¹ას-1126-1390-09 21 იანვარი,2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ც. ზ-ძე, ლ. ზ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ფ-ძე, ნ. ზ-ძე, ა. ზ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. და ლ. ზ-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. და ლ. ზ-ძეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
კოოპერატიული ბინის გადაფორმების შესახებ ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1992 წლის 1 აპრილის ¹3.20.60 გადაწყვეტილების საფუძველზე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის „---97-ის“ ქ.თბილისში, ... ¹53 ბინის ერთადერთ მეპაიე წევრად ცნობილ იქნა მოქალაქე ავ. ვ.-ს ძე ზ-ძე.
საბინაო-სამშებელო კოოპერატივის „--- 97-ის“ თავმჯდომარის მიერ 1993 წლის 30 აგვისტოს გაცემული ¹47 ცნობის თანახმად, მეპაიე ავ. ზ-ძის მიერ მთლიანად იქნა დაფარული საპაიო შესატანი 7794 მანეთის ოდენობით.
1993 წლის 7 სექტემბერს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის „--- 97-ის“ წარმომადგენელ ა.ლ-ძესა და ავ. ვ.-ს ძე ზ-ძეს შორის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ქ.თბილისში, ... ¹53 ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.
1993 წლის 7 სექტემბრის ხელშეკრულების დადების დროისათვის ბინაში, ავ. ზ-ძის გარდა ჩაწერილები იყვნენ ასევე მოსარჩელეები – ლ. და ც. ზ-ძეები, ასევე ნათესავი ლ.კ-ძე.
ნოტარიუს ც. ბ-ძის მიერ გაცემული 2008 წლის 16 აპრილის ¹2-374 კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2007 წლის 13 ოქტომბერს გარდაცვლილი ავ. ზ-ძის დანაშთ ქონებაზე (მდებარე ქ.თბილისში, ... ბინა ¹53, სასარგებლო ფართით 74 კვ.მ საცხოვრებელი ფართით 48 კვ.მ) მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ პირველი რიგის მემკვიდრეები: დედა – ნ. ზ-ძე, მეუღლე – ე. ფ-ძე, არასრულწლოვანი შვილი – ა. ზ-ძე.
სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ნ. ზ-ძე, ე. ფ-ძე და ა. ზ-ძე საჯარო რეესტრში აღრიცხულნი არიან სადავო ბინის თანამესაკუთრეებად.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ისინი წარმოადგენდნენ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის „--- 97-ის“ მეპაიე წევრებს.
სააპელაციო პალატამM აღნიშნა, რომ ქ.თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1992 წლის 1 აპრილის ¹3.20.60 გადაწყვეტილებით არ დადასტურდა აპელანტების მიერ მითითებული გარემოება, პირიქით, ამ გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის „--- 97-ის“ მეპაიე წევრად ცნობილია ავ. ზ-ძე. აპელანტების კოოპერატივის წევრობაზე კი ამ გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი. რაც შეეხება აპელანტების მიერ მითითებულ მეორე მტკიცებულებას (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის „--- 97-ის“ წევრთა საერთო კრების ¹2 ოქმი), Pპალატის გნმარტებით, იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არსებობდა, რის გამოც იგი არ იქნა დაშვებული.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინებზე საკუთრების უფლება მოიპოვეს მხოლოდ კოოპერატივის მეპაიე-წევრებმა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიე წევრი იყო ავ. ზ-ძე, სადავო ბინის მესაკუთრედ მხოლოდ ის ითვლებოდა. მან სადავო ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის ¹519 დადგენილების თანახმად, ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ც. ზ-ძეებმა.
კასატორების აზრით, კოოპერატივების საცხოვრებელ სახლებში არსებული ბინის მესაკუთრედ გახდომის უფლება გააჩნდათ არა მხოლოდ კოოპერატივის მეპაიე წევრებს, არამედ საცხოვრებელი ბინის მობინადრე მოქალაქეებსაც, ხოლო თავად ის ფაქტი, რომ ისინი ნამდვილად არიან სადავო ბინის მობინადრეები, არ გამხდარა სადავოდ. ეს გარემოება დადგენილად მიიჩნია თავად სასამართლომ. შესაბამისად, კასატორის მითითებით, მათ ისევე როგორც მათ ძმას, საცხოვრებელ ფართობზე მობინადრის უფლება მოპოვებული ჰქონდათ მისი პრივატიზაციის დროისთვის, რაც აღნიშნულ ბინაზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველს წარმოადგენდა.
გარდა ამისა, კასატორების განმარტებით, მათ მიერ გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ვაკის რაიონის გადაწყვეტილება, რომელიც ჩაბარდათ 2009 წლის 6 აპრილს და რომელიც დაურთეს სააპელაციო საჩივარს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში წერია, რომ ... ბინა ¹53-ის მეპაიე წევრებს წარმოადგენენ „თვითონ და მისი ორი და“, აქედან გამომდინარე კასატორების აზრით, ნათლად იკვეთება, რომ ლ. და ც. ზ-ძეები არიან არა მხოლოდ სადავო ბინის მობინადრეები, არამედ საბინაო კოოპერატივის მეპაიე წევრები და შესაბამისად სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-10 პუნქტის მოთხოვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. და ლ. ზ-ძეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც. და ლ. ზ-ძეების საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. და ლ. ზ-ძეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.