Facebook Twitter

საქმე ¹ას-1095-1359-09 26 იანვარი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. გ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “კ.-ი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “კ.-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-შვილის მიმართ 5631 ევროს, ბარათის დაბლოკვისა და გაუქმებისათვის _ 165 ევროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საფასურის _ 16 ლარის, ასევე ძირითადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს _ წლიური 48%-ის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 25 ივლისს ა. გ-შვილმა განცხადებით მიმართა სს “კ.-ს” უნივერსალური ანგარიშის _ ვიზა ელექტრონისა და ვიზა სამოგზაუროს გახსნის მოთხოვნით. აღნიშნული განცხადების საფუძველზე 2008 წლის 1 და 10 აგვისტოს დალუქული პინკოდით ა.გ-შვილს გადაეცა ორი პლასტიკური ბარათი, რაც დასტურდება მის მიერ ხელის მოწერით. 2009 წლის 1 და 10 სექტემბერს მოპასუხემ საბარათე ანგარიშზე შეიტანა 1100 და 2000 ევრო, რაც იმავე თვის 16 რიცხვამდე განაღდებულ იქნა სამოგზაურო ბარათის მეშვეობით. 16 სექტემბრიდან მოყოლებული ერთი და იგივე პოსტერმინალიდან ხორციელდებოდა 50 ევრომდე ოდენობის არასანქცირებული თანხის გატანა, რამაც ჯამში შეადგინა 4753 ევრო. თანხის არასანქცირებული გატანის თაობაზე ინფორმირებულ იქნა ა.გ-შვილი, რომელსაც განემარტა ვიზა ბარათით მომსახურების პირობების მე-5 თავის 5.4 პუნქტისა და მე-6 თავის მოთხოვნები, ასევე მოეთხოვა არასანქცირებულად გახარჯული თანხის დაბრუნება. მოპასუხის გაფრთხილების მიუხედავად, მას ვალდებულება არ შეუსრულებია და კვლავ ხდებოდა თანხის არასანქცირებული გატანა, რის გამოც 2009 წლის 15 თებერვალს ბანკის მიერ გაუქმდა ბარათი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 25 ივლისის განცხადების საფუძველზე, რომლითაც მოპასუხე მოითხოვდა უნივერსალური ანგარიშის გახსნას, განისაზღვრა ბარათის ტიპი _ “ელექტრონი” და “სამოგზაურო”. ამავე წლის პირველ აგვისტოს დალუქული პინკოდით ა.გ-შვილს გადაეცა ორი პლასტიკური ბარათი _ ¹4244081200380267 და ¹4244100701389880. 2008 წლის პირველ სექტემბერს ა.გ-შვილმა ბარათის ანგარიშზე შეიტანა 1100 ევრო, ხოლო 2008 წლის 10 სექტემბერს _ 2000 ევრო. ამავე წლის ოქტომბერში ბანკმა მოპასუხეს აცნობა, რომ მისი საბარათე ანგარიშიდან გატანილ იქნა 1200 ევრო, რის გამოც მან მიზეზის გარკვევამდე მოითხოვა ანგარიშის დაბლოკვა. აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავად, ბანკმა არათუ დაბლოკა საბარათე ანგარიში, არამედ ხელი შეუწყო გატანილი თანხის ოდენობის გაზრდას.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სს “კ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა.გ-შვილს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების ძირითადი თანხის _ 4752.40 ევროს გადახდა, ასევე 2008 წლის პირველ ოქტომბრამდე გახარჯული თანხის _ 1593.98 ევროს წლიური 48%-ის გადახდა თანხის გახარჯვიდან მის სრულ დაფარვამდე, ასევე საბანკო ბარათის დაბლოკვა-გაუქმებისათვის 165 აშშ დოლარისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საფასურის _ 16 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “კ.-მა”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “კ.-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ა.გ-შვილს დაეკისრა 2008 წლის პირველ ოქტომბრამდე გახარჯული თანხის _ 1593.98 ევროს წლიური 48%-ის გადახდა თანხის გახარჯვიდან მის სრულ დაფარვამდე, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სს “კ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. გ-შვილს სს “კ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 877 ევროს, ასევე 4752,40 ევროს ყოველწლიური 48%-ის გადახდა 2009 წლის 27 თებერვლიდან თანხის სრულად დაფარვამდე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მხარეთა შორის დაიდო საბარათე ანგარიშით მომსახურების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც 2008 წლის 1 და 10 აგვისტოს ა.გ-შვილმა მიიღო ორი პლასტიკური ბარათი დალუქული პინკოდით და აღნიშნული მიმღებმა დაადასტურა ხელმოწერით. 2008 წლის 1 და 10 სექტემბერს მოპასუხემ ანგარიშზე შეიტანა 1100 და 2000 ევრო, რაც გერმანიის ქ.ნიუბურგში გახარჯულ იქნა სამოგზაურო ბარათის მეშვეობით 16 სექტემბრამდე. ა.გ-შვილის ვაჟმა, ამავე ბარათის გამოყენებით, დამატებით გახარჯა თანხა, რის თაობაზეც ბანკის მხრიდან ინფორმირებული იყო ა.გ-შვილი, თუმცა მან არასანქცირებული თანხის გატანის აკრძალვის თაობაზე არ აცნობა ბარათის მფლობელს. 2008 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით არასანქცირებულმა დანახარჯმა შეადგინა 4752.40 ევრო, რის გამოც ბანკმა დაბლოკა ა.გ-შვილის ბარათი და, შესაბამისად, გაუქმდა აღნიშნული საბარათე ანგარიშიც. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადებისას ა.გ-შვილის გაეცნო და იგი დაეთანხმა ბარათებისა და საბანკო მომსახურების ზოგად პირობებსა და ტარიფებს, რის შედეგადაც აღნიშნული წესები მხარეთა შორის დადებული გარიგების ნაწილად იქცა. ხელშეკრულების თანახმად, ა.გ-შვილს უნდა ესარგებლა მის მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხით, თუმცა მას ასევე შეეძლო გამოეყენებინა ანგარიზე არსებულ თანხაზე მეტი. ასეთ შემთხვევაში, “ზოგადი პირობების” 6.1.-6.2. პუნქტებისა და დანართი ¹1-ის თანახმად, გახარჯული თანხის შევსებამდე მას უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი _ აღნიშნული თანხის წლიური 48%. ამავე წესების 5.4. პუნქტით კი ა.გ-შვილი თავად იყო პასუხისმგებელი ნებისმიერ ტრანზაქციაზე. პალატის მითითებით, ოვერდრაფტი, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ერთგვარი ფორმა, სარგებლის ნაწილში შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით გათავლისწინებულ მოთხოვნებს, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ა.გ-შვილისათვის მოთხოვნილი თანხის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს როგორც მხარეთა შორის დადებული გარიგება, ისე სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი და 868-ე მუხლის პირველი ნაწილი. პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება სს “კ.-ის” მიერ ბარათის მოქმედების შეჩერების ვალდებულების თაობაზე, რადგანაც აღნიშნული ეწინააღმდეგება “ზოგად პირობებს”, ამასთან აღნიშნული პირობების 5.1. და 5.2 პუნქტების მოთხოვნიდან გამომდინარე, ბარათის მოქმედების შეჩერება ბანკის უფლებაა და არა ვალდებულება, რადგანაც ა.გ-შვილს იგი არ დაუკარგავს და არც სხვა გზით გასულა მისი მფლობელობიდან, ხოლო თავად მოქმედების შეჩერების მოთხოვნით მან ბანკს მიმართა არა წერილობით, არამედ ზეპირი ფორმით. სასამართლომ მიუთითა, რომ ასეთ პირობებში ბარათის მოქმედების შეჩერება წინააღმდეგობაში იქნებოდა “ზოგადი პირობების” მე-6 მუხლთან, ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ კრედიტორის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად მოვალეს არავითარი ზომა არ მიუღია არასანქცირებული ოვერდრაფტის აღსაკვეთად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-შვილმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თერჯოლის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, ასევე 105-ე მუხლის მეორე ნაწილი და 140-ე მუხლი რადგანაც არ შეაფასა რაინული სასამართლოს მიერ დაკითხული მოწმეების ჩვენება, როგორც მტკიცებულება, მაშინ, როდესაც მოწმეების _ ლ. წ-ძისა და მ. მ-ძის ჩვენებებით დადასტურდა კასატორის მიერ ბანკისათვის მიმართვა სექტემბრის ბოლოდსა და ოქტომბრის თვის დასაწყისში საბარათე ანგარიშის დაბლოკვის მოთხოვნით, რა დროსაც ბანკს არ განუმარტავს ა.გ-შვილისათვის, რომ საბარათე ანგარიშის დაბლოკვისათვის სავალდებულო იყო წერილობითი ფორმით მიმართვა. “ზოგადი პირობების” მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით ბარათის მოქმედების შეჩერების საფუძვლად მითითებულია ბარათის მფლობელის მიერ აღნიშნული პირობების დარღვევა ან ბანკის დასაბუთებული ვარაუდი ბარათის არასანქცირებული გამოყენების თაობაზე. კასატორისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულია ის გარემოება, რომ ა.გ.-მა ბანკს ანგარიშის დაბლოკვის მოთხოვნის თაობაზე აცნობა, რაც სავალდებულოს წარმოადგენდა სს “კ.-სათვის” სადავო საბარათე ანგარიშის გასაუქმებლად. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ბანკის უფლებად და არა ვალდებულებად, ამასთან 2009 წლის თებერვალში, საბარათე ანგარიშის გაუქმების დროს ა.გ-შვილს ბანკისათვის წერილობით არ მიუმართავს და ანგარიშის დაბლოკვა განხორციელდა ბანკის ინიციატივით, მაშინ, როცა “ზოგადი პირობების” თანახმად, ანგარიშის გასაუქმებლად საჭირო იყო წერილობითი მოთხოვნა. აღნიშნულით დასტურდება, რომ ბანკმა თავად შეუწყო ხელი ზიანის როგორც დადგომას, ისე მისი ოდენობის გაზრდას, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის დანაწესი. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე რთული ეკონომიკური პირობების გამო, თუმცა მხარეს ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ა.გ-შვილს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

დადგენილ ვადაში კასატორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, განმარტა, რომ განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ შეძლო და იშუამდგომლა აღნიშნული ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა.გ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 7 (შვიდი) დღით და დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების _ 3158.152 ევროს ეკვივალენტი ეროვნული ლარის 5%-ის _ 157.90 ევროს ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა კასატორს 2010 წლის 6 იანვარს (იხ. ს.ფ. 169). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ა.გ-შვილს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინებით გაუგრძელდა რა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა, მხარეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების _ 3158.152 ევროს ეკვივალენტი ეროვნული ლარის 5%-ის _ 157.90 ევროს ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება გაიგზავნა კასატორის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ადრესატს 2010 წლის 6 იანვარს (იხ. ს.ფ.169).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 7 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 13 იანვარს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. გ-შვილი საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.