ას-1130-1394-09 20 აპრილი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ია და ნიკა ქ-ების კანონიერი წარმომადგენელი ირმა ხ-ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ მედეა ვ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ თეიმურაზ ქ-ას უფლებამონაცვლე მერაბ ქ-ა (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ თინა ი-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანა, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებულად ცნობა, სავალდებულო წილის მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ია და ნიკა ქ-ების კანონიერმა წარმომადგენელმა ირმა ხ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თეიმურაზ, ვაჟა და ირინა ქ-ების, ქ.ბათუმის მერიის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ლ-ის“, მესამე პირების _ ქ.ბათუმის ნოტარიუს ხ.კ-ის, ნ.ა-ძის, ნ.უ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენის, მესაკუთრედ ცნობის, საჯარო რეესტრისა და სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის, ახალი ჩანაწერის შეტანის დავალდებულების, ადმინისტრაციული ხელშეკრულების, ამხანაგობის საერთო საქმიანობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1999 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა ქ.ბათუმში, ...ქ.¹10-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე ახმედ ქ-ა, რომელსაც დარჩა სამი შვილი _ სოსო, ვაჟა და თეიმურაზ ქ-ები. მამის გარდაცვალების შემდეგ სოსო ქ-ა ცხოვრობდა ახმედ ქ-ას დანაშთ სახლში და ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო მისი სამკვიდრო, თუმცა ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით არ მიუმართავს. 2005 წლის ოქტომბერში სოსო ქ-ა გარდაიცვალა, რის შემდეგაც სამკვიდროს მიღებაზე პრეტენზია განაცხადა მისმა ძმამ _ თეიმურაზ ქ-ამ და ნოტარიუსს წარუდგინა ანდერძი, რომლითაც ახმედ ქ-ამ მთელი თავისი ქონება უანდერძა თ.ქ-ას. 1997 წლამდე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სოსო ქ-ა, როგორც მძიმე ავადმყოფი, იმყოფებოდა მამის _ ახმედ ქ-ას კმაყოფაზე და ეკუთვნოდა ახმედ ქ-ას სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილი, რაც სოსო ქ-ასა და მის შვილებს ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებული ჰქონდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2006 წლის 3 ოქტომბერს ახმედ ქ-ას დანაშთ ქონებაზე თეიმურაზ ქ-ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიღებისას თ.ქ-ამ ნოტარიუსს დაუმალა, რომ ძმასა და ძმისშვილებს ერგებოდათ სავალდებულო წილი. 2006 წლის ნოემბრამდე თეიმურაზ ქ-ა ცხოვრობდა რუსეთში, ქ. ბათუმში გააჩნდა საცხოვრებელი ბინა ...ქ.¹48-ში. აღსანიშნავია, რომ ვაჟა ქ-ა ცხოვრობდა სოფელ ო-მში ბებიის მიერ ნაანდერძევ სახლში. ახმედ ქ-ას დანაშთ სახლთმფლობელობაში ვაჟა და ირინა ქ-ები დარეგისტრირდნენ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს პასპორტის გაცემის წესის“ დარღვევით, სახლის საბინაო წიგნისა და ახმედ ქ-ას გარდაცვალების მოწმობის საფუძველზე, რადგანაც ისინი არ წარმოადგენდნენ ამ სახლის მესაკუთრეებს და არც მესაკუთრის ნებართვა არ გააჩნდათ. სახლის ერთადერთი კანონიერი მფლობელი იყო სოსო ქ-ა, შესაბამისად, რეგისტრაციისათვის სავალდებულო იყო მისი თანხმობა. მათი რეგისტრაცია მიზნად ისახავდა სადავო არაპრივატიზებული ქონების პრივატიზაციისას მიღებას. ამხანაგობა „ლ-ი“ დაფუძნებულია ორი ნაკვეთის ...ქ.¹10-სა და ¹12-ში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა შენატანებით, რაც ¹12-ში მცხოვრები ხუთი ოჯახისათვის შეადგენს 172 კვ.მ საცხოვრებელ ფართსა და 470 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ხელშეკრულების თანახმად, მათ უნდა გადასცემოდათ 335 კვ.მ, საიდანაც დაახლოებით 100 კვ.მ ეკუთვნოდა ამ ფართის 25% წილის მესაკუთრე გურამ ლ-ძეს. ...ქუჩა ¹10-ში 465 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 67.3 კვ.მ საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ, თ.ქ-ას უნდა გადასცემოდა 150 კვ.მ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ უკანასკნელმა თავის სახელზე რიცხული ქონება შეაფასა კაბალურ ფასად. თეიმურაზ ქ-ას წილი ამხანაგობის წევრებთან შეთანხმებით განზრახ აქვს შემცირებული, რათა დავის შემთხვევაში არ დაკარგოს ქონება, თუმცა გაცილებით მეტ ფართს იღებს, ვიდრე ხელშეკრულებაშია მითითებული. სავალდებულო წილზე კანონისმიერი მემკვიდრეობისა და მესაკუთრის უფლების დადგენა, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ფართის პრივატიზება გამოიწვევს სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას. შესაბამისად, ამხანაგობა „ლ-ის“ ხელშეკრულებაში თ.ქ-ასა და ვ.ქ-ას წილები აისახა ნაკლის მქონე ნივთით, რის გამოც ხელშეკრულება თ.ქ-ას ნაწილში ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
ირინა, ვაჟა და მერაბ ქ-ებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი მოტივებით: ნიკა და ია ქ-ები ახმედ ქ-ას პირველი რიგის მემკვიდრეები არ არიან, რადგანაც ახმედ ქ-ას გარდაცვალებისას ისინი დაბადებულები არ იყვნენ და სავალდებულო წილი არ ეკუთვნით. მართალია, სოსო ქ-ა ავადმყოფობდა, მაგრამ იგი შრომისუუნარო არ იყო. სოსო ქ-ა არ გარდაცვლილა იმ ვადაში, რაც ახმედ ქ-ას სამკვიდროს მიღებისთვის იყო დადგენილი, შესაბამისად მემკვიდრეობის ტრანსმისიის გზით მიღება არ მომხდარა. ახმედ ქ-ა გარდაიცვალა 1997 წლის 9 ივლისს, ხოლო ნიკა ქ-ა დაიბადა 1998 წლის 30 ოქტომბერს. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის სოსო ქ-ა, ანუ მოსარჩელეთა მამა ცოცხალი იყო და ა.ქ-ას პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდა. მას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა მამასთან, რის გამოც ისინი ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. არც მისი გარდაცვალების შემდეგ სოსო ქ-ას ახმედ ქ-ას სახლში არ უცხოვრია და მის დანაშთ ქონებას არ ფლობდა. ახმედ ქ-ამ გამოხატა თავისი ნება, როდესაც მთელი თავისი ქონება უანდერძა თეიმურაზ ქ-ას. სასარჩელო მოთხოვნა სადავო სამკვიდროდან სავალდებულო წილის შესახებ ხანდაზმულია, ვინაიდან ახმედ ქ-ას გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მოსარჩელეებს სამკვიდრო არც ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით არ მიუღიათ.
ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ლ-მა“ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ამხანაგობა „ლ-ი“ დაფუძნებულია ორი ნაკვეთის ...ქ.¹10-ისა და ¹12-ის მესაკუთრეთა შენატანებით, რის შესახებ ხელშეკრულება დაიდო საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე. ერთ-ერთი ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა თეიმურაზ ქ-ა. მასთან შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას მესამე პირთა ინტერესები არ დარღვეულა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ნიკა და ია ქ-ების კანონიერი წარმომადგენლის _ ირმა ხ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2003 წლის 9 იანვარს რეგისტრირებული ვაჟა და ია ქ-ების ჩანაწერი, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ.ბათუმის მერიასა და ვაჟა ქ-ას შორის 2006 წლის 19 ივლისს ქ.ბათუმში, ...ქ¹10-ში მდებარე 22.6 კვ.მ ფართის თაობაზე დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება, მოსარჩელეს უარი ეთქვა ახმედ ქ-ას დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღებულად ცნობასა და ქ.ბათუმში, ...ქ¹10-ში მდებარე 22.6 კვ.მ ფართის მოსარგებლედ და პრივატიზაციის უფლების მქონედ ცნობაზე, ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ლ-ის“ დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების თ.ქ-ას ნაწილში ბათილად ცნობის, მორალური, მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და სანოტარო აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში ჩანაწერის შეტანის შესახებ საქმის წარმოება შეწყდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში _ ირინა და ვაჟა ქ-ებმა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში _ ნიკა და ია ქ-ების კანონიერმა წარმომადგენელმა ირმა ხ-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განჩინებით საქმიდან _ ნიკა და ია ქ-ების კანონიერ წარმომადგენელ ირმა ხ-ძის სარჩელის გამო მერაბ, ვაჟა და ირინა ქ-ების, ქ.ბათუმის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ლ-ის“, ნოტარიუს ხ.კ-ის, ნ.ა-ძის, ნ.უ-ძის მიმართ ცალკე წარმოებად გამოეყო ია და ნიკა ქ-ების კანონიერი წარმომადგენლის _ ირმა ხ-ძის მოთხოვნა ია და ნიკა ქ-ების ახმედ ქ-ას დანაშთ ქონებაზე ფაქტობრივი ფლობით სავალდებულო წილის მესაკუთრეებად ცნობის, თეიმურაზ ქ-ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ცვლილების შეტანის დავალდებულების, ქ.ბათუმში, ...ქუჩა ¹10-ში მდებარე 22.6 კვ.მ ფართის კანონიერ მოსარგებლედ სოსო ქ-ას ცნობის, 2007 წლის 23 მარტის სანოტარო აქტით დადასტურებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ლ-ის“ ხელშეკრულების თ.ქ-ას ნაწილში და ვაჟა ქ-ას მიერთების ნაწილში ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების გატარების, 100 კვ.მ საცხოვრებელი და 30 კვ.მ კომერციული ფართის მოსარჩელისათვის გამოყოფის დავალდებულებისა და კომპენსაციის სახით ამხანაგობა “ლ-ისა“ და მერაბ ქ-ასათვის 10000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ და ამ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ია და ნიკა ქ-ების კანონიერი წარმომადგენლის _ ირმა ხ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამოქალაქო დავის ნაწილში გაუქმდა, ია და ნიკა ქ-ების კანონიერ წარმომადგენელ ირმა ხ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ქ.ბათუმში, ...ქ¹10-ში მდებარე ახმედ ქ-ას დანაშთი ქონების ფაქტობრივი მფლობელობით მიღებულად ჩათვლისა და სავალდებულო წილის მესაკუთრედ ცნობის, ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ლ-ის“ დაფუძნების თაობაზე ხელშეკრულების (თეიმურაზ და ვაჟა ქ-ების ნაწილში) ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მატერიალური ზიანის ანაზღაურების, თ.ქ-ას სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების ნაწილში სარეგისტრაციო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1997 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა ახმედ ქ-ა, რომელიც წარმოადგენდა ქ.ბათუმში, ...ქ.¹10-ში მდებარე 67,3 კვ.მ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე _ ვაჟა, თეიმურაზ და სოსო ქ-ები. 1996 წლის 27 სექტემბერს შედგენილი სანოტარო ანდერძით ახმედ ქ-ამ მთელი თავისი ქონება უანდერძა თეიმურაზ ქ-ას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თეიმურაზ ქ-ას სამკვიდროს გახსნის დღიდან ფაქტობრივი ფლობით მიღებულად ჩაეთვალა მამის _ ახმედ ქ-ას მიერ ანდერძში მითითებული ქ.ბათუმში, ...ქ ¹10-ში მდებარე სამკვიდრო, ქ.ბათუმის ნოტარიუს ხათუნა კ-ს დაევალა თეიმურაზ ქ-ას სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. 2006 წლის 3 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე თეიმურაზ ქ-ას სახელზე გაიცა ანდერძისმიერი სამემკვიდრეო მოწმობა. ვაჟა და სოსო ქ-ას მამის სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავთ. ახმედ ქ-ას გარდაცვალების შემდეგ სოსო ქ-ამ არარეგისტრირებულად იქორწინა ირმა ხ-ძესთან, რომელთანაც 1998 წლის 30 ოქტომბერს შეეძინა შვილი _ ნიკა ქ-ა, ხოლო 2002 წლის 10 ოქტომბერს _ ია ქ-ა. 2005 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა სოსო ქ-ა, ხოლო 2008 წლის 4 აპრილს _ თეიმურაზ ქ-ა. 2007 წლის 14 ნოემბრის ანდერძით თეიმურაზ ქ-ამ ქ.ბათუმში, ...ქ.¹10-ში მდებარე მთელი თავისი ქონება უანდერძა ძმისშვილს _ მერაბ ქ-ას. 2007 წლის 23 მარტს ქ.ბათუმში დაფუძნდა ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ლ-ი“, რომლის ერთ-ერთ წევრს წარმოადგენდა თეიმურაზ ქ-ა. ამხანაგობის მიზანი იყო ქ.ბათუმში, ...ქ.¹10-12-ში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა. თეიმურაზ ქ-ამ ამხანაგობაში შენატანი განახორციელა ანდერძისმიერი მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონებით _ ქ.ბათუმში, ...ქუჩა ¹10-ში მდებარე 465 კვ.მ საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთითა და 67,3 კვ.მ შენობა-ნაგებობით. სანაცვლოდ მას უნდა გადასცემოდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე მდებარე 80 კვ.მ ბინა და მეორე სართულზე არსებული 70 კვ.მ ფართი. ამავე ამხანაგობაში გაწევრიანდნენ ასევე ვაჟა ქ-ა და მისი მეუღლე _ ირინა ქ-ა. ვაჟა ქ-ას შენატანს ამხანაგობაში შეადგენს 37500 აშშ დოლარი, ირინა ქ-ას შენატანს კი _ 7500 აშშ დოლარი. საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მონაცემებით სოსო ქ-ა 1990 წლის 8 მაისის მდგომარეობით რეგისტრირებულია ქ.ბათუმში, ...ქ¹10-ში. იმავე სამსახურის 2006 წლის 21 ნოემბრის ¹61001\8-5678 წერილის თანახმად, 1957 წლის 14 სექტემბერს დაბადებული სოსო ახმედის ძე ქ-ა 2001 წლის 31 იანვარს დარეგისტრირდა მისამართზე _ ქ.ბათუმი, ...ქუჩა ¹10, სადაც 2003 წლის 9 იანვრიდან რეგისტრირებული იყვნენ ირინა და ვაჟა ქ-ები. ია და ნიკა ქ-ების წარმომადგენელ ი.ხ-ძის რწმუნებულის _ მედეა ვ-ძის განმარტების შესაბამისად, ახმედ ქ-ას მიერ ანდერძით სამკვიდრო ქონების თეიმურაზ ქ-ასათვის დატოვების შესახებ სოსო ქ-ამ იცოდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მხარეთა მოსაზრება, რომ მოცემული დავა წარმოიშვა რა ძველი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების დროს, უნდა გადაწყდეს 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსის ნორმების საფუძველზე. პალატამ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნას ახალი სამოქალაქო სამართლის ნორმები, რადგან ახმედ ქ-ა გარდაცვლილია 1997 წლის 9 ივლისს. სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბერს. სამკვიდროს მიღებისთვის დადგენილი ექვსთვიანი ვადა იწურებოდა 1998 წლის 9 იანვარს, ამდენად, მართალია, სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1997 წლის 25 ნოემბრამდე, მაგრამ ამ ურთიერთობათა მოდიფიცირება მოხდა 25 ნოემბრის შემდეგ. პალატის მითითებით, ახალი სამოქალაქო კოდექსის 1371-1382 მუხლები განსხვავებულად არეგულირებს სავალდებულო წილის მიღების წესს, ვიდრე ძველი სამოქალაქო კოდექსის 547-ე მუხლი. სამოქალაქო კოდექსის 1371-1372-ე მუხლების, 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სოსო ქ-ას სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, თუმცა მხარეები არ დავობენ, რომ ასეთი განაცხადი არც ექვსთვიან ვადაში და არც თავის სიცოცხლეში მას არ გაუკეთებია, შესაბამისად, ასეთი მოთხოვნის უფლება მის მემკვიდრეებზე ვერ გადავიდოდა. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ანდერძით მემკვიდრეობა, რაც გამორიცხავს კანონისმიერ მემკვიდრეობის წარმოშობას და ს.ქ-ას შეეძლო მხოლოდ სავალებულო წილის მოთხოვნა. სასამართლომ დაადგინა, რომ სოსო ქ-ამ სამკვიდროს გახსნის დღიდან იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ, რაც აპელანტის წარმომადგენელმა აღიარა და განმარტა, რომ¨„შვილებისათვის ცნობილი იყო მამის ანდერძის თაობაზე, მაგრამ სოსო მას არ მიიჩნევდა გაუგებრობის საბაბად, რადგან ახმად ქ-ა ხშირად ამბობდა, რომ მისი დანატოვარის სწორად გაძღოლა შეეძლო თემურის, თუმც ვარაუდობდა, რომ იგი ეკუთვნოდა სოსოს ანუ ანდერძი ძმებს შორის კონფლიქტის მიზეზი არ გახდებოდა, რადგან იგი იყო პრაგმატული მოსაზრებით გაკეთებული.“ პალატამ ჩათვალა, რომ სოსო ქ-ამ სავალდებულო წილის მიღებისათვის დადგენილი ექვსთვიანი ვადა გაუშვა, რადგან სოსო ქ-ამ იცოდა ანდერძის არსებობა, აღნიშნული ანდერძის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მთელი ქონების, მათ შორის, სავალდებულო წილის მესაკუთრედ ფაქტობრივი ფლობის გათვალისწინებით აღიარებულ იქნა თეიმურაზ ქ-ა. სასამართლომ არსებითი მნიშვნელობის მქონედ არ ჩათვალა ის გარემოება, ფაქტობრივად დაეუფლა თუ არა ს.ქ-ა სავალდებულო წილს და განმარტა, რომ სოსო ქ-ას სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში სავალდებულო წილის გამოყოფა არ მოუთხოვია, შესაბამისად ასეთის მოთხოვნის უფლება მის მემკვიდრეებზე _ ია და ნიკა ქ-ებზე ვერ გადავა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სოსო ქ-ა სადავო სავალდებულო წილს არც ფაქტობრივად დაუფლებია, ვინაიდან აპელანტის მიერ თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მითითებული დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, ცნობები რეგისტრაციის თაობაზე მითითებული ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი არ არის. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავო ქონების ფაქტობრივად ფლობის დასადასტურებლად მხარემ უნდა წარმოადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დამტკიცდებოდა სოსო ქ-ას მიერ ახმედ ქ-ას დანაშთი ქონების მართვას და მის ნივთებზე ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელებას. ამ გარემოებათა დადასტურება კი შეიძლებოდა ახმედ ქ-ას რომელიმე ნივთის სარგებლობის დადგენით, მისი გაქირავებით, სხვაზე გადაცემით, მისი მოვლისათვის გაწეული ხარჯებით, კომუნალური გადასახადების გადახდით, მოწმეთა განმარტებებითა და სხვა მტკიცებულებებით. პალატის მითითებით, აპელანტს ასეთი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მან ვეღარ დაამტკიცა მის მიერ სარჩელსა და განმარტებაში მითითებული გარემოებები, რომ სოსო ქ-ას ჰქონდა მაღაზია და აქირავებდა ფართს. სააპელაციო სასამართლომ 1997 წლის ივლისის (სამკვიდროს გახსნის) მდგომარეობით სადავო სახლში სოსო ქ-ას რეგისტრაციის ფაქტი უტყუარად დადგენილად არ ჩათვალა და აღნიშნა, რომ, მართალია, საქმეში არსებობს 1990 წლის მონაცემები სოსო ქ-ას სადავო ბინაში რეგისტრაციის შესახებ, თუმცა ასევე წარმოდგენილია სამოქალაქო რეესტრის ბათუმის სამსახურის ცნობა, რომ სოსო ქ-ამ სადავო მისამართზე რეგისტრაცია გაიარა 2001 წლის 21 იანვარს. ამდენად, სასამართლომ ივარაუდა, რომ 1990 წლიდან 2001 წლამდე სოსო ქ-ა ამოწერილი იყო ახმედ ქ-ას ბინიდან და შემდეგ ხელახლა დარეგისტრირდა. სამკვიდროს გახსნის დროისათვის სოსო ქ-ას რეგისტრაციის შესახებ უტყუარ მტკიცებულებად პალატამ არც ბავშვების დაბადების მოწმობები ჩათვალა, კერძოდ, დაბადების მოწმობის თანახმად, ნიკა სოსოს ძე ქ-ა დაიბადა 1998 წლის 30 ოქტომბერს და რეგისტრაციია გაიარა ქ.ბათუმში, გავაშელის ¹35-ში. ექიმის მიერ გაცემული ცნობების მიხედვით, ნიკა და ია ქ-ები დაბადებიდან იმყოფებიან აღრიცხვაზე შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონალურ ცენტრში” მისამართზე _ ქ.ბათუმი, ... ქ.¹10. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ცნობები ვერ იძლევა საფუძველს იმის დასადგენად, რომ ახმედ ქ-ას გარდაცვალების დროს 1997 წლის 9 ივლისს, სოსო ქ-ა ნამდვილად იყო რეგისტრირებული დასახელებულ მისამართზე, რადგან სოსო ქ-ას შვილი ნიკა ქ-ა დაიბადა 1998 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო ია ქ-ა _ 2002 წლის 10 ოქტომბერს. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოპასუხე მხარე კატეგორიულად უარყოფს სამკვიდროს გახსნის დროისათვის სოსო ქ-ას სადავო სახლში ცხოვრების ფაქტს და ადასტურებს, რომ სოსო ქ-ა სადავო სახლში გადავიდა 2003 წლიდან, თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში, თეიმურაზ ქ-ას თანხმობით, იმის გამო, რომ მას სხვა საცხოვრებელი აღარ გააჩნდა. პალატამ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. მოცემული დავის ძველი სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე გადაწყვეტის შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსის 547-ე მუხლის სავალდებულო წილის მიღების უფლებას ანიჭებდა სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვან და არაშრომისუნარიან შვილებს, რა შინაარსისაც არ უნდა ყოფილიყო ანდერძი. პალატამ მიიჩნია, რომ სამკვიდროს გახსნის დროისათის სოსო ქ-ას შრომისუუნარობას არ ადასტურებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქ.ბათუმის სამობილიზაციო შტაბის უფროსის მიერ გაცემულ ცნობა 1976 წლის 16 მაისიდან, ავადმყოფობის გამო, სოსო ახმედის ძე ქ-ას თადარიგში ჩარიცხვის შესახებ, სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის ბრძანების 185-ე მუხლის 36ბ პუნქტი და ამონაწერი ს.ქ-ას სამედიცინო ბარათიდან, ვინაიდან აღნიშნულისათვის საჭირო იყო სპეციალური სამედიცინო კომისიის დასკვნა და შრომისუუნარობის კატეგორიის განსაზღვრა, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას ია და ნიკა ქ-ების მიერ სადავო სამკვიდროს ტრანსმისიის წესით მიღების თაობაზე, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1430-ე მუხლის შინაარსის მიხედვით, მემკვიდრეობით ტრანსმისია იარსებებდა, თუ სოსო ქ-ა გარდაიცვლებოდა ახმედ ქ-ას სამკვიდროს გახსნის შემდეგ და კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღებას ვერ მოასწრებდა, განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ ახმედ ქ-ა გარდაიცვალა 1997 წლის 9 ივლისს და გაიხსნა მისი სამკვიდრო, სოსო ქ-ას სამკვიდრო ქონება უნდა მიეღო ამ მომენტიდან 6 თვის განმავლობაში, რა დროსაც სოსო ქ-ა ცოცხალი იყო. პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2007 წლის 23 მარტის ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ლ-ის“ დაფუძნების ხელშეკრულების თეიმურაზ ქ-ას ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლებიდან, რადგან მოსარჩელე თვლის, რომ ის ქონება, რომლითაც თეიმურაზ ქ-ა შევიდა ამხანაგობა „ლ-ის“ წევრად, არ წარმოადგენდა მის საკუთრებას და იგი სოსო ქ-ას მეშვეობით მემკვიდრეობით მიიღეს მოსარჩელეებმა, შესაბამისად, სავალდებულო წილზე კანონისმიერი მემკვიდრეობისა და მესაკუთრის უფლების აღდგენის, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ფართის მათ მიერ პრივატიზება გამოიწვევს სამკვიდრო მოწმობაში და საჯარო რეესტრში ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას. შესაბამისად, ამხანაგობა „ლ-ის“ ხელშეკრულებაში თეიმურაზ ქ-ა წილობრივად შევიდა ნაკლიანი ნივთით. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 23 მარტს დაფუძნდა ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ლ-ი“, ამხანაგობის წევრები სხვებთან ერთად იყვნენ თეიმურაზ, ვაჟა და ირინა ქ-ები. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 930-ე, 932-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ამხანაგობა „ლ-ის“ ხელშეკრულება დაიდო სანოტარო წესით, მისი მიზანია ამხანაგობის წევრების მიერ მრავალსართულიანი სახლის აშენება, რის გამოც სხვა წევრებთან ერთად თავიანთი წილობრივი შენატანებით ამხანაგობის საერთო საქმიანობას შეუერთდნენ თეიმურაზ, ირინა და ვაჟა ქ-ები. ხელშეკრულების დადებისას სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე თეიმურაზ ქ-ამ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომ უძრავი ქონება, რომელიც მის შენატანს წარმოადგენდა, მისი საკუთრება იყო. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულების დადებისას თეიმურაზ ქ-ა წარმოადგენდა რა ქ.ბათუმში, ...ქ.¹10-ში მდებარე 465 კვ.მ საერთო საკუთრების ფართისა და 67 კვ.მ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს, მას, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, უფლება ჰქონდა, საერთო საქმიანობაში შესატანი შეეტანა მისი კუთვნილი უძრავი ქონებით, ხოლო ხელშეკრულების დადების შემდეგ ქონება გადავიდა ამხანაგობის საერთო საკუთრებში. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობა „ლ-სა“ და თეიმურაზ ქ-ას შორის დადებული ხელშეკრულება საერთო საქმიანობის შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონს და იგი არ შეიცავს გარიგების ბათილობისათვის დადგენილ საფუძვლებს. დასახელებული ქონება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის სოსო ქ-ას ან მოსარჩელეების საკუთრებას არ წარმოადგენდა და მისი გასხვისების ნების გამოხატვა მათზე არ იყო დამოკიდებული. პალატის მოსაზრებით, კანონის მოთხოვნები დაცულია ასევე ვაჟა და ირინა ქ-ების მიერ ხელშეკრულების დადების დროსაც, კერძოდ, მათ მიერ ამხანაგობაში შეტანილი ფულადი თანხა მათ საკუთრებას წარმოადგენს და აღნიშნული თანხის ამხანაგობაში შენატანით კანონი არ დარღვეულა. პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა 100 კვ.მ საცხოვრებელი, 30 კვ.მ კომერციული ფართის მოსარჩელეთათვის გამოყოფის დავალდებულებისა და კომპენსაციის სახით ამხანაგობა „ლ-ისა“ და მერაბ ქ-ასათვის 10 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად, მხარეთა შორის ვალდებულება კანონით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით არ წარმოშობილა. პალატამ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული კომპენსაციის ანაზღაურება უკავშირდება ქ.ბათუმში, ...ქ.¹10-ში მდებარე უძრავი ქონების დემონტაჟს, აღნიშნული ქონების დანგრევით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის შესახებ კი სასამართლო იმსჯელებდა, თუ დადგინდებოდა სახლის უკანონოდ დანგრევის ფაქტი. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სახლის მესაკუთრეს წარმოადგენდა თეიმურაზ ქ-ა და იგი უფლებამოსილი იყო, გაეყიდა, გაეჩუქებინა, დაენგრია ან სხვაგვარი ზემოქმედება მოეხდინა მასზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის დავალდებულების თაობაზე გამომდინარეობს ძირითადი მოთხოვნებიდან, რაზედაც მხარეს უარი ეთქვა, შესაბამისად, მოთხოვნის ეს ნაწილიც უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ია და ნიკა ქ-ების კანონიერმა წარმომადგენელმა ირმა ხ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სოსო ქ-ამ მამის გარდაცვალების მომენტიდან ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ახმედ ქ-ას ქონების მესაკუთრედ არასწორად იქნა აღიარებული თეიმურაზ ქ-ა. იგი მამის დაკრძალვის დღიდან 2006 წლის ბოლომდე საქართველოში არ იმყოფებოდა. სოსო ქ-ა თეიმურაზ ქ-ას მიერ სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით პრეტენზიას ვერ განაცხადებდა, რადგან მის სიცოცხლეში თ.ქ-ა სადავო სამკვიდროს არ დაუფლებია, ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას იგი ცოცხალი აღარ იყო. სასამართლომ სოსო ქ-ასა და მისი შვილების მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თვალსაზრისით არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები _ სამედიცინო ცნობები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შედგენილი პირადი ბარათი 1987 წლიდან გარდაცვალებამდე სოსო ქ-ას სადავო სახლის კომუნალური ნაწილის 22,6 კვ.მ-ში ცხოვრების ფაქტის შესახებ. ნიკა ქ-ას დაბადების მოწმობაში მითითებული მისამართი _ ...ქ ¹35, სოსო ქ-ას პასპორტებში მითითებული საცხოვრებელი ადგილის მონაცემები, ასევე ის გარემოება, რომ ს.ქ-ას გარდაცვალების შემდეგ მისი შვილები პირადი, საოჯახო ნივთებისა და ტანსაცმლის გარეშე გამოსახლდნენ, რის გამოც თავდაპირველი სარჩელით მხარე მოითხოვდა მათ საცხოვრებელ სახლში შესახლებასაც და აღნიშნულზე მოპასუხეს საწინააღმდეგო არგუმენტი არ გამოუთქვამს. სასამართლო გასცდა მხარის მოთხოვნის ფარგლებს და ი.ხ-ძეს უარი უთხრა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, რაც მას არ მოუთხოვია. პალატამ კასატორის პროტესტის მიუხედავად, თეიმურაზ ქ-ას უფლებამონაცვლე მერაბ ქ-ას ნაცვლად განმარტების უფლება არასწორად მისცა მის დედას – ირინა ქ-ას, რომელიც მოცემულ დავაში მხარეს არ წარმოადენდა, ამასთან, ს.ქ-ას შრომისუუნარობის სამტკიცებლად საკმარის საფუძვლად არასწორად არ იქნა მიჩნეული მისი ავადმყოფობის გამო სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებისა და თადარიგში ჩარიცხვის ფაქტები, ასევე ის გარემოება, რომ მემკვიდრის შრომისუუნარობისა და მამკვიდრებლის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტს შრომისუუნარობის კატეგორიის განსაზღვრა არ სჭირდება. დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ახალი სამოქალაქო კოდექსით და არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 1507-ე მუხლი.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. მერაბ, ირინა და ვაჟა ქ-ები იღებენ ვალდებულებას 2010 წლის 1 სექტემბრამდე ია და ნიკა ქ-ებს შეუძინონ ოროთახიანი ბინა არანაკლებ 60 კვ. მეტრისა, საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში ქ.ბათუმში, ...ქ¹10-ის მიმდებარედ 200 კვადრატული მეტრის ფარგლებში (რადიუსით).
2. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მერაბ, ირინა და ვაჟა ქ-ები ია და ნიკა ქ-ებს გადაუხდიან აუდიტის მიერ დადგენილ საცხოვრებლად ვარგისი 60 კვადრატული მეტრი ფართის ღირებულებას.
3. მერაბ, ირინა და ვაჟა ქ-ები ბინას გააფორმებენ ია და ნიკა ქ-ების საკუთრებად.
4. ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდება მხოლოდ მორიგების პირობების შესრულების შემდეგ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
1. მერაბ, ირინა და ვაჟა ქ-ები იღებენ ვალდებულებას 2010 წლის 1 სექტემბრამდე ია და ნიკა ქ-ებს შეუძინონ ოროთახიანი ბინა არანაკლებ 60 კვ. მეტრისა, საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში ქ.ბათუმში, ...ქ¹10-ის მიმდებარედ 200 კვადრატული მეტრის ფარგლებში (რადიუსით).
2. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მერაბ, ირინა და ვაჟა ქ-ები ია და ნიკა ქ-ებს გადაუხდიან აუდიტის მიერ დადგენილ საცხოვრებლად ვარგისი 60 კვადრატული მეტრი ფართის ღირებულებას.
3. მორიგების პირველი პირობის შესაბამისად შეძენილი ბინა საკუთრებად გადაეცემათ ია და ნიკა ქ-ებს.
4. ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს მხოლოდ მორიგების პირობების შესრულების შემდეგ.
შეწყდეს საქმის წარმოება ია და ნიკა ქ-ების კანონიერი წარმომადგენლის ირმა ხ-ძის სარჩელის გამო თეიმურაზ, ვაჟა და ირინა ქ-ების, ქ.ბათუმის მერიის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ლ-ის“, მესამე პირების _ ქ.ბათუმის ნოტარიუს ხ.კ-ის, ნ.ა-ძის, ნ.უ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ გარიგების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანის, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებულად ცნობის, სავალდებულო წილის მესაკუთრედ ცნობისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.