¹ას-1132-1396-09 16 მარტი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი _ ინდივიდუალური მეწარმე ა. გ-ძე (წარმომადგენელი გ. ჭ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ე.-პ. ჯ.” (წარმომადგენელი ციალა ჩქარეული)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 6 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ე.-პ. ჯ.” მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმე “ვ. ქ-ძის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების _ 1036.16 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, სს “ე.-პ. ჯ.”, როგორც ელექტროენერგიის მომმარაგებელი ორგანიზაცია, მოპასუხეს 2007 წლის 30 ივნისიდან აწვდის ელექტროენერგიას. ინდივიდუალური მრიცხველის მიერ აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა აისახება ენერგოკომპანიის ბილინგის მონაცემებში, რომლის შესაბამისად, მოპასუხის დავალიანებამ საზოგადოების მიმართ 2008 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით შეადგინა 1036.36 ლარი. მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მოთხოვნით, მაგრამ მან არ დაფარა მასზე რიცხული დავალიანება, რის გამოც სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ადგებოდა ზიანი (ს.ფ. 1-11).
მოპასუხე ვ. ქ-ძემ მოითხოვა მისი, როგორც არასათანადო მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით _ ინდივიდუალური მეწარმე ა. გ-ძით, იმ მოტივით, რომ 2006 წლის მარტის თვიდან მის სახელზე აღრიცხული შემოქმედებითი სახელოსნო სიტყვიერი შეთანხმებით გადასცა ა. გ-ძეს სამეწარმეო საქმიანობისთვის, რის შემდეგაც ელექტროენერგიას მოიხმარდა ა. გ-ძე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხე ვ. ქ-ძე შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ინდივიდუალური მეწარმე ა. გ-ძით (ს.ფ. 53-54).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ე.-პ. ჯ.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ სს “ე. ......-სა” და სს “ე.-პ. ჯ.” შორის ელექტროენერგიის საფასურის ამოღების თაობაზე შეთანხმების პირველი პუნქტის თანახმად სს “ე. .....-მ” უფლებამოსილება მიანიჭა სს “ე.-პ. ჯ.”, ხოლო სს “ე.-პ. ჯ.” ვალდებულება იკისრა, განეხორციელებინა აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღამდე სს “ს. გ. ს. ე.” და შპს “ა. ე.” მიერ, მათ აბონენტებზე დარიცხული და მათთვის მიწოდებული, მაგრამ დაურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის ამოღება და ამოღებული თანხების სს “ე. .....-თვის” გადაცემა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მოპასუხის დავალიანების არსებობის შესახებ.
საქმეში არსებულ, სს “ე. .....-ის” გენერალური დირექტორის 2008 წლის 28 მაისის ¹146/55-8 წერილზე დაყრდნობით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისში, ... მე-2 შესახვევის ¹6ა-ში მდებარე ობიექტს (აბონენტი ¹9834642), სს “ე. ....-ის” მიმართ დავალიანება არ ერიცხებოდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს 2008 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით დავალიანება არ გააჩნდა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო (ს.ფ. 99-100).
Pპირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ე.-პ. ჯ.” გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 103-114).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ე.-პ. ჯ.” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს “ე.-პ. ჯ.” სარჩელი დაკმაყოფილდა: ინდივიდუალურ მეწარმე ა. გ-ძეს სს “ე.-პ. ჯ.” სასარგებლოდ დაეკისრა 1036.16 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს “ე. ....”-სა და სს “ე.-პ. ჯ.” შორის ელექტროენერგიის საფასურის ამოღების თაობაზე შეთანხმების პირველი პუნქტის თანხმად, სს “ე. .....-მ” უფლებამოსილება მიანიჭა სს “ე.-პ. ჯ.”, ხოლო სს “ე.-პ. ჯ.” ვალდებულება იკისრა, განეხორციელებინა აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღამდე სს “ს. გ. ს. ე.” და შპს “ა. ე.” მიერ, მათ აბონენტებზე დარიცხული და მათთვის მიწოდებული, მაგრამ დაურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის ამოღება და ამოღებული თანხების სს “ე. .....-თვის” გადაცემა;
სს “ე. ....-ის” გენერალური დირექტორის მიერ გაცემული, 2008 წლის 28 მაისის ¹146/55-8 მიმართვით დგინდებოდა, რომ ქუთაისში, ... მე-2 შესახვევის ¹6ა-ში რეგისტრირებულ აბონენტ ვ. ქ-ძეს სს “ე. ....”-ის მიმართ დავალიანება არ ერიცხებოდა;
საქმეში არსებული სანოტარო აქტით, ე.წ. “თანხმობით” დგინდებოდა, რომ 2006 წლის მარტში ვ. ქ-ძემ ქუთაისში, ... მე-2 შესახვევის ¹6-ში მდებარე შემოქმედებითი სახელოსნო სამეწარმო საქმიანობისათვის, კერძოდ, კერამიკული საამქროს ფუნქციონირებისათვის გადასცა ა. გ-ძეს;
სს “ს. გ. ს. ე.” მიერ გაცემული ქვითრებით დგინდებოდა, რომ ა. გ-ძე (აბონენტი ¹9834642) ქუთაისში, ... მე-2 შესახვევის ¹6-ში მდებარე ობიექტზე პერიოდულად იხდიდა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას;
ა. გ-ძეს დავალიანება ერიცხებოდა 2008 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით;
კერამიკული საამქრო აღნიშნული დროისათვის არ ფუნქციონირებდა;
2006 წლის მარტის თვიდან, ვ. ქ-ძის მიერ, ა. გ-ძისათვის, ქუთაისში, ... მე-2 შესახვევის ¹6-ში მდებარე, შემოქმედებითი სახელოსნოს გადაცემის შემდეგ, აღნიშნულ ფართში ა. გ-ძის მიერ დამონტაჟდა ახალი მრიცხველი, რომლის ჩვენებაც დამონტაჟების მომენტში შეადგენდა 0001.4-ს;
სს “ე.-პ. ჯ.” მიერ 2008 წლის 19 დეკემბერს შედგენილი აბონენტის ¹ 1219834642 ბარათით ირკვეოდა, რომ ქუთაისში, ... მე-2 შესახვევის ¹6-ში მდებარე კერამიკულ საამქროს, 2007 წლის 5 ივლისისათვის ხარჯი არ გააჩნდა, მრიცხველის ჩვენება იყო 111.34, ანგარიშსწორება გასწორებული იყო და რაიმე სახის დავალიანება არ ერიცხებოდა, ხოლო 2008 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით, მრიცხველის ჩვენება იყო 1001, დავალიანება კი შეადგენდა 1036.16 ლარს;
სს “ე.-პ. ჯ.” მიერ ¹ 1219834642 აბონენტზე გაცემული ქვითრებით დგინდებოდა, რომ 2007 წლის 5 აგვისტოსათვის, ქუთაისში, ... მე-2 შესახვევის ¹6-ში მდებარე კერამიკული მრიცხველის ჩვენება იყო 906.00, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი შეადგენდა 1096.95 ლარს, საიდანაც ა. გ-ძემ გადაიხადა 70 ლარი. 2007 წლის 5 სექტემბრისათვის მრიცხველის ჩვენება იყო 942.00, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი შეადგენდა 1076.71 ლარს, საიდანაც ა. გ-ძის მიერ გადახდილ იქნა 63 ლარი. 2007 წლის 5 ნოემბრისათვის მრიცხველის ჩვენება იყო 984.00, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი შეადგენდა 1031.69 ლარს, საიდანაც ა. გ-ძემ გადაიხადა 19 ლარი;
საქმეში წარმოდგენილი, სს “ე.-პ. ჯ.” მიერ ¹1219834642 აბონენტზე გაცემულ ქვითრებში დაფიქისრებული მონაცემები სრულად შეესაბამებოდა სს “ე.-პ. ჯ.” მიერ 2008 წლის 19 დეკემბერს შედგენილ ¹1219834642 აბონენტის ბარათში დ“ე.-პ. ჯ.”აფიქსირებულ მონაცემებს.
სს “ე. .....-სა” და სს “ე.-პ. ჯ.” შორის ელექტროენერგიის საფასურის ამოღების თაობაზე შეთანხმების პირველი პუნქტით დგინდებოდა, რომ სს “ე. ....-მა” უფლებამოსილება მიანიჭა სს “ე.-პ. ჯ.”, ხოლო სს “ე.-პ. ჯ.” ვალდებულება იკისრა, განეხორციელებინა აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღამდე (2007 წლის 29 ივნისამდე) სგსე-სა და აჭარის ენერგოკომპანიის მიერ, მათ აბონენტზებზე დარიცხული და მათთვის მიწოდებული, მაგრამ დაურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის ამოღება და ამოღებული თანხების სს “ე. .....-თვის” გადაცემა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ დროის შემდეგ ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოხმარებული ენერგიის საფასურის მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა სს “ე.-პ. ჯ.”, ხოლო 2007 წლის 29 ივნისამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე უფლებამოსილ პირს _ სს “ე. .....”. აქედან გამომდინარე, სს “ე. ....-ის” 2008 წლის 28 მაისის წერილი, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ ქუთაისში, ... მე-2 შესახვევის ¹6ა-ში რეგისტრირებულ, ¹9834642 აბონენტ ვ. ქ-ძეს (ა. გ-ძეს), სს “ე. ....-ის” მიმართ დავალიანება არ ერიცხებოდა, მოიცავდა 2007 წლის 29 ივნისამდე პერიოდს.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელით დავის საგანს წარმოადგენდა 2007 წლის 30 ივნისიდან 2008 წლის 5 თებერვლამდე წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სს “ე. ....-ის” მიერ 2008 წლის 28 მაისს გაცემული წერილი 2007 წლის 30 ივნისიდან 2008 წლის 5 თებერვლამდე პერიოდის დავალიანების არარსებობას ადასტურებდა, არასწორი იყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2007 წლის 29 ივნისიდან ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოხმარებული ენერგიის საფასურის მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა სს “ე.-პ. ჯ.”, ამასთან, 2007 წლის 5 ივლისისათვის ა. გ-ძის დავალიანება ნულის ტოლი იყო, ხოლო შემდგომ პერიოდებში იზრდებოდა, რომლის საფასურის ნაწილსაც ა. გ-ძე უხდიდა კიდეც სს “ე.-პ. ჯ.”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 5 ივლისიდან 2008 წლის 5 თებერვლამდე ა. გ-ძემ მოიხმარა 984.00 კვტ ელექტროენერგია, რომლის ღირებულების ნაწილი _ 152 ლარი გადახდილი, ხოლო 1036.19 ლარი _ გადაუხდელი ჰქონდა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია (ს.ფ. 155-165).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალურმა მეწარმე ა. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სს “ე.-პ. ჯ.” სააბონენტო ბარათის ამონაწერის მონაცემები არასწორია შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) 2006 წლის 11 მაისის აქტით დასტურდება, რომ იმავე მრიცხველის ჩვენება შეადგენდა 0001,4 კვ.სთ-ს, იმაზე მითითებით, რომ კერამიკული საამქროს ჩართვა შეიძლებოდა მრიცხველის ლაბორატორიული აღრიცხვის შემოწმებისა და დალუქვის შემდეგ, რის შემდეგაც ბილინგი უნდა აეყვანათ ობიექტურ აღრიცხვაზე;
ბ) საქმეში არსებული ¹000097 განწესის თანახმად, 2006 წლის 12 მაისს ინდივიდუალურ მეწარმე ა. გ-ძეს დაუდგეს ¹494213 მრიცხველი კერამიკული საამქროსთვის ჯიხურის შიდა კედელზე, ლითონის კარადაში, რომელზეც აბონენტის ნომერი მითითებული არ არის;
გ) მან შესაგებელშიც და პროცესზეც განმარტა, რომ 2006 წლის სექტემბერში ჯიხურში მისი მრიცხველის ტრანსფორმატორები ხანძრის შედეგად დაიწვა და გაეთიშა ელექტროენერგია. მისი მოთხოვნის საფუძველზე მრიცხველი გადატანილ იქნა საამქროს გარე კედელზე ჩვენებით 985კვ.სთ, ტრანსფორმატორებით 75/5. სს “ე. ....-ის” მენეჯერმა მრიცხველის დალუქვასა და დენის მიერთებაზე უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ ახლად დამონტაჟებულ მრიცხველზე დენის მიერთება ახალი წესებით იკრძალებოდა და უნდა შეეძინა 180 ლარად ღირებული ციფრული მრიცხველი, რომელიც უსახსრობის გამო ვერ შეიძინა და ახლად გადმოტანილი მრიცხველი არ დალუქეს. მოსარჩელეს მრიცხველის დალუქვის აქტი არ წარმოუდგენია, რის გარეშეც ელექტორენერგიის მოხმარება ითვლება კანონსაწინააღმდეგოდ და ისჯება 2000-ლარიანი ჯარიმით. ბილინგზე მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვისათვის, როგორც 2006 წლის 11 მაისის აქტით დასტურდება, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მრიცხველის ბილინგზე აყვანა. მოსარჩელემ ბილინგზე 2006 წლის 11 მაისის აქტით და 12 მაისის განწესით მრიცხველის ტრანსფორმატორების 50/5 სიმძლავრის შესაბამისად გააგრძელა დარიცხვა 10-იანი კოეფიციენტით, მაშინ როდესაც სს “ე.-პ. ჯ.” სადავო არასწორი დარიცხვა დაიწყო 2007 წლის ივნისიდან კოეფიციენტით 10, როდესაც გადმოტანილ იგივე მრიცხველზე ჩვენებით 985 კვ.სთ ტრანსფორმატორები შეიცვალა 75/5-ზე და მისი კოეფიციენტი შეადგენს 15-ს და არა 10-ს.
კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მრიცხველისადმი ელექტორენერგიის მიწოდება დღემდე არ მომხდარა, მრიცხველზე დაფიქსირებულია 2006 წლის სექტემბრის მონაცემი 985 კილოვატი, რომლის საფასურიც მთლიანად გადახდილი აქვს. ამდენად, მას არანაირი დავალიანება არ გააჩნია.
კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ სრულად არის დაფარული 2006 წლის ელექტროენერგიის საფასური. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მას 2007 წლის აგვისტოში, ოქტომბერსა და დეკემბერში ასევე აქვს გადახდილი თანხები, აღნიშნულს კასატორი ხსნის იმ გარემოებით, რომ მას სს “ე.-პ. ჯ.” თანამშრომელმა ელენერგიის ჩართვის მიზნით შეატანინა აღნიშნული თანხები სამომავლოდ და მიიჩნევდა, რომ აღნიშნული თანხები დაჯდებოდა დეპოზიტზე. ის გარემოება, რომ კასატორს არ გააჩნია დავალიანება, დასტურდება სს “ე. ....-ის” 2008 წლის 5 მაისის ცნობით.
კასატორი მიუთითებს, რომ სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ” აბონენტის ბარათის თანახმად 2007 წლის 6 ივნისიდან მრიცხველის ათვლა გახარჯულ ელენერგიაზე დაიწყო 111.34 კვ-დან და პერიოდულად ერიცხებოდა გადასახადი, მაშინ როდესაც მრიცხველს 2006 წლის სექტემბრიდან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, არის დაულუქავი. აბონენტის ბარათის თანახმად კი მას ერიცხებოდა გადასახადები, მაშინ როდესაც არ არის მინიშნებული აბონენტის ბარათში კოეფიციენტი 15 ნაცვლად 10-სა, არ არსებობს გადმოტანილი მრიცხველის დალუქვის აქტი, წინააღმდეგობრივია აბონენტის ბილინგის ჩვენებები (ს.ფ. 166-167, 177-187).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური მეწარმე ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში _ 2007 წლის 30 ივნისიდან 2008 წლის 5 თებერვლამდე _ ინდივიდუალურ მეწარმე ა. გ-ძეს მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რომლის საფასურის ნაწილი მას ამ პერიოდში გადახდილი აქვს და დარჩენილი გადასახდელი თანხა შეადგენს 1036.16 ლარს, რაც წარმოადგენს სადავო თანხას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია საქმეში არსებული სააბონენტო ბარათის, ასევე გადახდის ქვითრების საფუძველზე.
კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის სისწორეს და აღნიშნავს, რომ მის სამეწარმეო ობიექტს 2006 წლის სექტემბრიდან არ მიეწოდება ელექტროენერგია, მათ შორის, სადავო პერიოდშიც არ მიეწოდებოდა და შესაბამისად, არც ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება აქვს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე კასატორს არა აქვს წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ მას სადავო პერიოდში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და რომ სააბონენტო ბარათის მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს. კასატორს არ აქვს წარმოდგენილი და ვერ მიუთითებს მტკიცებულებებზე, რაც აღნიშნული სააბონენტო ბარათის ნამდვილობას აქარწყლებს. ასეთს არ წარმოადგენს მის მიერ მითითებული 2006 წლის მაისის მდგომარეობით მრიცხველის მოხსნის აქტი და თავიდან დადგმის განწესი. კასატორი ვერ ადასტურებს, რომ მრიცხველი, რომლის ჩვენებებიც სააბონენტო ბარათშია ასახული, მას არ უდგას. კასატორი მსჯელობს მის მიერ 2006 წლის დავალიანების გადახდაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2006 წლის დავალიანების კასატორის მიერ გადახდა არ არის სადავო, მოწინააღმდეგე მხარე სს “ე.-პ. ჯ.” ადასტურებს, რომ მას მოცემული აბონენტი ხარჯის გარეშე გადმოეცა და 2007 წლის ივნისამდე პერიოდის დავალიანება არ გადმოჰყოლია. ამ შემთხვევაში სადავოა დავალიანება 2007 წლის ივნისიდან, რის თაობაზეც კასატორს არა აქვს დასაბუთებული არგუმენტაცია.
კასატორი ასევე სარწმუნოდ ვერ ასაბუთებს, თუ რატომ გადაიხადა მან 2007 წლის აგვისტოში, ოქტომბერსა და დეკემბერში ელექტროენერგიის საფასურის ნაწილი, თუკი მას 2006 წლის სექტემბრიდან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და არაფერი გაუხარჯავს. აქვე საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი აღნიშნული გადახდის ქვითრებზე ასახულია ელექტროენერგიის დავალიანება სწორედ იმ მონაცემებით, როგორც სააბონენტო ბარათზე. სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლი ითვალისწინებს მოვალის უფლებას, ვალდებულება შეასრულოს ნაწილ-ნაწილ, თუკი კრედიტორი ამაზე თანახმაა.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ მის მიერ სადავო პერიოდის ელექტროენერგიის დავალიანების არქონას ადასტურებს სს “ე. .....-ის” 2008 წლის 5 მაისის ცნობა. სს “ე. ....-სა” და სს “ე.-პ. ჯ.” შორის ელექტროენერგიის საფასურის ამოღების თაობაზე შეთანხმების თანხმად, სს “ე. ....-მ” უფლებამოსილება მიანიჭა სს “ე.-პ. ჯ.”, ხოლო სს “ე.-პ. ჯ.” ვალდებულება იკისრა, განეხორციელებინა აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღამდე სს “ს. გ. ს. ე.” და შპს “ა. ე.” მიერ, მათ აბონენტებზე დარიცხული და მათთვის მიწოდებული, მაგრამ დაურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის ამოღება და ამოღებული თანხების სს “ე. ....-თვის” გადაცემა. დადგენილია, რომ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე სს “ე.-პ. ჯ.” მომხმარებლებისაგან ელექტროენერგიის საფასურის ამოღებას ახორციელებს 2007 წლის 30 ივნისიდან და ამავე პერიოდიდან აღნიშნული კომპეტენცია სს “ე. ......-ს” აღარ აქვს. ამდენად, სს “ე. .....-ის” ზემოაღნიშნული ცნობა ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2007 წლის 30 ივნისიდან აბონენტს არა აქვს დავალიანება სს “ე.-პ. ჯ.” მიმართ და რომ სს “ე.-პ. ჯ.” მიერ შედგენილი სააბონენტო ბარათის მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს. ის გარემოება კი, რომ აბონენტს სს “ე. .....-ის” მიმართ დავალიანება არ გააჩნდა სს “ე.-პ. ჯ.” გადაცემის მომენტში, სადავო არ არის.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აბონენტმა სრულად ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება სს “ე.-პ. ჯ.” წინაშე, რის გამოც არსებული დავალიანება ექვემდებარება გადახდევინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ინდივიდუალური მეწარმე ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.