ას-1139-1028-2010 13 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სსიპ “ა. სააგენტო” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ბ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ “ა. სააგენტომ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-შვილის მიმართ 3600 ლარის დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე წარმოადგენს სსიპ “ბ. ფონდის” უფლებამონაცვლეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2006 წლის 1 ივნისის ¹01-11/01/4647 წერილის საფუძველზე ფონდმა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის გიულჰანეს სამხედრო ჰოსპიტალს ლ. ბ-შვილის სამკურნალოდ გადაურიცხა 3600 ლარი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 26 ნოემბრის ¹8-07/1739 წერილით ფონდისთვის ცნობილი გახდა, რომ კლინიკა “გ.-ში” გადარიცხული 3600 ლარი “გ.-მ” გადაურიცხა ლ. ბ-შვილს, რომელიც ოპერაციის ჩასატარებლად თურქეთში არ გამგზავრებულა.
2006 წლის 19 დეკემბრის წერილით ფონდმა შეტყობინება გაუგზავნა ლ. ბ-შვილს მიღებული თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა მოპასუხეს თანხა არ დაუბრუნებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისაგან მიღებული სადავო თანხა სრულად დახარჯა მკურნალობისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ “ბ. ფონდმა” ქ. ანკარის გიულჰანეს სამხედრო ჰოსპიტალს ლ. ბ-შვილის სამკურნალოდ გადაურიცხა 3600 ლარი.
2006 წლის 19 სექტემბერს ქ.ანკარის გიულჰანეს სამხედრო ჰოსპიტალმა სამკურნალოდ გადარიცხული 3600 ლარი გადაურიცხა ლ. ბ-შვილს “ზ.” ბანკის მეშვეობით პირად ანგარიშზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ გადარიცხული თანხა ლ. ბ-შვილმა გახარჯა მიზნობრივად, რის გამოც მისი დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ წარდგენილი განცხადებით ლ. ბ-შვილი მოითხოვდა ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო კურსებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში სასტუმროში ცხოვრების, კვებისა და მომვლელის დახმარების ხარჯებს 2000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ანკარის “გ.-ს” სამხედრო ჰოსპიტალში ოპერაციების ხარჯებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ანაზღაურებდა თურქეთის მხარე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 1 ივნისის წერილით სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ეთხოვა ლ.ბ-შვილის ზემოაღნიშნული განცხადების განხილვა და რეფერეალური პროგრამის ფარგლებში დახმარების გაწევა, რის შემდგომაც ფონდმა გადარიცხა 3600 ლარი. ლ. ბ-შვილი ოთხჯერ იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში გამყოლთან ერთად და ჩაუტარდა ოპერაციები.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 984-ე მუხლის პირველი ნაწილი. პალატის მოსაზრებით, მოპასუხეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ქ.ანკარის გიულჰანეს სახელობის სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალ “გ.-ში” მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხა წარმოადგენდა რეფერალური პროგრამის ფარგლებში მკურნალობისთვის გადარიცხულ თანხას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორად იქნა მიჩნეული, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს აღარ არსებობდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ნიშნები, რადგან მან განცხადებით მოთხოვნილი თანხა მიზნობრივად გამოიყენა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ “ა. სააგენტომ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავა გადაწყვიტა სამოქალაქო კოდექსის 984-ე მუხლის საფუძველზე, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ ლ.ბ-შვილს “გ.-ში” გადარიცხული თანხის მიმართ არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა.
პალატამ არასწორად დაადგინა, რომ ლ.ბ-შვილმა სადავო თანხა მიზნობრივად დახარჯა, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სსიპ “ა. სააგენტოს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ “ა. სააგენტოს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია უკანონოდ მიღებული თანხის დაბრუნების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 984-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ “ა. სააგენტოს” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.