¹ას-1112-1019-2010 10 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. კ-ოვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ბ-იო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქორწინებისა და სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ბ-იომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ოვას მიმართ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ გაცემული ¹აა 4034507 (სააქტო ჩანაწერის ¹250) ქორწინების მოწმობის, ასევე ნოტარიუს ქ. ბ-შვილის მიერ 2005 წლის 4 აგვისტოს გაცემული ¹2-53 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერებში ცვლილების შეტანის _ ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე უძრავ ქონებასა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღრიცხვის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ ქორწინების მოწმობის გაყალბების ნაწილში ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქორწინების მოწმობა ¹აა 4034507, რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ სააქტო ჩანაწერით ¹250, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ქ.ბ-შვილის მიერ 2005 წლის 4 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ¹2-53, ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერი ქ.ბათუმში, ... ქ¹89-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ნ.კ-ოვას საკუთრების უფლების შესახებ, ამავე მისამართზე მდებარე 356.6 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 81.6 კვ.მ შენობა-ნაგებობა აღირიცხა ვ.ბ-იოს საკუთრებად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში ნ.კ-ოვას საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერის ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღრიცხვის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.კ-ოვამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ.კ-ოვას სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ოვამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 9 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ოვას მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების, ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ან ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
ნ. კ-ოვამ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-ოვას გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
ნ. კ-ოვამ კვლავ მომართა უზენაეს სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა ხარვეზისითვის დადგენილი ვადის გაგრძელება. მან წარმოადგინა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, შპს «ექსპრეს-აუდიტის“ მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება სადავო ქონების ფასი. კასატორის მიერ არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე მას არ წარმოუდგენია კანონით დადგენილი წესით შედგენილი საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-ოვას გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
ნ. კ-ოვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ არის მარტოხელა, ქვრივი, პატიმარი, არ აქვს საშუალება გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ოვას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 9 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ოვას მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების, ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ან ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
ნ. კ-ოვამ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-ოვას გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
ნ. კ-ოვამ კვლავ მომართა უზენაეს სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა ხარვეზისითვის დადგენილი ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-ოვას გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
ნ. კ-ოვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ არის მარტოხელა, ქვრივი, პატიმარი, არ აქვს საშუალება გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. კ-ოვას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: ნ. კ-ოვას საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ნ. კ-ოვას შუამდგომლობების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ არაერთხელ გაუგრძელა ხარვეზის ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ. კ-ოვას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ კასატორ ნ. კ-ოვას 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. ამავე განჩინებით მას მიეთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილი იმპერატიულად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის სამთვიან ვადას და, შესაბამისად, სასამართლო ამ ვადის განმავლობაში ვალდებულია შეამოწმოს საკასაციო საჩივარი ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებია თუ არა, დასახელებული ვადის დენა იწყება სასამართლოსათვის საქმის გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ამდენად, მხარის მიერ რამდენჯერმე ვადის გაგრძელების მოთხოვნის დაკმაყოფილება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის დადგენილი ვადის დარღვევას გამოიწვევს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. კ-ოვამ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. მის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათვისუფლების საკმარის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.კ-ოვას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. კ-ოვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.