Facebook Twitter

¹ას-1116-1380-09 21 იანვარი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე-შპს “პ.-ა”

გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 07 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი –თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოპასუხე შპს “პ.-ა”-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებოდა პირგასამტეხლოს 279 744.00 ლარის ოდენობით გადახდა, 2007 წლის 30 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹415 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა,რომ იგი ადასტურებდა გარემოებას, რომ მართლაც მოხდა ვადის გადაცილება, მაგრამ ეს გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით, კერძოდ კი, ყინვებით, რომლებმაც ხელი შეუშალა სამუშაოს შესრულებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს “პ.-ა”-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 111 897.2 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე – შპს “პ.-ა”, რომელსაც ჩაბარდა შეტყობინება კანონით განსაზღვრული წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულად იყო გაზიარებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხე შპს “პ.-ა”-მა 167 დღით დაარღვია ვალდებულების შესრულება. დადგენილი იყო ასევე ისიც, რომ მხარეებმა შესრულების ვადის გადაცილებისათვის გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ დამტკიცებულად ჩათვლილი ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის (სააპელაციო მოსარჩელის) მოთხოვნას, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა განსაზღვრულიყო ყოველდღიურად სახელშეკრულებო თანხის 0.04%-ის ოდენობით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, თბილისის საააპელაციო სასამართლოს ისევე, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია თუ საქმის რომელი გარემოებების გამო შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 0.1 პროცენტიდან 0.04 პროცენტამდე, ვინაიდან ერთადერთი სადავო გარემოება, რომელზეც მოპასუხე აპელირებდა, ხელშეკრულების შესრულების დროს არსებული ფორსმაჟორი, სასამართლომ დადგენილად არ ცნო. ამასთან, სასამართლოს არ მიუთითებია არცერთ გარემოებაზე, რის საფუძველზეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი.

კასატორის აზრით, ხელშეკრულების გაფორმების დროს დაცული იყო მხარეთა თანასწორობის პრინციპი და პირგასამტეხლოს თანხა განსაზღვრული იყო ორივე მხარისათვის თანაბარი ოდენობით, შესაბამისად კასატორმა სასამართლოს გადაწყვეტილება მიაჩნია დაუსაბუთებლად პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.