Facebook Twitter

საქმე ¹ას-1115-1379-09 4 იანვარი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ჭ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჭ-ძის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის _ 2145 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ჭ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2145 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ჭ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გ.ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ჭ-ძემ. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა მხარეს შუამდგომლობა სათანადო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით არ დაუსაბუთებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემვრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და გ.ჭ-ძეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა მხარეს და ჩაბარდა მის წარმომადგენელ ზ. ბ-ძეს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარს 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით დაუდგინდა რა ხარვეზი, მხარეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კურიერის მეშვეობით და ჩაბარდა მის წარმომადგენელ ზ. ბ-ძეს 2009 წლის 18 დეკემბერს (რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ. 55, ხოლო ხელწერილი სასამართლო გზავნილის ჩაბარების თაობაზე იხ. ტ.II ს.ფ.73).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. დასახელებული ნორმის თანახმად, წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება განიხილება უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად და აღნიშნული საკმარისი საფუძველია კანონით თუ სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის ასათვლელად. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 19 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 23 დეკემბერს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.