ას-110-104-2010 26 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ს-ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს-ის” მიმართ, 2008 წლის 29 თებერვლის ¹167 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს _ 10325 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 29 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც შემსყიდველსა და მიმწოდებელ შპს „ს-ს“ შორის დაიდო ¹167 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საფუძველზე შპს „ს-მა” ვალდებულება იკისრა, დაესუფთავებინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შენობა და მიმდებარე ტერიტორია. სანაცვლოდ მოსარჩელეს მოპასუხისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 10 325 ლარი. ინსპექტორების ჯგუფის დასკვნის თანახმად, მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, ტერიტორიას უხარისხოდ უვლიდა და ასუფთავებდა. აღნიშნულის გამო, ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, შპს „ს-ს“ დაეკისრა პირგასამტეხლო 10 325 ლარის ოდენობით და შეწყდა მასთან ხელშეკრულება. მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა, რათა გადაეხადა პირგასამტეხლო, მაგრამ მას ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ნაწილობრივ აღიარებს სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და თანახმაა, გადაიხადოს მხოლოდ 3 000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “ს-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „ს-ს“ შორის 2008 წლის 29 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹167 ხელშეკრულება დამკვეთის ბალანსზე რიცხული შენობების სამუშაო, არასამუშაო ფართის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-დასუფთავების თაობაზე. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, ჩატარებულ სამუშაოებზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები ადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელშიც უნდა აისახებოდა გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა, შესრულებული სამუშაოს, გამოყენებული სათადარიგო ნაწილების, სახარჯი მასალების რაოდენობა და/ან მოცულობა, ფასი და საერთო ღირებულება. მიღება-ჩაბარების აქტს უნდა დართვოდა შემსრულებლის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა. ამავე ხელშეკრულების 2.10 პუნქტის თანახმად, დამკვეთი უფლებამოსილი იყო, ჩაეტარებინა გაწეული მომსახურების ინსპექტირება უფლებამოსილი პირების _ ფინანსურ პოლიციაში შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროს სპეციალისტ მ. ბ-შვილის მეშვეობით.
ხელშეკრულების საერთო პირობების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება ჰქონდა, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განეხორციელებინა კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში და/ან ტექნიკურ დავალებაში ასახული შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მათ შორის, მოეხდინა მომსახურების ხარისხის პერიოდული ინსპექტირება. ამავე მუხლის 7.5 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველს შეუძლია, უარი განაცხადოს შესყიდვების ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპის) მიღებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ შუალედური კონტროლის შედეგები დადებითი იყო.
სააპელაციო სასამართლომ საგამოძიებო დეპარტამენტის ადმინისტრაციის მთავარ სპეციალისტ მ.ბ-შვილის მიერ შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის ¹490 დასკვნით დაადგინა, რომ 2008 წლის ივლისში მოპასუხის მომსახურება არადამაკმაყოფილებელი იყო, რაც გამოიხატა ტერიტორიის უხარისხო მოვლა-დასუფთავებაში, სველი წერტილების, სარდაფის დეზინფექციისა და დერატიზაციის შეუსრულებლობაში, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევაში, კიბის უჯრედის, სარდაფის, ლიფტის, იატაკის ყოველდღიურად მოუვლელობაში. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ აღნიშნული დასკვნა ზუსტ წარმოდგენას არ იძლევა შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებაზე, მიყენებული ზიანის ოდენობაზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად ადეკვატური იყო ხელშეკრულების 5.6 პუნქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიყენებული ზიანის ოდენობასთან მიმართებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი და შემსრულებლის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა არ წარუდგენია, რაც პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გათვალისწინებით ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების, შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების თაობაზე ნათელ წარმოდგენას შეუქმნიდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, პალატა დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 5.6 პუნქტის თანახმად, დამკვეთი უფლებამოსილი იყო, შემსრულებლის მიერ არსებული ვალდებულების, მომსახურების არაჯეროვნად შესრულების ან შეუსრულებლობისას არ აენაზღაურებინა შესრულებული მომსახურების ღირებულება და დაეკისრებინა საურავი ასანაზღაურებელი თანხის ერთი თვის ოდენობით, მაგრამ სასამართლომ არ გაიზარა მოსაზრება, რომ მოპასუხე აღიარებდა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საშუალებას აძლევდა, დაეკისრებინა ვალდებულების დამრღვევისათვის საურავი ასანაზღაურებელი თანხის ერთი თვის ოდენობით. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო უფლებები უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების მართლზომიერი გამოყენება, უმთავრესად, გულისხმობს უფლების განხორციელებას კანონის, კეთილსინდისიერების, მორალისა და საჯარო წესრიგის მოთხოვნათა შესაბამისად.
პალატამ დასაბუთებულად ჩათვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალსწინებული პირგასამტეხლო ერთი თვის საზღაურის – 10 325 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ დიდ სანქციას წარმოადგენდა იმ დარღვევისათვის, რაც მოპასუხემ ჩაიდინა. განსახილველ შემთხვევაში ბალანსი კრედიტორის უფლებასა და მოვალის ვალდებულებას შორის აშკარად კრედიტორის მხარეს იყო, რაც არამართლზომიერია. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 414-ე მუხლის პირველი წინადადების, 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად პალატამ ჩათვალა, რომ ხელშეკრულების 5.6 პუნქტით სპეციფიკური პირობის _ საურავის ოდენობის განსაზღვრის ფაქტი არ გამორიცხავს ამავე კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას და, მართალია, მხარეებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი, როცა ამას მხარის ინტერესი საჭიროებს. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხემ აღიარა ნაწილი სამუშაოს არაჯეროვანი შესრულება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, საქალაქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას მართებულად დაუდო საფუძვლად. ინსპექტირების აქტისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის აღიარებით სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 5.6 პუნქტით განსაზღვრული საურავის ოდენობა არსებული ზიანის არაადეკვატური იყო. შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტმა ვერ წარადგინა, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა მისი ოდენობა, რადგან აპელანტის ინტერესების უპირატესობა არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ეფუძნებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხის სრულად დაკისრება გამოიწვევდა მის უსაფუძვლო გამდიდრებას, რადგან სადავო თანხა შეუსაბამოდ აღემატება იმ ზიანს, რომელიც შპს „ს-მა“ კასატორს მიაყენა. პალატამ უგულებელყო მხარეთა შორის 2008 წლის 29 თებერვალს დადებული ¹167 ხელშეკრულების 5.6 მუხლი და 2009 წლის 1 აპრილს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე შპს “ს-ის” დირექტორის აღიარება ვალდებულების დარღვევის შესახებ, რაც უფლებას მოწინააღმდეგე მხარისათვის ერთი თვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობით საურავის დაკისრების საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხის დაკისრება გამოიწვევდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას, რადგან იგი შეუსაბამოდ აღემატება იმ ზიანს, რომელიც შპს „ს-მა“ მოსარჩელეს მიაყენა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება მიყენებული ზიანის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ითვალისწინებდა, არამედ გარიგებით შესაბამისი თანხის ოდენობა ცალსახად განისაზღვრა, რასაც მოპასუხე ხელმოწერით დაეთანხმა. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „ს-ს“ შორის 2008 წლის 29 თებერვლის ¹167 ხელშეკრულების მე-2 და მე-5 მუხლი ნათლად განსაზღვრავს მხარეთა ვალდებულებებს. შპს „ს-მა“ აღნიშნული პირობები არ შეასრულა, რის გამოც მას უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის მიყენებულ ზიანთან შეუსაბამოების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.