ას-1140-1404-09 3 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. ა-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ უ. გ-იანი, ე. ნ-ძე, ბ. გ-ური (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ საზოგადოების პარტნიორთა და სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უ. გ-იანმა, ე. ნ-ძემ და ბ. გ-ურმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს “---” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ა-ძის მიმართ სს “---” სამეთვალყურეო საბჭოს 2008 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმის, ასევე საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების 2008 წლის 29 აგვისტოსა და 3 ნოემბრის სხდომის ოქმების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: სს „---“ დირექტორია ბ. გ-ური. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო შესდგება სამი წევრისგან _ თავმჯდომარე ა. ა-ძის, უ. გ-იანისა და ე. ნ-ძისაგან. 2008 წლის დეკემბერში მათთვის ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს ა. ა-ძემ შეადგინა სხდომის ოქმი, რომლითაც ბ. გ-ური დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა არ ჩატარებულა. 2008 წლის 24 ნოემბერს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ა-ძე, დირექტორი _ ბ. გ-ური და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი _ უ. გ-იანი შეიკრიბნენ ქ.ქუთაისში, ... ¹5-ში, მაგრამ სხდომა არ ჩატარებულა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა არ ყოფილა და სამეთვალყურეო საბჭოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. 2008 წლის 29 აგვისტოს ა. ა-ძემ მოიწვია აქციონერთა საერთო კრება. 2008 წლის 3 ნოემბერს განცხადებები კრების ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის უხეში დარღვევით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელეს არ ეცნობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: სასარჩელო მოთხოვნები სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგან აქციონერთა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ჩატარდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. რაც შეეხება 2008 წლის 29 აგვისტოს სხდომის ოქმს, აღნიშნულ დღეს აქციონერთა საერთო კრება არ ჩატარებულა და არც სხდომის ოქმი არ არსებობს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით უ. გ-იანის, ე. ნ-ძისა და ბ. გ-ურის სარჩელი სს “---” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ა-ძის მიმართ სს “---” სამეთვალყურეო საბჭოს 2008 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმის, ასევე საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების 2008 წლის 29 აგვისტოსა და 3 ნოემბრის სხდომის ოქმების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს უ. გ-იანმა, ე. ნ-ძემ და ბ. გ-ურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უ. გ-იანის, ე. ნ-ძისა და ბ. გ-ურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და უ. გ-იანის, ე. ნ-ძისა და ბ. გ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს “---” 2008 წლის 3 ნოემბრის აქციონერთა საერთო კრების ოქმი, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს 2008 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სს „---“ რეგისტრირებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ა. ა-ძე, რუ. გ-იანი და ე. ნ-ძე, საზოგადოების დირექტორია ბ. გ-ური. 2008 წლის 3 ნოემბერს შესდგა სს „---“ აქციონერთა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების 29,17%-ს ხმის უფლების მქონე აქციონერები. კრების გადაწყვეტილებით შეიცვალა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა, ცვლილებები შევიდა საზოგადოების წესდებაში, განისაზღვრა ე.წ. საკუთარი მშენებლობების სამართლებრივი ბედი, დამტკიცდა სს „---“ აქციონერთა სია და გადაწყდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი. კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგი სახით – ა. ა-ძე, უ. გ-იანი და ნაომ ცხელიშვილი, თუმცა აღნიშნული ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში არ გატარებულა. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, არ დადგენილა სააღრიცხვო დღე, აქციონერებს ასევე არ ეცნობათ საერთო კრების ჩატარების ადგილი და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები მისაღებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მანამდე საზოგადოების აქციონერთა კრება მოწვეულ იქნა ორჯერ _ 2008 წლის 7 აგვისტოსა და 29 აგვისტოს, თუმცა არც ამ კრებების მოწვევისას არ ყოფილა დაცული შესაბამისი პროცედურა და არც კრებების ოქმები შემდგარა. 2008 წლის 24 ნოემბერს, 2008 წლის 3 ნოემბრის საერთო კრების გადაწყვეტილებით შექმნილმა სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოების დირექტორობიდან ბ.გ-ურის გათავისუფლებისა და საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე ა. ა-ძის დანიშვნის შესახებ. კრების ოქმის თანახმად, მასში მონაწილეობა მიიღეს ა.ა-ძემ, რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა ნ.ც-შვილს, და უ.გ-იანმა. ა.ა-ძემ მხარი დაუჭირა წინადადებას დირექტორის გათავისუფლების შესახებ, ხოლო უ.გ-იანმა გამოთქვა საწინააღმდეგო მოსაზრება. სამეთვალყურეო საბჭოს ამ სხდომაზე ე. ნ-ძე არ მოწვეულა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აქციონერთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებით ხდება ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა, იცვლება ან წყდება. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით და დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ სს „---“ 2008 წლის 3 ნოემბრის აქციონერთა კრება ჩატარდა კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. პალატის მოსაზრებით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარეობს, რომ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის უფლება აქვთ დირექტორებს, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქმის მასალებით სასამართლომ დაადგინა, რომ სს „---“ 2008 წლის 3 ნოემბრის აქციონერთა კრება არც საზოგადოების დირექტორს, არც სამეთვალყურეო საბჭოსა და არც, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის 34 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების აქციების 5%-ის მქონე აქციონერებს არ მოუწვევიათ, არამედ კრება მოიწვია საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, რომელსაც აღნიშნულის უფლებამოსილება არ გააჩნდა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ კრება მოწვეულ იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ, კრების მოწვევასთან ერთად, უნდა დაადგინოს სააღრიცხვო დღე, ვინაიდან საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება ენიჭებათ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც სააღრიცხვო დღისათვის აქციაზე საკუთრების უფლება აქვთ. პალატამ მიუთითა, რომ სს „---“ სამეთვალყურეო საბჭოს აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღე არ დაუდგენია, შესაბამისად, არც აქციონერთა კრებაზე გამოცხადებულ პირთა უფლებამოსილება კრებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით არ დადასტურებულა. სასამართლოს მითითებით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარეობს, რომ საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნას, როგორც საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, ასევე საქართველოს ტერიტორიიის ნებისმიერ ადგილზე, რის გამოც შეტყობინებაში კრების მოწვევის შესახებ უნდა მიეთითოს კრების ჩატარების ადგილი, ვინაიდან შეტყობინებას უნდა დაერთოს იმ პროცედურის აღწერა, რომლის მიხედვითაც აქციონერს შეუძლია, შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება. პალატის მოსაზრებით, აღნიშნულში იგულისხმება არა მარტო ხმის უფლების შემოწმება, არამედ ზოგადად კრებაში მონაწილეობის შესაძლებლობის შემოწმება, ხოლო, თუ აქციონერს არ ეცოდინება კრების ჩატარების ადგილი, ცხადია, იგი მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ზემოხსენებული ნორმის დისპოზიციის შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მითითებული პროცედურები აქციონერთა კრების მოწვევისას დაცული არ ყოფილა და არც სხდომის ოქმი არ შედგენილა, რითაც დაირღვა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მეორე, მეხუთე პუნქტებისა და 91 მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნები. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ 2008 წლის 3 ნოემბრის აქციონერთა კრება არ იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება და დაედო გარიგება, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საერთო კრების გადაწყვეტილება, როგორც არაუფლებამოსილ პირთა მიერ დადებული გარიგება ბათილია და გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. პალატის მითითებით, ბათილია ასევე სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაც. სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მეხუთე პუნქტით და მიიჩნია, სს „---“ სამეთვალყურეო საბჭოს 2008 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე ამ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ე. ნ-ძე საერთოდ არ ყოფილა მიწვეული, შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილებები. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრიდან (ა. ა-ძე, უ. გ-იანი და ე. ნ-ძე) ორ დამსწრე წევრს _ ა. ა-ძესა და უ. გ-იანს შორის გადაწყვეტილების მიღებისას ხმები გაიყო, ამდენად, ე. ნ-ძის საბჭოს სხდომაზე ყოფნის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, საბჭოს მიეღო განსხავებული გადაწყვეტილება, რის გამოც სასამართლომ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ბათილად ჩათვალა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა მხოლოდ საერთო კრების 2008 წლის 3 ნოემბრის ოქმისა და სამეთვალყურეო საბჭოს 2008 წლის 24 ნოემბრის ოქმის ბათილად ცნობა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ა-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: აპელანტებმა მოპასუხედ დაასახელეს და ედავებოდნენ ა.ა-ძეს, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რაც მათ 2009 წლის 1 ოქტომბერს საქმის განხილვისას დაადასტურეს. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ სხდომის ოქმში ა.ა-ძე დააფიქსირა, როგორც სააქციო საზოგადოების დირექტორი და გადაწყვეტილების შესავალ ნაწილშიც მხარედ მიუთითა სს „---“, დააკისრა მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა მაშინ, როცა სინამდვილეში სს „---“ საქმეში მხარე არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2008 წლის 7 და 29 აგვისტოს სხდომის ოქმებზე მითითებისას ა.ა-ძემ განაცხადა, რომ ასეთი ოქმების შედგენის აუცილებლობას კანონი არ ითვალისწინებდა, მაგრამ აღნიშნული ოქმები მან შეადგინა და შეეძლო მათი, ისევე როგორც 2008 წლის 18 ივნისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის წარდგენა, რაზეც სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის შესახებ, ვინაიდან სადავო სასამართლო სხდომის ოქმი მხარეს გადაეცა სამდღიანი ვადის დარღვევით, შესაბამისად, შენიშვნებიც შეტანილ იქნა მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 91 მუხლის მესამე პუნქტი, რადგან ოქმის შესადგენად საჭიროა თავმჯდომარის არჩევა და პარტნიორთა კრების მიერ რაიმე გადაწყვეტილების მიღება. თუკი კრება გადაწყვეტილებაუუნაროა და შესაბამისად, გადაწყვეტილება არ მიიღება, ოქმის შედგენის საჭიროება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 91 მუხლის მესამე პუნქტის შინაარსიდან არ გამომდინარეობს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მეორე პუნქტი, როდესაც მიუთითა, რომ კრების ჩატარების მისამართი არ გამოქვეყნებულა. ხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააქციო საზოგადოების კრების ძირითად მისამართს ადგენს თავად კანონი და იგი არის საზოგადოების იურიდიული მისამართი, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საწარმოს რეგისტრაციის აუცილებელი ელემენტია და სააქციო საზოგადოების იურიდიული მისამართი ყველა აქციონერისათვის ცნობილია. მისამართის გამოქვეყნება აუცილებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კრება ჩატარდებოდა არა საწარმოს იურიდიულ მისამართზე, არამედ სხვა ადგილზე, ხოლო, თუკი შეტყობინებაში მისამართი არ არის მითითებული, ეს იმას ნიშნავს, რომ კრება ტარდება კანონით დადგენილ საწარმოს იურიდიულ მისამართზე. სასამართლომ მიუთითა, რომ შეტყობინებას თან არ ერთვოდა დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადასაწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული განპირობებული იყო სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს ადრინდელი წევრები არ იზიარებდნენ დასმული საკითხების გადაჭრის საჭიროებას. რეკომენდაციები, რომელზედაც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, უნდა შეემუშვებინა სწორედ მოპასუხეებს, რაც უშუალოდ მათ მოვალეობაში შედიოდა და ასეთი განუხილველობა არ შეიძლება ჩაითვალოს მოპასუხეების უფლებების შემლახავად და კრების ოქმების ბათილობის საფუძვლად. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ კასატორს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება არ გააჩნდა. სასამართლომ თავისი დასკვნა დაასაბუთა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით, რაც არასწორია, რადგან აღნიშნული ნორმით რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის უფლება აქვს 5%-ის მფლობელ აქციონერს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 3 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა 29,17%-ის ხმის უფლების მქონე აქციონერები, მათ შორის კი 27,84% ეკუთვნოდა კასატორს. მცდარია სააპელაციო სასამართლოს განმარტება რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ასეთი უფლებამოსილება დადგენილია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის მეექვსე პუნქტის მესამე წინადადებით. მოცემულ შემთხვევაში ასეთი უფლებამოსილება ა.ა-ძეს ჰქონდა ამავე მუხლის მეორე წინადადებითაც. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აქციონერთა კრების 2008 წლის 3 ნოემბრის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია, რაც იმის დამადასტურებელია, რომ უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს 2008 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმის ბათილად ცნობის შესახებაც. საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო არა ნაომ ცხელიშვილი, არამედ ე. ნ-ძე. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილების სავალდებულო რეგისტრაციას არ ითხოვს. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, რადგან არ შეაფასა კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ ა.ა-ძემ ე.ნ-ძეს გაუგზავნა დაზღვეული შეტყობინება და მიიწვია სადავო სხდომაზე დასასწრებლად. ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ კანონიდან გამომდინარეობს, რომ აქციონერთა კრებისა თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევის პროცედურების დაუცველობა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობის საფუძველი, თუ აღნიშნულის შედეგად შეილახა აქცონერის უფლებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ა. ა-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ა-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და საერთო კრების მოწვევის წესის დაცვისა და მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება “მეწარმეთა შესახებ” კანონის 54-ე და 91 მუხლებს, 55-ე მუხლის მეხუთე პუნქტს, ასევე სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 111-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. ა-ძეს უნდა დაუბრუნდეს 2009 წლის 19 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით სს ,,---” მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ა-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ა. ა-ძეს დაუბრუნდეს სს “---” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ას-1140-1404-2009 12 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ა. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ უ. გ-ი, ე. ნ-ე, ბ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი _ საზოგადოების პარტნიორთა და სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უ. გ-მა, ე. ნ-ემ და ბ. გ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს «ტ. ქ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ა-ის მიმართ სს «ტ. ქ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2008 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმის, ასევე საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების 2008 წლის 29 აგვისტოსა და 3 ნოემბრის სხდომის ოქმების ბათილად ცნობის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით უ. გ-ის, ე. ნ-ისა და ბ. გ-ის სარჩელი სს «ტ. ქ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ა-ის მიმართ სს «ტ. ქ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2008 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმის, ასევე საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების 2008 წლის 29 აგვისტოსა და 3 ნოემბრის სხდომის ოქმების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს უ. გ-მა, ე. ნ-ემ და ბ. გ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1-ლი ოქტომბრის გადაწყვეტილებით უ. გ-ის, ე. ნ-ისა და ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და უ. გ-ის, ე. ნ-ისა და ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს «ტ. ქ-ის” 2008 წლის 3 ნოემბრის აქციონერთა საერთო კრების ოქმი, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს 2008 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმი, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით დაადგინა:
ა. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ა. ა-ეს დაუბრუნდეს სს «ტ.ი ქ-ის» მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ა-ემ და მოითხოვა საკასაციო პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებლის განმარტებით, განჩინებაში არასწორადაა მითითებული სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი, ნაცვლად შპს «აა ტ-ისა» მითიტებულია სს «ტ. ქ-ი».
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ა-ის განცხადება სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების სამოტივაციო ნაწილში სიტყვები: «სს «ტ.ი ქ-ის» მიერ გადახდილი» უნდა გასწორდეს სიტყვებით: «შპს «აა ტ-ის» მიერ გადახდილი». შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში, ნაცვლად სს «ტ.ი ქ-ის», უნდა მიეთითოს ,,შპს «აა ტ-ის».
სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
ა. ა-ეს დაუბრუნდეს შპს «აა ტ-ის» მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებაში დაშვებული შემდეგი უსწორობა: განჩინების სამოტივაციო ნაწილში «სს «ტ.ი ქ-ის» მიერ გადახდილი» გასწორდეს სიტყვებით: «შპს «აა ტ-ის» მიერ გადახდილი». შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში ნაცვლად სს «ტ.ი ქ-ის», მიეთითოს ,,შპს «აა ტ-ის».
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ა. ა-ეს დაუბრუნდეს შპს «აა ტ-ის» მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.