Facebook Twitter

¹ ას-1135-1024-2010 13 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ჩ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ო.» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება, სიგარეტის კოლოფის 50%-ის დაფარვა, სიგარეტის წარმოებისა და რეალიზაციის აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჩ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ო.-ს» მიმართ და მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის _ 500000 ლარის ანაზღაურება, სიცოცხლი ბოლომდე მინიმალური ხელფასის 50 ოდენობის გადახდა, სიგარეტის წარმოებისა და რეალიზაციის აკრძალვა, სიგარეტის კოლოფზე გამაფრთხილებელი ფორმით 50%-ის დაფარვა პიქტოგრამების ჩათვლით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ არის თამბაქოს აქტიური მომხარებელი, რამაც მნიშვნელოვნად დაუზიანა ჯანმრთელობა. მოსარჩელე არ ყოფილა გაფრთხილებული სიგარეტის მოწევის მავნე შედეგების შესახებ, რითაც დაირღვა მისი, როგორც მომხმარებლის უფლებები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გ.ჩ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული დაავადებების სწორედ სიგარეტ «ე.-ს» მავნე ზემოქმედების შედეგად გამოწვევის ფაქტი. ასევე არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოსარჩელის დაავადებასა და მოპასუხის ქმედებას შორის.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოპასუხემ დაარღვია «საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს «ო.» პირდაპირ და უშუალოდ არ შეიძლება იყოს «თამბაქოს კონტროლის შესახებ» ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის დებულებათა შემსრულებელი, რადგან ზემოაღნიშნული კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოს კონვენციის პირნციპების გადატანას შიდა კანონმდებლობაში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ჩ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და დაარღვია «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის» ევროპის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება, მიეღო დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილება. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი და სამართლებრივად არ შეაფასა «მომხმარებელთა შესახებ» საქართველოს კანონი, როდესაც მიიჩნია, რომ მისი მოქმედება თამბაქოს ნაწარმზე არ ვრცელდება.

საქმეზე დაკითხული მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ კასატორი წლების განმავლობაში მოიხმარს «ე.-ს» მარკის სიგარეტს. აღნიშნული გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, სასამართლოს იგი უდავოდ დადგენილ ფაქტად უნდა მიეჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია სასამართლოს მითითება, რომ გ.ჩ-ძე დაავადდა სწორედ «ე.-ს» მარკის სიგარეტის მოხმარების შედეგად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ჩ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ზიანის ანაზღაურების, სიგარეტის კოლოფის 50%-ის დაფარვის, სიგარეტის წარმოებისა და რეალიზაციის აკრძალვის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.