¹ას-1117-1381-09 23 მარტი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი _ ნ. გ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ხელფასის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 2 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. გ-ძემ მოპასუხე სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის _ 2006 წლის 25 აგვისტოდან 2009 წლის 13 მაისამდე პერიოდში მისაღები ხელფასის _ თვეში 704.32 ლარის, მთლიანობაში 22 528 ლარის დაკისრება.
სასარჩელო განცხადებიდან და მასზე თანადართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 28 ივნისის ბრძანებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნად გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც ნ. გ-ძემ მიიღო მონაწილეობა ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ქიმიის მიმართულებით. საკონკურსო კომისიის 2006 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმის (¹1) თანახმად, კონკურსში მონაწილეობდა საკონკურსო კომისიის 5 წევრი, ნ. გ-ძემ კონკურსის შედეგად 0 ხმა მიიღო და ვერ გავიდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ. გ-ძის სარჩელის განხილვის შედეგად, ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმი ნ. გ-ძის მიმართ შეფასებისა და კენჭისყრით მიღებული ხმების ოდენობის ნაწილში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე 2007 წლის 25 ოქტომბერს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გამოსცა ¹1-100 ბრძანება ნ. გ-ძის კონკურსში მონაწილეობისა და კენჭისყრის შედეგების დადგენის მიზნით მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესახებ. 2008 წლის 14 იანვარს საკონკურსო კომისიის დასკვნისა და ¹1-115 ბრძანების შესაბამისად მოსარჩელემ კვლავ ვერ დაიკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ¹1-115 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის კონკურსში მონაწილეობის შეფასებისა და კენჭისყრის შედეგად ხმების დადგენის შესახებ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009 წლის 13 მაისის ¹1-21 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ბრძანება და ნ. გ-ძე დაინიშნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ქიმიის მიმართულებით 2009 წლის 1 სექტემბრამდე (ს.ფ. 3-10).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ასოცირებული პროფესორის განაცდური ხელფასის სახით 2006 წლის 25 აგვისტოდან 2009 წლის 13 მაისამდე ყოველთვიურად 704 ლარის, სულ _ 22 528 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე დაწესებულების საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის 2006 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმი მოსარჩელის კონკურსში მონაწილეობის შეფასებისა და კენჭისყრის შედეგების დადგენის შესახებ, მოპასუხეს დაევალა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად და კანონიერად შესწავლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის კონკურსში მონაწილეობის შეფასებისა და კენჭისყრის შედეგად ხმების დადგენის თაობაზე;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ბრძანება, მოპასუხეს დაევალა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად და კანონიერად შეწავლის საფუძველზე გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის კონკურსში მონაწილეობის შეფასებისა და კენჭისყრის შედეგად ხმების დადგენის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრისა და 2009 წლის 5 მარტის განჩინებებით;
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 13 მაისის ¹1-21 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ბრძანება და ნ. გ-ძე დაინიშნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ქიმიის მიმართულებით 2009 წლის 1 სექტემბრამდე.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონკურსში მონაწილეობის შეფასებისა და კენჭისყრის შედეგების შესახებ მოპასუხის 2006 წლის 25 აგვისტოსა და 2008 წლის 14 იანვრის ბრძანებების უკანონობის გამო იგი 2009 წლის 13 მაისამდე არ დაინიშნა ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ქიმიის მიმართულებით, რის გამოც ვერ მიიღო ამ თანამდებობისთვის განკუთვნილი ხელფასი და განიცადა მატერიალური ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც 2006 წლის 25 აგვისტოდან 2009 წლის 13 მაისამდე (32 თვის განმავლობაში) შეადგენდა 22 528 ლარს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ, რამდენადაც მოსარჩელეს მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლო დავების წარმოებისას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა არ დაუყენებია, ამიტომ სარჩელი უსაფუძვლოა. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე და განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. აღნიშნული პრინციპის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მხარეს შეუძლია თვითონვე განსაზღვროს დავის საგნის ფარგლები და მოთხოვნის აღძვრის მომენტი.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოხატული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ასოცირებული პროფესორის აკადემიური პერსონალის სახელფასო განაკვეთი მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად მოთხოვნილ 704 ლარზე ნაკლებია, რამდენადაც აღნიშნულის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში არ მიუთითებია. საქმეზე წარდგენილი, მოპასუხის მიერ გაცემული 2009 წლის 28 მაისის ცნობით დასტურდება, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის აკადემიური პერსონალის სახელფასო განაკვეთი შეადგენს 704 ლარს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა (ს.ფ. 66-69).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 75-80).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება, ნ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნ. გ-ძის მოთხოვნას წარმოადგენდა იმ თანხის ანაზღაურება, რომელსაც იგი მიიღებდა იმ შემთხვევაში, 2006 წლის 25 აგვისტოდან რომ დანიშნულიყო სსიპ “შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში” ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნა დასაბუთებული იქნებოდა, თუკი დადგინდებოდა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაეკისრა ნ. გ-ძესთან შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება 2006 წლის 25 აგვისტოდან და რომ არა საკონკურსო კომისიის უკანონო გადაწყვეტილება და რექტორის ბათილი ბრძანება, ნ. გ-ძე დაიკავებდა ასოცირებული პროფესორის თანამდებობას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, თუმცა ამავე კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, აკადემიურ პერსონალსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პერსონალთან დებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი. აქედან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კონკურსანტი აკმაყოფილებს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს, თავისთავად არ იწვევს შრომითი ურთიერთობების წარმოშობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კონკურსანტს შორის. ასეთი ურთიერთობა წარმოიშობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი და კონკურსანტი ერთმანეთთან დადებენ შრომით ხელშეკრულებას.
კანონის აღნიშნული ნორმების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კანონის 34-ე მუხლი კრძალავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავებას ღია კონკურსის გარეშე, თუმცა იგი არ ავალდებულებს რექტორს, აუცილებლად დადოს შრომითი ხელშეკრულება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ პირთან. ამდენად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათისაა, რასაც საქმეში არსებული მასალებიც ცხადყოფდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 13 მაისის ¹1-21 ბრძანებას, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა თანამდებობაზე, საფუძვლად დაედო ნ. გ-ძის საქმის შემსწავლელი კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის ოქმი ¹4. ამ ოქმის თანახმად დადგინდა, რომ ნ. გ-ძე აკმაყოფილებდა ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს, თუ გამოსწორდებოდა საკანდიდატო დიპლომთან დაკავშირებული უზუსტობები. აქედან გამომდინარე, კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება ნ. გ-ძესთან შრომითი ხელშეკრულების დადების ან დადებაზე უარის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა მას შემდეგ, რაც ჩათვალა, რომ საკანდიდატო დიპლომთან დაკავშირებული უზუსტობები აღმოფხვრილი იყო.
შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული მხარეთა შეთანხმებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ეს ნორმა ადგენს, რომ შრომით ურთიერთობებში სავალდებულო შესვლა დაუშვებელია. ე.ი. ამა თუ იმ პირთან შრომით ურთიერთობებში შესასვლელად საჭიროა, ამ ურთიერთობების წარმოშობის შესახებ როგორც დაქირავებულის, ისე _ დამქირავებლის ნების გამოხატვა.
მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-ძესთან შრომითი ურთიერთობების წარმოშობა დაკავშირებული იყო აპელანტის მიერ ნების გამოვლენასთან, აპელანტს კი 2009 წლის 13 მაისამდე არ გამოუხატავს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების დადების ნება. ამასთან, შეუძლებელი იყო სასამართლოს დაედგინა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, ეს ნება გამოეხატა 2006 წლის 25 აგვისტოს.
ამდენად, საქმეზე დგინდებოდა, რომ სადავო პერიოდში მხარეები ერთმანეთთან შრომით ურთიერთობებში ფაქტობრივადაც არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტი არარსებულ ვალდებულებას არაჯეროვნად ვერ შეასრულებდა. შესაბამისად, ნ. გ-ძის სარჩელი უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა იგი (ს.ფ. 146-152).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. გარდა ამისა, კასატორმა მოითხოვა საქმეზე მტკიცებულების დართვის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ადგილზე თათბირით მიღებული განჩინების გაუქმება.
კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვალდებული იყო 2006 წლის 1 სექტემბრიდან ნ. გ-ძესთან გაეფორმებინა შრომის ხელშეკრულება, დგინდება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-11 ნაწილით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა უზრუნველეყოთ დაწესებულებაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების გადაყვანა ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე. აღნიშნული ნიშნავდა, რომ კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასახელებულ პერიოდში უნდა მომხდარიყო შესაბამისი პირების გამწესება ვაკანტურ თანამდებობაზე. აღნიშნული დამოკიდებული არ იყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნება-სურვილზე, როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.
კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას. მისი მითითებით, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის პროცესში საქმეზე წარადგინა ისეთი მტკიცებულებები და ახსნა-განმარტებაში მიუთითა ისეთ საკითხებზე, რომელთა შესახებ მისთვის ცნობილი იყო შესაგებლის წარდგენის დროს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა მხარის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა (ს.ფ. 157-165).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტზე, რომელშიც მონაწილეობდა მოსარჩელე ნ. გ-ძე ქიმიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹1-155 ბრძანებით დამტკიცდა კონკურსის შედეგები. კონკურსში გამარჯვებულ პირთა შორის არ იყო მითითებული ნ. გ-ძე.
კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საკონკურსო კომისიის 2006 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმით ნ. გ-ძეს უარი ეთქვა კონკურსის შედეგად თანამდებობის დაკავებაზე იმ მოტივით, რომ მის სილაბუსში მოძველებული ლიტერატურაა მითითებული, ქიმიის დარგში აქვს შრომების ნაკლებობა, დისერტაცია დაცული აქვს გრიფით 020017 _ გარემოს დაცვის სპეციალობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის 2006 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმი ნ. გ-ძის მიმართ შეფასებისა და კენჭისყრით მიღებული ხმების ოდენობის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის გზით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. გ-ძის კონკურსში მონაწილეობის შეფასებისა და კენჭისყრის შედეგად ხმების დადგენის შესახებ. კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2007 წლის 13 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ სსიპ შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გამოსცა ¹1-100 ბრძანება ნ. გ-ძის კონკურსში მონაწილეობის განმეორებითი შეფასებისა და კენჭისყრის შედეგების დადგენის მიზნით მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესახებ, სადაც ნ. გ-ძე მიწვეულ იქნა დაინტერესებულ პირად. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ნ. გ-ძემ მიმართა აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით, რაზეც გაიცა ცნობა, რომ დიპლომი ავთენტიკურია, მაგრამ არ არის ეკვივალენტური მასზე აღნიშნული სპეციალობის შიფრის შეუსაბამობის გამო. ამავდროულად 2007 წლის დეკემბერში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ნ. გ-ძემ 1997 წელს თსუ-ს ქიმიის დარგის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ჰიდროქიმიის სპეციალობით, შიფრი 11.00.07 და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო ნ. გ-ძის დიპლომში შიფრი 02.00.07 მექანიკური შეცდომაა, სინამდვილეში მის დოკუმენტებში მინიჭებულია შიფრი 11.00.07. ასევე, 2006 წლის 7 ოქტომბერს თსუ ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს მიერ ნ. გ-ძის სახელზე გაიცა დახასიათება, სადაც მიეთითა, რომ ნ. გ-ძე არის ანალიზური ქიმიის და არა გარემოს დაცვის სპეციალისტი. დასახელებული მასალები წარედგინა ნ. გ-ძის საქმის შემსწავლელ კომისიას.
ნ. გ-ძის საქმის შემსწავლელმა კომისიამ 2007 წლის 20 დეკემბრის ¹4 სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნ. გ-ძე აკმაყოფილებს ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს, თუკი გამოსწორებული იქნება საკანდიდატო დიპლომთან დაკავშირებული უზუსტობები. აღნიშნულის შემდგომ გამოიცა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ¹1-115 ბრძანება. ნ. გ-ძე კვლავ არ დაინიშნა ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ¹1-115 ბრძანება; მოპასუხე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად და კანონიერად შესწავლის საფუძველზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. გ-ძის კონკურსში შეფასებისა და კენჭისყრის შედეგად ხმების დადგენის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის განჩინებებით.
სსიპ შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 13 მაისის ¹1-21 ბრძანებით, რომელიც გამოიცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ბათილად იქნა ცნობილი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ¹1-115 ბრძანება “ნ. გ-ძის კონკურსში მონაწილეობის შეფასებისა და კენჭისყრის შედეგების დადგენის შესახებ”, კონკურსანტი ნ. გ-ძე დაინიშნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ქიმიის მიმართულებით 2009 წლის 1 სექტემბრამდე ვადით. ბრძანებაში მიეთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა ნ. გ-ძის დიპლომში შიფრის უზუსტობა, რის გამოც კონკურსანტი ნ. გ-ძის დანიშვნა ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ქიმიის მიმართულებით მიზანშეწონილი იყო.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კონკურსის შედეგების დამტკიცების დროისათვის, 2006 წლის აგვისტოში, ნ. გ-ძის მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და შეიცავდა ხარვეზს, კერძოდ, დიპლომში მითითებული იყო სხვა სპეციალობის შიფრი. მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამ დროისათვის საკონკურსო კომისიას გააჩნდა დიპლომში შიფრის შეცდომით მითითების დამადასტურებელი დოკუმენტი, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. საქმის მასალებში არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულებაა, რომ 2006 წლის აგვისტოში საკონკურსო კომისიისათვის წარდგენილი მასალები იძლეოდა ნ. გ-ძის დიპლომში არსებული შიფრის მექანიკური ხასიათის შეცდომად მიჩნევის უდავო შესაძლებლობას. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ საკონკურსო კომისიას არ წარუდგინა ასეთი მტკიცებულებები, მეტყველებს მოსარჩელის და არა უნივერსიტეტის ბრალზე.
რაც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების შემდგომ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, ამ დროს ნ. გ-ძემ საკონკურსო კომისიაში წარადგინა სარწმუნო დოკუმენტაცია, რომ მის დიპლომში სხვა შიფრის მითითება მექანიკური შეცდომაა. ასევე ნიშანდობლივია, რომ ამ ადმინისტრაციული წარმოებისას საკონკურსო კომისიამ უკვე გამორიცხა სხვა საფუძვლების არსებობა: რომ სილაბუსში მოძველებული ლიტერატურაა მითითებული და გამოქვეყნებული შრომების ნაკლებობას აქვს ადგილი. კომისიამ საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების საკითხზე მსჯელობა დაუკავშირა მხოლოდ შიფრის ნამდვილობის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე უკვე სავსებით ნათელი იყო შიფრში მხოლოდ მექანიკური შეცდომის არსებობა, კომისიამ არ მიიღო გადაწყვეტილება და რექტორმა არ გამოსცა ბრძანება ნ. გ-ძის დანიშვნის შესახებ, თუმცა ასეთი ბრძანება გამოიცა 2009 წლის 13 მაისს, როდესაც კანონიერ ძალაში შესულმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებამ იგივე დოკუმენტების საფუძველზე, რაც ადმინისტრაციული წარმოებისას საკონკურსო კომისიას უკვე გააჩნდა, დაადასტურა, რომ შიფრში შეცდომა იყო მექანიკური ხასიათის. საქმის მასალებში არ მოიპოვება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ¹1-115 ბრძანება, მაგრამ კანონიერ ძალაში შესული 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ჩანს, რომ სწორედ ამ ბრძანებით დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც დაიწყო ნ. გ-ძის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის განმეორებითი შემოწმების მიზნით. სწორედ რექტორის ბრძანება წარმოადგენს საკონკურსო პროცედურის დამამთავრებელ აქტს, რომლითაც ხდება საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს ნ. გ-ძის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი საფუძვლები არ არსებობს 2005 წლის აგვისტოდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე პერიოდში, რამდენადაც საქმის მასალებით არ იკვეთება ზიანის ანაზღაურების აუცილებელი პირობა _ უნივერსიტეტის ბრალი. უნივერსიტეტის ბრალეული ქმედება უკვე სახეზეა იმ მომენტიდან, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმთავითვე არ გამოვიდა გადაწყვეტილება _ რექტორის ბრძანება ნ. გ-ძის დანიშვნის შესახებ, მაშინ როდესაც ამ ადმინისტრაციულ წარმოებაში უკვე ცნობილი გახდა, რომ ნ. გ-ძე ნამდვილად ქიმიის სპეციალისტია და მის დიპლომში სხვა შიფრი მხოლოდ მექანიკური შეცდომაა. კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება ასევე ადასტურებს, რომ ნ. გ-ძეს არამართლზომიერად ეთქვა უარი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილებაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ _ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რასაც მიიღებდა კონკურსის შედეგად თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ხელფასის სახით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ-ძის კონკურსში მონაწილეობის განმეორებითი შეფასების მიზნით უნივერსიტეტის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მომენტიდან არსებობს ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი შემადგენლობა, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის მხრიდან საკონკურსო პირობების დაკმაყოფილებაზე არამართლზომიერად უარის თქმით ნ. გ-ძეს მიადგა ზიანი _ არ დაინიშნა კონკურსით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ მიეცა შესაბამისი ხელფასი. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ მისი მიღების შესაძლებლობა სავსებით რეალური იყო, რამდენადაც რექტორის 2009 წლის 13 მაისის ბრძანებით, რომლითაც ნ. გ-ძე დაინიშნა თანამდებობაზე, დადასტურდა, რომ ნ. გ-ძის დანიშვნის ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებას დიპლომის შიფრის უზუსტობა წარმოადგენდა.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ უნდა გამოარკვიოს, დასრულდა თუ არა ნ. გ-ძის კონკურსში მონაწილეობის განმეორებითი შეფასების მიზნით უნივერსიტეტის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება სწორედ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ¹1-115 ბრძანებით, ამ პერიოდიდან რამდენს შეადგენდა ნ. გ-ძის დანიშვნის შემთხვევაში 2009 წლის 13 მაისამდე მისაღები ასოცირებული პროფესორის ხელფასი და ამის გათვალისწინებით გამოიტანოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორ ნ. გ-ძის მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლოს მტკიცებულებად არ უნდა მიეღო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი სახელფასო ცნობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული მტკიცებულება მოპასუხემ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ ეტაპზე, რისი უფლებაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად ჰქონდა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული მტკიცებულება არ იქნა მიღებული. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ კი სწორად მოახდინა მხარის დარღვეული საპროცესო უფლების აღდგენა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.