¹ას-1118-1382-09 25 მარტი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ჭ-ავა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნი. ჭ-ავა, ი. ჩ-უა, ნა. ჭ-ავა (მოპასუხეები)
დავის საგანი – სამკვიდროს გაყოფა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ჭ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნი. ჭ-ავას მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეში ჩაება ნა. ჭ-ავა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჭა-ავასა და ნა. ჭ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ი. ჩ-უამ, ნი. ჭ-ავამ, ს. შ-აიმ, ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნა. ჭ-ავამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნა. ჭ-ავას, ნი. ჭ-ავასა და ი. ჩ-უას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ჭ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნა. ჭ-ავასა და ი. ჩ-უას სარჩელები დაკმაყოფილდა. გ. ჭ-ავას სამკვიდრო ქონებიდან ნ. ჭ-ავას, ი. ჩ-უასა და ნა. ჭ-ავას მიეკუთვნათ თითოეულს 1/4 წილი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნი. ჭ-ავა, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში უვლიდა სამკვიდრო სახლში მცხოვრებ დას, ასევე დადგენილია, რომ ამ პერიოდში სახლში ცხოვრობდა მისი შვილი. აღნიშნული კი მეტყველებს იმაზე, რომ ნი. ჭ-ავა ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდროს და, შესაბამისად, მიიღო იგი. გ. ჭ-ავას გარდაცვალებისთანავე ნი. ჭ-ავა დაეუფლა მის კუთვნილ ავტომობილს და განკარგა კიდეც. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჭ-ავამ. მან მიუთითა, რომ მამკვიდრებლის - გ. ჭ-ავას გარდაცვალების შემდეგ დარჩა 4 მემკვიდრე. დადაგენილია, რომ ნი. ჭ-ავამ სანოტარო ბიუროს სამკვიდროს მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიმართა სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ 2009 წლის 12 თებერვალს. სანოტარო ბიუროსათვის არ მიუმართავს არც ი. ჩიჩუას. შესაბამისად, მათ დაარღვიეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 იანვრის განჩინებით ნ. ჭ-ავას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჭ-ავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ნ. ჭ-ავას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჭ-ავას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ. ჭ-ავას დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (350 ლარის) 70% - 245 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.