ას-114-112-2011 25 თებერვალი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. გ-ავა
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ი.”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბეს ორმაგად დაბრუნება, ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ-ავას და მ. ხ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს “ი.-ს” გ. გ-ავას და მ. ხ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარი, გ. გ-ავას და მ. ხ-იანის სარჩელი შპს “ი.-ს” მიმართ ბე-ს სახით გადახდილი თანხის ორმაგად (411854 ლარი და 100000 აშშ დოლარი) დაბრუნების, ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის – 387000 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის – 200000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გ. გ-ავას და მ. ხ-იანის სარჩელი ს. გ-ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-ავამ და მ. ხ-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით გ. გ-ავას და მ. ხ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. გ-ავამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ავას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინების ასლი გ. გ-ავას გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ... ქ.¹105, ბინა 58). საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ 2010 წლის 22 დეკემბრის შეტყობინების ბარათიდან ირკვევა, რომ სასამართლოს გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა მითითებულ მისამართზე იმის გამო, რომ ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს, ვინაიდან ბინა ვალების გამო გაიყიდა (იხ. ტომი 3, ს.ფ. 12, 107, 115). საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას აპელანტ გ. გ-ავას ზემოაღნიშნულ მისამართზე ეგზავნებოდა და ბარდებოდა სასამართლოს გზავნილები (ტომი 3, ს.ფ. 9, 21). ამდენად, კასატორმა საქმის წარმოების განმავლობაში შეიცვალა მისამართი, რის თაობაზეც სასამართლოსათვის არ უცნობებია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება მისთვის ჩაბარებულად ითვლება 2010 წლის 22 დეკემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 23 დეკემბერს და დასრულდა 2011 წლის 23 იანვარს. კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 11 თებერვალს, ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ავას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან იგი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ავას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.