ას-1111-1018-2010 3 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ო. რ-ოვი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ი-კო
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ი-კომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. რ-ოვის მიმართ განქორწინების, ასევე 1995 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ა. რ-ოვისა და 2001 წლის 15 ივნისს დაბადებული ალ. რ-ოვის სასარგებლოდ ალიმენტის _ 100-100 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1993 წლიდან მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც მათ შეეძინათ ორი შვილი. წელიწადნახევრის წინ მეუღლეებს შორის ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა. ამ ხნის განმავლობაში მოპასუხე თავს არიდებს შვილების რჩენას. ო. რ-ოვის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 550 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება, რომ ო.რ-ოვის ხელფასია 550 ლარი, ფაქტობრივად, მისი ყოველთვიური შემოსავალი 100 ლარს არ აღემატება. ამასთან, მას ჰყავს პენსიონერი, ავადმყოფი დედა, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის სახით 200 ლარის დაკისრება გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ი-კოს სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა მოსარჩელე მ.ი-კოსა და მოპასუხე ო.რ-ოვს შორის 1993 წლის 15 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება სასამართლოს გადაწყვეტილების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის მომენტიდან, მოპასუხე ო.რ-ოვს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების _ ა. და ალ. რ-ოვების სასარგებლოდ საალიმენტო გადასახადი თითოეულისათვის თვეში 100 ლარის ოდენობით, სულ _ 200 ლარის გადახდა 2008 წლის ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ო.რ-ოვმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის განჩინებით საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და, ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის სექტემბრის განჩინებით ო. რ-ოვის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ო. რ-ოვისათვის არასრულწლოვანი შვილების, ა. და ალ. რ-ოვების სასარგებლოდ საალიმენტო გადასახადისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ო. რ-ოვს არასრულწლოვანი შვილების, ა. და ალ. რ-ოვების სასარგებლოდ, დაეკისრა საალიმენტო გადასახადი თითოეულზე თვეში 100 ლარის ოდენობით, სულ 200 ლარი 2008 წლის ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე და ო. რ-ოვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მ. ი-კოს სარჩელი ო. რ-ოვის მიმართ, განქორწინებისა და არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, მიღებულ იქნა წარმოებაში და 2009 წლის 19 მარტისათვის დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რომლის შესახებაც, კანონით დადგენილი წესით, ეუწყათ მხარეებს და მოწვეულ იქნენ მოსამზადებელ სხდომაზე;
იმის გამო, რომ ო. რ-ოვი 2009 წლის 19 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებაში მითითებული სამართლებრივი შეფასება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მხარეები სასამართლო უწყებით გაფრთხილებულნი იყვნენ მოსამზადებელი სხდომის თაობაზე, მოპასუხის თანხმობის გარეშე, საქმის განმხილველი სასამართლო არ იყო უფლებამოსილი საქმე მთავარ სხდომაზე განეხილა, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოდ მიიჩნია და დადგენილად ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე მთავარ სხდომაზე არასწორად განიხილა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229.1-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო რომც ყოფილიყო უფლებამოსილი ჩაეტარებინა მთავარი სხდომა, ამის თაობაზე მას მხარეებისათვის უნდა ეცნობებინა. ვინაიდან ო. რ-ოვი მთავარი სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა, აღნიშნული ცხადყოფს, რომ იგი სხდომაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით მოწვეული არ ყოფილა და, შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებები მას ვერ ეცნობებოდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233.1 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტებისა და 241-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ უნდა გაუქმებულიყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-382-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი საქმე არსებითად განეხილა, ვინაიდან განმარტა, რომ სარჩელის განხილვა და გადაწყვეტილება უკავშირდებოდა მხარეთა საპროცესო უფლებების სრულყოფილ რეალიზაციას, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციით განხილვის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმების დისპოზიციიდან გამომდინარე, შეზღუდული, ხოლო ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიცაა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საქმე განსახილველად უნდა დაბრუნებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. რ-ოვმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება საპროცესო ნორმების დარღვევებით მიიღო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი დეკემბრის განჩინებით ო. რ-ოვის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. რ-ოვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ო. რ-ოვის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. რ-ოვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს ფ/პ “ი. წ-ძის” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.