Facebook Twitter

ას-1105-1369-09 20 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ გ., ს. დ-ები, ბ., გი., ქ. დ-ები (კანონიერი წარმომადგენელი _ ს. კ-შვილი, ნ. ი-ძე), ს. კ-შვილი, ნ. ი-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ნ.ს-ძე, ნ.ლ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ბ-შვილი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ლ.ტ-შვილი, მ.ა-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. და ს. დ-ების, გი., ქ., ბ. დ-ების, ს. კ-შვილისა და ნ. ი-ძის მიმართ უკანონო მფლობლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავებით მიყენებული ზიანის _ 3000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე ცხოვრობდა სიღნაღის რაიონის სოფელ .... ოჯახური პირობების გამო, იგი იძულებული გახდა, მეუღლესთან, რძალსა და შვილიშვილთან ერთად დროებით საცხოვრებლად გადასულიყო ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹88-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, მაშინ, როცა მის საკუთრებაში არსებულ, მემკვიდრეობით მიღებულ ბინაში ცხოვრობენ მისი დედინაცვლის ნათესავები _ გ. და ს. დ-ები. 1996 წელს მან სასამართლო წესით მოითხოვა კუთვნილი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, მაგრამ სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მოპასუხეების _ ს. და გ. დ-ების შეგებებული სარჩელის საფუძველზე, ისინი ცნობილ იქნენ ქ.რუსთავში, ... ¹4-ში მდებარე საცხოვრებელ ფართზე უფლებამოპოვებულად. ამჟამად ზ.ბ-შვილის საცხოვრებელი პირობები უკიდურესად დამძიმდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსათვის. მიწის ნაკვეთი და მასზე აგებული სადავო ბინა 1996 წლისათვის იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, დღეისათვის კი, როგორც მიწის ნაკვეთი, ისე მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში მის სახელზეა აღრიცხული. ამასთან, მოპასუხეებს მიწის ნაკვეთის ფლობის უფლება რაიმე ფორმით, მათ შორის არც სასამართლო გადაწყვეტილებით არ მოუპოვებიათ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-შვილს უარი ეთქვა იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მითითებული გადაწყვეტილებით გ. და ს. დ-ები ოჯახებთან ერთად ცნობილ იქნენ სადავო ფართზე უფლებამოპოვებულად. ასევე დადასტურდა, რომ 1974 წლიდან ს. და გ. დ-ები ქ.რუსთავში საცხოვრებლად ჩამოიყვანა მათმა დეიდამ _ თ. ხ-შვილმა, რომლის მეუღლე აწარმოებდა სადავო სახლის მშენებლობას. მოპასუხეები დაეხმარნენ მას როგორც ფიზიკური ასევე მატერიალური თვალსაზრისით. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ხ-შვილ-ბ-შვილს ნ. ხ-შვილთან და მის ოჯახთან ურთიერთობა არ ჰქონდა. იგი ნ. ხ-შვილს შვილად არასდროს უცვნია და მოსარჩელემ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოახერხა მამობის ფაქტის დადგენა, რაც მემკვიდრეობის მისაღებად იყო საჭირო. დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც, ვინაიდან მოსარჩელეს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა რუსთავის სასამართლოს 1996 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი მფლობელობის უფლება მოპასუხეების _ ს. და გ. დ-ების, ასევე მათი ოჯახის წევრების სასარგებლოდ, მოპასუხე ს., გ., გი., ქ., ბ. დ-ების, ს. კ-შვილისა და ნ. ი-ძის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.რუსთავში, ... ¹4-ში მდებარე უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ს., გ., გი., ქ., ბ. დ-ებმა, ს. კ-შვილმა და ნ. ი-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ზ. ბ-შვილის სახელზე ირიცხება მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 209 კვ.მ სასარგებლო ფართისა და 545 კვ.მ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სახლი. რუსთავის სასამართლოს 1996 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. და ს. დ-ები, მეუღლეებსა და შვილებთან ერთად, ცნობილ იქნენ სადავო საცხოვრებელ ფართზე უფლებამოპოვებულად. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ, მიუხედავად სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა და იმ ფაქტისა, რომ მოსარჩელეებს აღნიშნული უფლების რეგისტრაცია არ განუხორციელებიათ, მოპასუხეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება აღასრულეს, ვინაიდან დღემდე აგრძელებენ აღნიშნულ ფართში ცხოვრებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებულ ფართზე მოპოვებული უფლების, როგორც სანივთო უფლების სავალდებულო რეგისტრაციას არც ამჟამად და არც 1996 წლისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელები არიან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებლად ჩათვალა ზ.ბ-შვილის მითითება მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, ნაქირავებ ბინაში ცხოვრების შესახებ და ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო არგუმენტი აპელანტს არ წარმოუდგენია. პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლით კანონმდებელი ადგენს მესაკუთრის უპირატესობას ნივთთან მიმართებაში და აღნიშნული ვრცელდება ნივთის როგორც არამართლზომიერ, ისე მართლზომიერ (კეთილსინდისიერ) მფლობელზეც, ხოლო დასაბუთებულ პრეტენციაში მოიაზრება მესაკუთრის განაცხადი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საკუთარი ნივთი გამოიყენოს პირადი საჭიროებისამებრ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო ნივთის მართლზომიერ მფლობელებს, სასამართლოს მითითებით, მესაკუთრე ზ. ბ-შვილი უფლებამოსილია, მოპასუხეებს შეუწყვიტოს მფლობელობის უფლება მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სახლზე. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ზ.ბ-შვილის საკუთრების უფლება სადავო ბინაზე დადგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერით, ხოლო მოპასუხეებს შეუწყდათ სადავო ნივთზე მფლობელობა, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ კანონიერია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ს., გ., გი., ქ., ბ. დ-ებმა, ს. კ-შვილმა და ნ. ი-ძემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ კასატორები ცნო სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელად მიუხედავად სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის დანაწესისა და იმისა, რომ რუსთავის სასამართლოს 1993 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოპოვებული უფლება მათ არც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და არც საჯარო რეესტრში აღურიცხავთ. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებულ მესაკუთრის დასაბუთებულ პრეტენზიად სასამართლომ არასწორად მიიჩნია ზ.ბ-შვილის განმარტება მისი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის შესახებ და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ კასატორებს სადავო ნივთზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 17 დეკემბრის განჩინებით დადგენილი მართლზომიერი მფლობელობა უკანონოდ შეუწყვეტა. რაც შეეხება ზ. ბ-შვილის უპირატესობას სადავო ქონებასთან მიმართებით, მას სრული უფლება გააჩნია, გამოიყენოს სადავო ბინაზე თავისი საკუთრების უფლება კასატორთა მფლობელობის პარალელურად. მით უფრო, რომ სადავო უძრავი ქონება აშენებულია კასატორთა მიერ, ისინი წლების განმავლობაში უვლიან, აუმჯობესებენ მას, იხდიან ყველა სახის გადასახადს და სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. გ., ს., ბ., გი., ქ. დ-ები, ს. კ-შვილი და ნ. ი-ძე თანახმა არიან მოწინააღმდეგე მხარეს _ ზ. ბ-შვილს 2010 წლის 20 ივლისს გადაუხადონ 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო 6 თვის შემდეგ, 2011 წლის 20 იანვარს გადაუხადონ 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი.

2. ზ. ბ-შვილი თანახმაა კასატორებისაგან მიიღოს აღნიშნული თანხა, კერძოდ, მიიღოს 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი 2010 წლის 20 ივლისს, ხოლო 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი _ 2011 წლის 20 იანვარს.

3. მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ბ-შვილი იღებს ვალდებულებას კასატორებს გადასცეს ერთი თვის ვადაში საქართველოს ნებისმიერ ბანკში მის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება მორიგების პირობებით დადგენილი თანხა _ 17500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი.

4. კასატორები იღებენ ვალდებულებას 2011 წლის 20 იანვრამდე რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გამოიხმონ ¹2-7609 სამოქალაქო საქმე ზიანის ანაზღაურების შესახებ.

5. მორიგების პირობების შესრულების შემთხვევაში ზ. ბ-შვილი თანახმაა უძრავი ქონება, მდებარე ქ.რუსთავში, ... ¹4-ში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლებით აღირიცხოს გ. და ს. დ-ების სახელზე.

6. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ მორიგების პირობები დაირღვევა კასატორების მიზეზით, თანახმა არიან ნებაყოფლობით გამოათავისუფლონ სადავო უძრავი ქონება.

7. მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ბ-შვილი იღებს ვალდებულებას აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უარი თქვას ნებისმიერ დავაზე და მორიგების პირობების შესრულების შემთხვევაში კასატორების მიმართ არ ექნება არავითარი პრეტენზია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. კ-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2009 წლის 12 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება გ., ს. დ-ებს, ბ., გი., ქ. დ-ების კანონიერ წარმომადგენელებს _ ს. კ-შვილს, ნ. ი-ძესა და ზ. ბ-შვილს შორის შემდეგი პირობებით:

1. გ., ს. დ-ები, ბ., გი., ქ. დ-ების კანონიერი წარმომადგენელები _ ს. კ-შვილი და ნ. ი-ძე, ამავდროულად ს. კ-შვილი და ნ. ი-ძე, როგორც მხარეები, თანახმა არიან მოწინააღმდეგე მხარეს _ ზ. ბ-შვილს 2010 წლის 20 ივლისს გადაუხადონ 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო 6 თვის შემდეგ, 2011 წლის 20 იანვარს, გადაუხადონ 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი.

2. ზ. ბ-შვილი თანახმაა, კასატორებისაგან მიიღოს აღნიშნული თანხა, კერძოდ, მიიღოს 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი 2010 წლის 20 ივლისს, ხოლო 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი _ 2011 წლის 20 იანვარს.

3. მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ბ-შვილი იღებს ვალდებულებას კასატორებს ერთი თვის ვადაში გადასცეს საქართველოს ნებისმიერ ბანკში მის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება მორიგების პირობებით დადგენილი თანხა _ 17500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი.

4. კასატორები იღებენ ვალდებულებას 2011 წლის 20 იანვრამდე რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გამოიხმონ ¹2-7609 სამოქალაქო საქმე ზიანის ანაზღაურების შესახებ.

5. მორიგების პირობების შესრულების შემთხვევაში ზ. ბ-შვილი თანახმაა უძრავი ქონება, მდებარე ქ.რუსთავში, ... ¹4-ში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლებით აღირიცხოს გ. და ს. დ-ების სახელზე.

6. გ., ს. დ-ების, ბ., გი., ქ. დ-ების, ს. კ-შვილისა და ნ. ი-ძის მიერ მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი იღებენ ვალდებულებას ნებაყოფლობით გამოათავისუფლონ სადავო უძრავი ქონება.

7. მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ბ-შვილი იღებს ვალდებულებას აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უარი თქვას ნებისმიერ დავაზე და მორიგების პირობების შესრულების შემთხვევაში კასატორების მიმართ არ ექნება არავითარი პრეტენზია.

შეწყდეს საქმის წარმოება ზ. ბ-შვილის სარჩელის გამო გ. და ს. დ-ების, გი., ქ., ბ. დ-ების, ს. კ-შვილისა და ნ. ი-ძის მიმართ უკანონო მფლობლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავებით მიყენებული ზიანის _ 3000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

ს. კ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 2009 წლის 12 დეკემბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.