დაზიანების ფაქტით, განისაზღვრა მიყენებული ზიანის ოდენობა. აღნიშნული დადასტურებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2005 წლის 1 თებერვლის სპეციალისტის ¹კ32/15 ცნობით, სპეციალისტის ა. ჭ-შვილის ჩვენებით, მოწმე კ. ს-შვილის ჩვენებით. პალატამ უდავოდ დადგენილ ფაქტად მიიჩნია ის გარემოება, რომ დ. კ-ძის ბინა დაზიანდა წყლის ჩამოსვლის შედეგად.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ფ-იამ. მან აღნიშნა, რომ არ დასტურდება მ. ფ-იას ბრალი, რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზობრივი კავშირი არსებულ ზიანთან. სააპელაციო სასამართლომ არასწორად, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ, როცა იმავე სასმართლომ ერთხელ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო საქმეში ახალი მტკიცებულებები არ გაჩენილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. ფ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას მ. ფ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ფ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ. ფ-იას დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.