Facebook Twitter

ას-115-109-10 8 ივლისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)

მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი) თ. თოდრია

კასატორი _ ა. დ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ – ......... სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. დ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სსიპ – ........ სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 19 სექტემბრის ¹476 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის, მისი ნაწილობრივ ბათილად გამოცხადების და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი იმყოფებოდა ........ სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 10 ივლისის ¹252 ბრძანებით შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა უნივერსიტეტის 235 დამხმარე პერსონალს, ხოლო ამავე წლის 23 ივლისის ¹2-371 ბრძანებით კი მოსარჩელეს – აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსს.

2007 წლის 19 სექტემბერს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მ. ნ-ძის მიერ გამოიცა ¹476 ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ........... სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მისაღებად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ”. აღნიშნული ბრძანებით კონკურსი გამოცხადდა აშკარა მიკერძოებით _ სპეციალისტის 204 საშტატო ერთეულიდან მხოლოდ 47 საშტატო ერთეულზე და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 1 საშტატო ერთეულზე.

მოსარჩელემ განმარტა, რომ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის I პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის მართვის სუბიექტებს შორის აკადემური საბჭო იერარქიულად ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას და მის მიერ დანიშნული პიროვნების სამუშაოდან გათავისუფლების უფლება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის ყველა საშტატო ერთეულზე კონკურსის გამოცხადება და გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ, კერძოდ აკადემიური საბჭოს სამდინოს უფროსის 1 საშტატო ერთეულზე კონკურსის გამოცხადების ნაწილში ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ა. დ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ა. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება 2007 წლის 19 სექტემბრის ¹476 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის და აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ უარის თქმის თაობაზე და ამ ნაწილში შეწყდა წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ა. დ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ა. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება. განჩინებაში მიეთითა, რომ აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის თანამდებობა განეკუთვნება დამხმარე პერსონალს, ხოლო კონკურსის შესახებ გადაწყვეტილება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, იგი მიღებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ შიდაორგანიზაციული საკითხის გადასაწყვეტად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ¹423 ბრძანებით დამტკიცდა როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, ისე დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგი, ხოლო 2007 წლის 19 სექტემბრის ¹476 ბრზანებით კი კონკურსი გამოცხადდა მხოლოდ დამხმარე პერსონალის მისაღებად ადმინისტრაციაში არსებულ ვაკანსებზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

პალატამ მიუთითა, რომ ა. დ-ძეს პროტესტისა და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართა დასაბუთებული პრეტენზიით საპრეტენზიო კომისიისათვის და არა გაზეთ “ა-ისათვის” და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის პროკურორისათვის. ასეთ შემთხვევაში ა. დ-ძე აღარ ჩაითვლებოდა კონკურსზე გამოუცხადებლად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხავვების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან, ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. დ-ძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, 2007 წლის 12 ივნისის ¹4 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “სსიპ – ......... სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე ადმინისტრაციული პერსონალის სამსახურში მიღების წესის” თანახმად მისი თანამდებობა განეკუთვნება დამხმარე ადმინისტრაციულ პერსონალს. ამასთან, იქვე აღნიშნულია, რომ კასატორმა პროტესტითა და პრეტენზიით მიმართა უნივერსიტეტის კანცლერს, რომელიც საკონკურსო კომისიას თავმჯდომარეობდა და მასვე უნდა გადაეგზავნა ეს წერილობითი პროტესტი საპრეტენზიო კომისიისათვის, რასაც ადგილი არ ჰქონია.

კასატორი უთითებს, რომ მის მიმართ განხორცილედა აშკარა დისკრიმინაცია შრომისა და დასაქმების სფეროში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ა. დ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. დ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. დ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

ა. დ-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.