Facebook Twitter

ას-1107-1371-09 25 მაისი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები _ დ. ჩ-შვილი, თ. ლ-ძე, ნ. კ-ძე (მოსარჩელეები), ე. კ-ძე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით), წარმომადგენელი მ. პ-აია

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ფ-ძე, წარმომადგენელი ზ. თ-შვილი (მოპასუხე)

თანამოსარჩელე _ დ. უ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

სარჩელის დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა, თანასაკუთრებაში არსებული ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა

შუამდგომლობის საგანი _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინებით, დ. ჩ-შვილის, თ. ლ-ძის, ნ. კ-ძის, ე. კ-ძის საკასაციო საჩივრის განხილვის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2010 წლის 24 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა კასატორების _ დ. ჩ-შვილის, თ. ლ-ძის, ნ. კ-ძის, ე. კ-ძის წარმომადგენელმა მ. პ-აიამ, რომელმაც მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე, 261-ე, 404.2-ე მუხლების საფუძველზე საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილისა და 14 მაისის საოქმო განჩინებების გაუქმებისა და სასამართლო ხარჯების შესახებ.

შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას არ იქნა გამოცხადებული სასამართლოს გადაწყვეტილება მათ შუამდგომლობაზე მტკიცებულებათა გამოთხოვისა და სპეციალისტის მოწვევის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილისა და 14 მაისის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას. აგრეთვე, არ გადაწყვეტილა სასამართლო ხარჯების საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მოთხოვნის ირგვლივ სასამართლო გადაწყვეტილება არ გამოტანილა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს კანონის მითითებული ნორმით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ კასატორების შუამდგომლობის საკითხი არ გადაუწყვეტია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვის მიზნით მისცა მითითებები, რაც ასახულია განჩინების სამოტივაციო ნაწილში. ერთ-ერთი ასეთი მითითებაა, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მტკიცებულებათა მის მიერ გამოთხოვის საპროცესო შესაძლებლობის არსებობაზე და იმ შემთხვევაში შეაფასოს გამოთხოვილი მტკიცებულებები, ასევე მოწვეული სპეციალისტის მიერ ამ მტკიცებულებათა ირგვლივ მიცემული ახსნა-განმარტებები, თუკი ასეთი საპროცესო შესაძლებლობა არსებობს. ამასთან, საოქმო განჩინების გაუქმების კასატორის რეალური სამართლებრივი ინტერესი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ მოხდეს ამ მტკიცებულებათა შეფასება. ამისათვის არ არის აუცილებელი საოქმო განჩინების გაუქმება. ამდენად, ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას 2009 წლის 13 აპრილისა საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, ასეთი საკასაციო მოთხოვნა კასატორებს საკასაციო საჩივარში არ ჰქონიათ წარმოდგენილი.

რაც შეეხება სასამართლო ხარჯების საკითხს, არც ამ თვალსაზრისით არსებობს საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიერ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო შეცვლის ხარჯების განაწილებას, თუკი გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, მოცემულ შემთხვევაში კი საქმეზე ახალი გადაწყვეტილება არ გამოტანილა, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია საქმის განხილვასთან დაკავშირებით, შემდგომ ექვემდებარება შეჯამებასა და განაწილებას მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ამდენად, ამ ეტაპზე საკასაციო სასამართლო მოკლებულია სასამართლო ხარჯების საბოლოო განაწილების შესახებ მსჯელობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 2010 წლის 18 მაისის განჩინებაზე გამოტანილ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება;

დ. ჩ-შვილის, თ. ლ-ძის, ნ. კ-ძის, ე. კ-ძის წარმომადგენელ მ. პ-აიას შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

დ. ჩ-შვილის, თ. ლ-ძის, ნ. კ-ძის, ე. კ-ძის წარმომადგენელ მ. პ-აიას შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის საოქმო განჩინების გაუქმებისა და სასამართლო ხარჯების გადანაწილების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.