საქმე ¹ას-1135-1399-09 10 თებერვალი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანმა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ბ-იანი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-იანი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-იანის მიმართ მოპასუხის განზრახი ქმედებით უძრავი ნივთის დაზიანებით გამოწვეული ზიანის _ 1957.87 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ-იანის მოთხოვნა ნ. ბ-იანის მიმართ ზიანის ასანაზღაურებლად 1957.86 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-იანმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მ.მ-იანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-იანის წარმომადგენელმა გ. კ-ძემ. საკასაციო საჩივარში მხარის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მხარეები სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებული არიან და შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით უთითებს ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ნ.ბ-იანს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, გ.კ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლისა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების რწმუნებულისათვის მინიჭების თაობაზე სათანადო წესით გაცემული წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
დადგენილ ვადაში გ.კ-ძემ განცხადებით მიმათრთა სასამართლოს, წარმოადგინა ადვოკატის მოწმობის ასლი და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი იმყოფება საზღვარგარეთ. ამასთან მიუთითა, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ დაუვალებიათ, ლენტეხის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტზე. მხარის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინებით არასწორად დაევალა წრმუნებულების წარმოდგენა, რადგანაც საქმეში არსებული რწმუნებულების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს კასატორის წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭების სადავოდ მიჩნევის საფუძველი არ ჰქონდა, ვინაიდან მასში მითითებულია, რომ რწმუნებული მარწმუნებელს წარმოადგენს ყველა ფაზიკურ და იურიდიულ პირთან, სახელმწიფო ორგანოსთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლო ორგანოებში, აღნიშნული კი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების წარმომადგენლისათვის მინიჭებას გულისხმობს. გ.კ-ძემ განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, ადვოკატის სიითი ნომრის სასამართლო სხდომის ოქმში მითითების შემდეგ, მისთვის საქმეზე დასართავად არ მოუთხოვიათ ადვოკატის მოწმობის ასლი.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის განჩინებით მხარის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ.ბ-იანს გაუგრძელდა დადგენილი ვადა 5 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე რწმუნებულისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭების თაობაზე სათანადო წესით გაცემული წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთან განემარტა მხარე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ მხარემ სასამართლოსათვის სათანადო მტკიცებულების _ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობისა და საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი ცნობის წარდგენის გზით, უნდა დაადასტუროს, რომ იგი კანონის დასახელული ნორმის დანაწესის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. განსახილველ შემთხვევაში კი ნ. ბ-იანს აღნიშნული მტკიცებულებები არ წარუდგენია. საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია არა მხარეთა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებაზე, არამედ აღნიშნული ხარჯის გადახდისაგან მხოლოდ მ.მ-იანის გათავისუფლების თაობაზე (იხ. ს.ფ.138), აღნიშნული კი არ მოიზრებს ნ.ბ-იანის გათავისუფლებასაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია იმ უფლებათა ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენლისათვის მინიჭების შემთხვევაში სათანადოდ უნდა იქნას მითითებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტში. აღნიშნული ჩამონათვალი მოიცავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას და ამ უფლების მინიჭების თაობაზე არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად უნდა აღნიშნოს რწმუნებულებაში. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი უვადოდ გაცემული მინდობილობის (იხ. ს.ფ.26) დათქმა, რომ რწმუნებული მარწმუნებელს წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებსა და სასამართლო ორგანოებში არ მოიაზრებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მხარისათვის მინიჭებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილისა და ამავე კოდექსის 440-ე მუხლების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა გ.კ-ძის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმში ადვოკატის სიითი ნომრის დაფიქსირება გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენის მოთხოვნას და მიუთითა, რომ მხარე თავადვეა ვალდებული კანონით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენის გზით დაადასტუროს ესა თუ ის ფაქტი.
საკასააციო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის განჩინება გაიგზავნა კასატორის მიერ მითითებულ მისამართზე და 2010 წლის 19 იანვარს ჩაბარდა ადრესატს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 168). ხარვეზის გამოსწორებსათვის დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ნ.ბ-იანს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის განჩინებით გაუგრძელდა რა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა, მხარეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე რწმუნებულისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭების თაობაზე სათანადო წესით გაცემული წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება გაიგზავნა კასატორის მიერ მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა ადრესატს 2010 წლის 19 იანვარს (იხ. ს.ფ.168).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 20 იანვარს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა კვირას, ამოიწურა ამავე წლის 25 იანვარს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ბ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.