Facebook Twitter

¹ას-1113-1377-09 4 იანვარი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. ა-შვილის წარმომადგენლის მ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე, მ. მ-შვილის, ნ. ა-შვილისა და დ. ა-შვილის სარჩელის გამო მოპასუხე ი. ა-შვილის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ი. ა-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ი. ა-შვილის წარმომადგენელ მ. ჭ-შვილს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა.

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორსა და მის წარმომადგენელ მ. ჭ.-შვილს გაეგზავნა 2009 წლის 3 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ. 51-52). განჩინების ასლი ი. ა-შვილს პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 7 დეკემბერს, ხოლო მის წარმომადგენელ მ. ჭ-შვილს 9 დეკემბერს (ტ. II, ს.ფ. 53-54), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2009 წლის წლის 17 დეკემბერს.

2009 წლის 23 დეკემბერს ი. ა-შვილის წარმომადგენელმა მ. ჭ-შვილმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და საკასაციო პალატას წარმოუდგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა, ამასთან განცხადებით მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2009 წლის 17 დეკემბერს, ხოლო კასატორის წარმომადგენელმა განცხადება, თანდართული მასალებით ფოსტაში ჩააბარა 2009 წლის 21 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ. 59), ანუ საპროცესო ვადის 3 დღის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე კასატორის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ა-შვილის წარმომადგენლის მ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

მ. ჭ.-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.