საქმე # 060100117002223110
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№344აპ-18 ქ. თბილისი
ქ. ა., 344აპ-18 11 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის, ასევე – მსჯავრდებულ ა. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ა. ქ., - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 10 ივნისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ქ-ს ბრალი დაედო ადევნებაში, ასევე – სხვისი ნივთის დაზიანებაში ცეცხლის წაკიდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2015 წლის ივნისში ს-ი მცხოვრებმა ნ. ხ-ამ გაიცნო ასევე ს-ი მცხოვრები ა. ქ., რომელთანაც ჰქონდა ახლო და მეგობრული ურთიერთობა, რაც მალევე დაეძაბათ, რისი მიზეზიც იყო ა. ქ-ის ეჭვიანობა. ნ. ხ-ასათვის აუტანელი გახდა ა. ქ-სთან ყოფნა და გაწყვიტა მასთან კავშირი. აღნიშნულის შემდგომ ა. ქ-მ, შერიგების დაჟინებული მოთხოვნითა და ურთიერთობის აღდგენის იძულების მიზნით, ნ. ხ-ასთან დაიწყო სისტემატური რეკვა ტელეფონით, მისი გადაადგილების მუდმივი თვალთვალი, ნ. ხ-ას სახელით სოციალური ქსელით მანიპულირება, მისივე სურვილის საწინააღმდეგოდ, სახლსა და სამსახურში მიკითხება, რასაც თან სდევდა ა. ქ-ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და ქონების განადგურების მუქარა. ამ ქმედებებით ნ. ხ. განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს, რის გამოც შეექმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროება. ა. ქ-ის ქმედებები ნ. ხ-ას მიმართ სისტემატურად გრძელდებოდა სხვადასხვა დროს – 2015-2017 წლებში.
· 2017 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ს-ი, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე, ა. ქ-მ განაწყენების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა ნ. ხ-ას კუთვნილ „ფოლკსვაგენის“ მოდელის ავტომობილს. ხანძარი შეამჩნია სახლში მყოფმა დაზარალებულმა ნ. ხ-ამ, რომელმაც გამოიძახა სახანძრო სამსახური. ცეცხლის წაკიდების გზით ავტომანქანის დაზიანების შედეგად ნ. ხ-ას მიადგა 6000 ლარის ქონებრივი ზიანი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გივი გოცაძე ითხოვს ა. ქ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებული ა. ქ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჯ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და ა. ქ-ის გამართლებას საჩივარში მითითებული მოტივებით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ა. ქ-ის საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებაზე (საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება კრიმინალიზებულია 2017 წლის 4 მაისის ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 ივნისიდან), რაც მითითებული ბრალდებით ა. ქ-ის გამართლების საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი.
10. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში მითითებულია იმ მტკიცებულებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად და სრულყოფილად შეაფასა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ა. ქ-ის მიერ ნ. ხ-ას ავტომანქანის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების შეფასების ნაწილში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით – მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის 2017 წლის 11 ივნისის №- სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 11 ივნისის ს.ტ.№-- ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 20 ივნისის №---, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 6 ივლისის №-----, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 13 ივლისის №----- დასკვნებით, ნიმუშის აღების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ა. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. ამასთან, არ არსებობს დაზარალებულისა და ბრალდების მოწმეთა ჩვენებების მიმართ უნდობლობის საფუძველი და ისინი შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის, ასევე – მსჯავრდებულ ა. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე