საქმე ¹ას-1100-1364-09 25 იანვარი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჯ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით სესხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჯ-ძის მიმართ უძრავი ნივთის რეალიზაციის, ასევე ქ. დ-ძესთან დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის _ 5200 აშშ დოლარისა და ყოველთვიურად მისი 4%-ის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:Lნ.ა-ძესა და ქ.დ-ძეს შორის გაფორმდა 5200 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ქ.დ-ძემ ვალდებულება იკისრა, ხსენებული თანხა დაებრუნებინა სამი თვის შემდეგ, თუმცა მან თანხა ვერ დააბრუნა და შეჰპირდა, რომ სესხს გადაუხდიდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში მდებარე ბინის გასხვისების შემდეგ. მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, ნ.ა-ძემ მოითხოვა აღნიშნულ ბინაზე ყადაღის დადება, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ უძრავი ნივთი უკანონოდ მიითვისა მოპასუხემ.
მ. ჯ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ა-ძის მიმართ მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე შეგებებული სარჩელის ავტორის კუთვნილ უძრავ ნივთზე ყადაღის დადებით გამოწვეული ზიანის _ 4000 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი მოტივებით: სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქ.დ-ძეს დაეკისრა მ.ჯ-ძის სასარგებლოდ 28 000 აშშ დოლარის გადახდა. 2006 წელს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში მდებარე ბინა გასხვისდა აუქციონზე, სადაც დაბარებულ იქნა ქ.დ-ძის ყველა კრედიტორი. აღნიშნულ აუქციონზე მოსარჩელე მიწვეული არ ყოფილა, ვინაიდან მის სასარგებლოდ თანხის ანაზღაურების შესახებ სააღსრულებო ფურცელი გაიცა მითითებული აუქციონის ჩატარების შემდეგ. მ.ჯ-ძემ სადავო ბინა შეიძინა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მითითებულ უძრავ ნივთზე ყადაღის დადებით მიადგა მატერიალური ზიანი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ძის სარჩელი მ. ჯ-ძის მიმართ ქ.ქუთაისში, ... ქ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეალიზაციის, მის შედეგად მიღებული თანხიდან ვალის _ 5200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარისა და ყოველთვიურად ძირითადი ვალის 4%-ის დარიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე უარი ეთქვა მ. ჯ-ძის შეგებებულ სარჩელს ნ. ა-ძის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის _ 4000 ლარის დაკისრების თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ნ. ა-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ნ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლო დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: ნ. ა-ძემ ქ. დ-ძეს სამი თვით ასესხა 5200 აშშ დოლარი და შეჰპირდა, რომ თანხის დროულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში სესხს აუნაზღაურებდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹5-ში მდებარე კუთვნილი ბინის რეალიზაციის გზით. ქ. დ-ძეს გააჩნდა ასევე მ. ჯ-ძის ვალი, რომლის მოთხოვნის საფუძველზე, უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის შესახებ 2006 წლის 14 მარტის აქტის მიხედვით, ზემოხსენებული ბინა გადავიდა მ.ჯ-ძის საკუთრებაში. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის ¹407898 საქმეზე წარმოება შეწყდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან ნ. ა-ძის მიმართ მ. ჯ-ძის თაღლითობის ფაქტი ვერ დადგინდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით და მიუთითა, რომ ნ.ა-ძესა და მ.ჯ-ძეს შორის სადავო თანხის თაობაზე რაიმე ხელშეკრულება არ დადებულა. პალატამ მიიჩნია, რომ ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მ. ჯ-ძეს ნ. ა-ძის მიმართ არ ეკისრებოდა და აუქციონზე სახლის შეძენა აპელანტის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების საფუძველს არ წარმოადგენს მით უფრო, რომ იგი ვერ უთითებს, თუ რა კონკრეტული დარღვევებით ჩატარდა აუქციონი. პალატის მითითებით, ამავე კოდექსის 992-ე მუხლით კანონმდებელი ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის მართლსაწინააღმდეგო ქმედების სათანადო მტკიცებულებით დადასტურების აუცილებლობას. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ.ა-ძემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, უქციონზე სახლის ყიდვით მ. ჯ-ძე გეგმავდა მისთვის ზიანის მიყენებას. სამოქალაქო კოდექსის 984-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მ.ჯ-ძე მის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რადგან საქმის მასალებით დადგინდა შემდეგი: სადავო უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე აუქციონი ჩატარდა 2006 წლის 14 მარტს. ამავე ბინას ნ.ა-ძის განცხადების საფუძველზე ყადაღა დაედო 2007 წლის 29 ოქტომბერს. აუქციონის აქტის თანახმად, მ.ჯ-ძესთან ერთად აუქციონში მონაწილეობდნენ სხვა მევალეებიც. ნ.ა-ძე აუქციონს არ დასწრებია და სააღსრულებო ბიუროში არც სააღსრულებო ფურცელი არ წარუდგენია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გააუქმა მოცემულ დავასთან დაკავშირებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან, ნ.ა-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლიდან გამომდინარე, არსებობდა სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ა-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, ვინაიდან შეფასების გარეშე დატოვა მ. ჯ-ძის მიერ მოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენაში ხელშეშლის ფაქტი. სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მხარე მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ მ.ჯ-ძემ, პირადი დაინტერესებიდან გამომდინარე, ქ.დ-ძის კუთვნილი 45 000 აშშ დოლარად ღირებული ბინა განზრახ აუქციონზე შეაფასა დაბალ ფასად _ 25 000 აშშ დოლარად. კასატორმა მოითხოვა მითითებული ბინის ღირებულების დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა, მ.ჯ-ძის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, აღნიშნული ვერ მოხერხდა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება მ.ჯ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თაღლითობის ფაქტის დაუდასტურებლობის მოტივით და მტკიცებულებად არ მიიღო ნ.ა-ძის მიერ ამ დადგენილებაზე საქართველოს პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის, იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის სახელზე შედგენილი საჩივარი, რომელზეც ამჟამად საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ნ. ა-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ა-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით სესხის დაბრუნების მართლზომიერება. ასევე კასატორი საკასაციო საჩივრით სადავოდ მიიჩნევს აუქციონზე რეალიზებული უძრავი ნივთის ღირებულების განსაზღვრასა და სისხლის სამართლის საქმეზე წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გაზიარებისას ამავე დადგენილებაზე შეტანილი საჩივრის შეუფასებლობას. აღნიშნულ საკითხებზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველ ნაწილებს, 394-ე მუხლის პირველ ნაწილს, 992-ე მუხლს, 412-ე მუხლს, 984-ე მუხლის პირველ ნაწილს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.