¹ას-1139-1403-09 26 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. გ-ძე-გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, მ. გ-შვილის სარჩელის გამო დ. გ-ძე-გ-ძის მიმართ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
2010 წლის 11 იანვარს დ. გ-ძე-გ-ძის წარმომადგენელმა ნ. კ-ავამ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და საკასაციო პალატას წარმოუდგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამასადტურებელი ქვითარი, მაგრამ არ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით დ. გ-ძე-გ-ძის წარმომადგენელ ნ. კ-ავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ.209-210).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორს გაეგზავნა 2010 წლის 14 იანვარს (ს.ფ. 211). საქმეში არსებული საფოსტო განყოფილების ცნობის თანახმად, სასამართლო გზავნილი ნ. კ-ავას პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 28 იანვარს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ს.ფ. 214).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-ძე-გ-ძის წარმომადგენლის ნ. კ-ავას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. გ-ძე-გ-ძის წარმომადგენლის ნ. კ-ავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველი;
დ. გ-ძე-გ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.