¹ას-1102-1366-09 1 თებერვალი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ თ. უ-ელი, დ. დ-იანი (მოსარჩელეები, მესამე პირები მ. და თ. გ-ძეების სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარეები _ მ. და თ. გ-ძეები (მოსარჩელეები)
მოპასუხეები _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე მ. და თ. გ-ძეების სარჩელში); ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე დ. დ-იანისა და თ. უ-ელის სარჩელში)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 17 ივლისს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მ. და თ. გ-ძეებმა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის _ თ. უ-ელის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2008 წლის 3 ივნისს ზესტაფონში, ... ქუჩის ¹5-ში მდებარე ¹22 ბინაზე დ. დ-იანსა და თ. უ-ელს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (საჯარო რეესტრში განაცხადის რეგისტრაციის ¹...) ბათილად ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 2-12).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება დ. დ-იანი. სასამართლოს აღნიშნულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა: 2008 წლის 3 ივნისს ზესტაფონში, ... ქუჩის ¹5-ში მდებარე ¹22 ბინაზე დ. დ-იანსა და თ. უ-ელს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ...) ბათილად ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 102).
2008 წლის 29 ოქტომბერს მ. და თ. გ-ძეებმა იმავე სასამართლოში წარადგინეს ახალი სასარჩელო განცხადება, სადაც მოპასუხედ კვლავ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო მესამე პირებად თ. უ-ელი და დ. დ-იანი დაასახელეს. ამჯერად, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა: საჯარო რეესტრში დ. დ-იანის საკუთრების უფლების რეგისტრაციის (რეგისტრაციის ¹...), თ. უ-ელის საკუთრების უფლების მოწმობის, აგრეთვე 2008 წლის 3 ივნისს დ. დ-იანსა და თ. უ-ელს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 1-10).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელებით აღძრული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ტომი 1, ს.ფ. 25).
მოსარჩელეთა მოთხოვნების საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
1974 წლის 13 მარტს გაცემული ¹6 ორდერის თანახმად, ზესტაფონში, ... ქუჩაზე მდებარე სამოთახიანი ბინა მიიღო კ. გ-ძემ. ორდერში ჩაწერილი იყვნენ ოჯახის წევრები: მეუღლე _ ქ., შვილები _ თ., მ. და ვ. გ-ძეები. 1975 წელს დაოჯახდა თ. გ-ძე, თუმცა იმის გამო, რომ მშობლები ავად იყვნენ, იგი ძირითადად მათთან ცხოვრობდა. 1987 წელს მ. გ-ძე გათხოვდა ჭიათურის რაიონის სოფელ ..., მაგრამ ფაქტობრივად ისიც ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, სამოთახიან ბინაში. მოსარჩელეების დედა _ ქ. გ-ძე გარდაიცვალა 1986 წლის 11 აპრილს, ხოლო მამა, კ. გ-ძე _ 1988 წლის 25 ოქტომბერს. 1990 წელს მოსარჩელეების ძმამ, ვ. ცოლად შეირთო დ. დ-იანი. მათ შეეძინათ ორი შვილი _ ნ. და დ. გ-ძეები. 2001 წელს დ. დ-იანი გაშორდა ქმარს, მიატოვა შვილი დ. და მეორე შვილთან ერთად წავიდა ოჯახიდან. მოსარჩელეები უვლიდნენ ძმას, ვ.-ს, რადგან იყო მძიმე ავადმყოფი და ასევე ეხმარებოდნენ შვილის გაზრდაში. 2006 წლის 25 მაისს ვ. გ-ძე გადაიცვალა. ძმის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელეების თხოვნით, დ. დ-იანი დაბრუნდა ოჯახში.
2008 წლის 27 მაისს მოსარჩელეებმა შემთხვევით გაიგეს, რომ დ. დ-იანი ყიდდა ბინას. მეორე დღესვე მათ წერილობით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას, პოლიციას. მოსარჩელეებმა გამგეობიდან შეიტყვეს, რომ დ. დ-იანს განუხორციელებია სადავო ბინის თავის სახელზე პრივატიზაცია, რაზედაც მუნიციპალიტეტის გამგეობას მიუღია ბრძანება ¹465 დ. დ-იანისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში ბინის გადაცემის შესახებ. შესაბამისად, ბინაზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა ¹45(465). დ. დ-იანმა 2008 წლის 3 ივნისს ბინა გაასხვისა თ. უ-ელზე.
მოსარჩელეთა მტკიცებით, თ. უ-ელმა იცოდა, რომ ბინა იყო სადავო, მაგრამ მაინც შეიძინა. აქედან გამომდინარე, იგი ვერ მიიჩნეოდა კეთილსინდისიერ მყიდველად. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2008 წლის 8 ივლისს გამოსცა ¹558 ბრძანება და ბათილად ცნო ¹465 ბრძანება დ. დ-იანისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში ბინის გადაცემის შესახებ, აგრეთვე ¹45(465) საკუთრების მოწმობა. აღნიშნულის გამო, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ თ. უ-ელსა და დ. დ-იანს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (საჯარო რეესტრში განაცხადის რეგისტრაციის ...) ბათილად ცნობა ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 2-12).
2008 წლის 5 ნოემბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სარჩელი წარადგინეს დ. დ-იანმა და თ. უ-ელმა მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 8 ივლისის ¹558 ბრძანების ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან. აღნიშნული ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 23 მაისის ¹65 ბრძანება დ. დ-იანისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში ბინის გადაცემის შესახებ, აგრეთვე ამ უკანასკნელის სახელზე გაცემული 2008 წლის 23 მაისის ¹45 საკუთრების უფლების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 2-11).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დ. დ-იანისა და თ. უ-ელის სარჩელით აღძრული საქმე მ. და თ. გ-ძეების სარჩელებით აღძრულ ზემომითითებულ საქმესთან ერთად გაერთიანდა ერთ წარმოებად (ტომი 2, ს.ფ. 143).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. და თ. გ-ძეების სარჩელი საჯარო რეესტრში დ. დ-იანის საკუთრების უფლების რეგისტრაციის, ამ უკანასკნელსა და თ. უ-ელს შორის 2008 წლის 3 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, თ. უ-ელის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; დ. დ-იანის სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე ასევე არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობის გამო; თ. უ-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 8 ივლისის ¹558 ბრძანება, რომლითაც თავის მხრივ ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 23 მაისის ¹465 ბრძანება დ. დ-იანისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში ბინის გადაცემის შესახებ და იმავე წლის 23 მაისის ¹45 საკუთრების უფლების მოწმობა (ტომი 2, ს.ფ. 162-165).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თ. და მ. გ-ძეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 175-184).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოთხოვნა დ. დ-იანსა და თ. უ-ელს შორის 2008 წლის 3 ივნისს დადებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების, აგრეთვე თ. უ-ელის საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი 2, ს.ფ. 226-229).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინებით ზემოაღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე წარმოება შეჩერდა თ. უ-ელისა და დ. დ-იანის მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 8 ივლისის¹558 ბრძანების ბათილობის მოთხოვნით აღძრულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ტომი 2, ს.ფ. 261-265).
მას შემდგომ, რაც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე (რომლის გადაწყვეტამდეც შეჩერებული იყო თ. და მ. გ-ძეების სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის წარმოება) 2009 წლის 20 თებერვალს ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება და იგი შევიდა კანონიერ ძალაში, მოცემული საქმის წარმოება განახლდა (ტომი 2, ს.ფ. 279-280).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. და თ. გ-ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. და მ. გ-ძეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მათი სარჩელი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, დ. დ-იანსა და თ. უ-ელს შორის 2008 წლის 3 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, აგრეთვე თ. უ-ელის საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა დ. დ-იანსა და თ. უ-ელს შორის 2008 წლის 3 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, თ. უ-ელის საკუთრების უფლების მოწმობა ¹321007012 და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სააპელაციო სასამართლომ უწინარესად მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე. დასახელებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. და მ. გ-ძეების სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაცია ზესტაფონში, ... ¹5-ში მდებარე ბინა 86-ის დ. დ-იანის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით თ. უ-ელის სარჩელი 2008 წლის 8 ივლისის ¹358 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. და თ. გ-ძეებს არ დაუკარგავთ ფართზე უფლება, საქმეში არსებული ორდერის საფუძველზე იყვნენ სადავო ბინის მოსარგებლეები და დ. დ-იანთან ერთად გააჩნდათ შესაბამისი წილის ნაწილში სადავო ბინაზე მოთხოვნის უფლება. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად დ. დ-იანზე სადავო ბინის საკუთრებაში გადასაცემად წარდგენილი უნდა ყოფილიყო აპელანტთა ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობები მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის საგნის სადავოობის თაობაზე ცნობილი იყო მყიდველისათვის _ თ. უ-ელისათვის. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებულ თ. უ-ელის განმარტებაზე, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ დ. დ-იანთან ერთად მივიდა გამგეობაში, სადაც ნახა თანამშრომელი ე. ბ-ძე, მან უთხრა, რომ თავი შეეკავებინა ნასყიდობისაგან. ამის შემდეგ გავიდა ორი კვირა, იმ მომენტისათვის კანონიერი მფლობელი იყო დ. დ-იანი, არავინ არ გამოჩენილა და თვენახევრის შემდეგ გადაიფორმა სახლი. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სასამართლო სხდომაზე დ. დ-იანის განმარტებაზე, რომ მისთვის ცნობილი იყო 27 მაისს თ. და მ. გ-ძეების მიერ დავის წამოწყების თაობაზე; დ. დ-იანის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ თ. უ-ელი მისული იყო მუნიციპალიტეტის გამგეობაში, უშუალოდ ესაუბრა გამგეობის იურისტ ე. ბ-ძეს, მას განუმარტეს, რომ დროებით თავი შეეკავებინა სადავო ბინის ყიდვისაგან. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა უ-ელი დარწმუნდა, რომ არ არსებობდა არანაირი ინფორმაცია ან განცხადება ბინის სადავოობის თაობაზე, მან ბინა შეიძინა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. დ-იანსა და თ. უ-ელს შორის 2008 წლის 3 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაირღვა კანონი, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ამ გარიგების ბათილობის საფუძველს წარმოადგენდა. კანონის აღნიშნული ნორმის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წერიგს ან ზნეობის ნორმებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი იძლევა კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვის გარანტიებს, მაგრამ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე თ. უ-ელი კეთილსინდისიერ შემძენად ვერ მიიჩნეოდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და თავად თ. უ-ელის განმარტებაც უტყუარად ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მან იცოდა ბინის სადავოობის თაობაზე და მაინც შეიძინა იგი, რაც შემძენის კეთილსინდისიერებას გამორიცხავდა (ტომი 2, ს.ფ. 306-312).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს თ. უ-ელმა და დ. დ-იანმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მათი მოთხოვნები საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, დ. დ-იანსა და თ. უ-ელს შორის 2008 წლის 3 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, აგრეთვე თ. უ-ელის საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდება.
კასატორები ყურადღებას მიაქცევენ იმ გარემოებას, რომ დ. დ-იანისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას წინ უძღოდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 23 მაისის ბრძანება დ. დ-იანისათვის უსასყიდლოდ ბინის გადაცემის შესახებ და ამ უკანასკნელის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის ¹45/465 გაცემა. ამის შემდგომ, 2008 წლის 3 ივნისს, დ. დ-იანსა და თ. უ-ელს შორის დაიდო გარიგება ბინის ნასყიდობის თაობაზე, რის შედეგადაც თ. უ-ელი კანონის სრული დაცვით საჯარო რეესტრში აღირიცხა სადავო ბინის მესაკუთრედ. 2008 წლის 8 ივლისს, თ. უ-ელის მიერ ბინის მესაკუთრედ აღრიცხვიდან თითქმის ერთი თვის გასვლის შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა ¹558 ბრძანება, რომლითაც ბათილად ცნო მის მიერვე მიღებული ბრძანება ბინის დ. დ-იანისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ და ¹45/465 საკუთრების მოწმობა. გამგეობის მხრიდან დასახელებული ბრძანების მიღების ფაქტი თ. უ-ელისათვის არავის შეუტყობინებია, შესაბამისად, იგი არც მოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით წარმოებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მიუწვევიათ, მაშინ როდესაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას ადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქონების შეძენამდე თ. უ-ელი ცდილობდა გაერკვია მასზე საკუთრების უფლების რეალური მდგომარეობა. კომპეტენტურ ორგანოებში არსებული მონაცემებით საკუთრების სადავოობა არ დასტურდებოდა. შესაბამისად, თ. უ-ელს აღნიშნული არ შეიძლებოდა სცოდნოდა და იგი კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენს.
კასატორები მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 185-ე, 187-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე; შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ არის კეთილსინდისიერი. კასატორთა აზრით, თ. უ-ელთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა შემძენის კეთილსინდისიერება (ტომი 2, ს.ფ. 326-334).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. უ-ელისა და დ. დ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, თ. უ-ელისა და დ. დ-იანის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე თ. უ-ელსა და დ. დ-იანს უნდა დაუბრუნდეთ თ. უ-ელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1422 ლარი) 70% _ 995.4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. უ-ელისა და დ. დ-იანის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. თ. უ-ელსა და დ. დ-იანს დაუბრუნდეთ 2009 წლის 8 დეკემბერს თ. უ-ელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1422 ლარი) 70% _ 995.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.