Facebook Twitter

¹ ბს-1116-953-კ-04 17 მარტი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “გ. ფ.” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა: შპს “გ. ფ.” სხვა ქონებასთან ერთად ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მის მიმდებარედ მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული 2052 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ აფხაზეთიდან დევნილებმა ა., მ., ო., გ. მ-ებმა, შ. მ-ამ და მ. ხ-ამ განცხადებით მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:

1993წ. სექტემბერში, აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენების შემდგომ, ზემოაღნიშნული პირები იძულებულნი გახდნენ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინათ. ქ. თბილისის გამწვანების მეურნეობისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ, როგორც დევნილებს, დროებით საცხოვრებლად ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე შენობის ნაწილი _ 6 ოთახი და მთელი მიმდებარე მიწის ნაკვეთი გამოეყოთ, თუმცა შენობა საცხოვრებლად უვარგისი იყო, ისინი მაინც შესახლდნენ, რადგან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ. დროთა განმავლობაში მათი მწირი საშუალებებით შენობა კეთილმოწყობილი გახდა. ამასთან, მცხოვრებლების დიდი რაოდენობის გამო, შენობას ორი ოთახი მიუმატეს. მითითებულ მისამართზე დევნილთა 3 ოჯახი ცხოვრობდა. ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ნაწილისა და მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მათ მფლობელობა მოიპოვეს 1993წ. ნოემბრიდან და “ რესპუბლიკის ზოგიერთი რეგიონიდან კონფლიქტური სიტუაციებისა და სტიქიის შედეგად, აგრეთვე რესპუბლიკის ფარგლებს გარედან ლტოლვილთა სოციალური დაცვისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ” სახელმწიფო მეთაურის 1992წ. 30 დეკემბრის განკარგულების, “აფხაზეთიდან ლტოლვილთა და მებრძოლთა გამოყვანისა და განთავსების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” სახელმწიფოს მეთაურის 1993წ. 2 ოქტომბრის განკარგულების, “ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მოწყობის ზოგიერთი საკითხის შესახებ მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 დეკემბრის ¹900 დადგენილების, “იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ” კანონის, “აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური დაცვისა და აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” პრეზიდენტის 1996წ. 2 ოქტომბრის ¹643 ბრძანებულების, და სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 159-ე, 163-ე, 168-ე მუხლების საფუძველზე ისინი კეთილსინდისიერ მფლობელებს წარმოადგენდნენ.

2002წ. დასაწყისში გ. უ-მ, შპს “გ. ფ.” დირექტორმა, მათ მიწისა და შენობის 5000 აშშ დოლარად შესყიდვა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო შენობიდან გამოასახლებდა. განმცხადებლებმა ტექაღრიცხვის სამსახურს მიმართეს, საიდანაც 2002წ. 3 ივნისის ¹-გ-879 პასუხით შეიტყვეს, რომ შენობა შპს “გ. ფ.” სახელზე საკუთრებისა და კანონიერების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ირიცხებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვეს: 1. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის _ ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მის მიმდებარედ შპს “გ. ფ.” მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული 2052 მ2 მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ ბათილად ცნობა; 2. საქმეში მესამე პირად ან არასათანადო მოსარჩელის “გ. ფ.” ნაცვლად, სათანადო მოსარჩელეებად ჩათვლა. ამასთან, მათი ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე ექვსი ოთახის, 7,6 კვ.მ პარმაღის, აბაზანისა და ბოსლის, ასევე მიმდებარე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად ცნობა; 3. ქ. თბილისის საჯარო რეესტრის მიერ ქ. თბილისში, ... ქ.¹12-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების შპს “გ. ფ.” სახელზე 05.03.03 წ. ¹6059/2003 რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლებს _ ა., მ., ო., გ. მ-ებს, შ. მ-ასა და მ. ხ-ას უარი ეთქვათ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულმა პირებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმება და განცხადებაში მითითებული საფუძვლებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება ითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ივლისის განჩინებით ა., მ., ო., გ. მ-ების, შ. მ-ასა და მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 დეკემბრის განჩინება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი განჩინება. ა., მ., ო., გ. მ-ების, შ. მ-ასა და მ. ხ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, ხოლო განცხადება გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 421-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოში შესულია განცხადება ერთდროულად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განხილვა, ვიდრე არ იქნება განხილული განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული ნორმა უგულებელყო და შეიჭრა მოცემული დავის არსებით განხილვაში, უარი უთხრა რა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე, მაშინ, როცა სსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, არ უმსჯელია აღნიშნული განცხადების დასაშვებობაზე.

სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიიჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ანუ განმცხადებელი უნდა წარმოადგენდეს მხარეს, კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელთაგან მხარეს არც ერთი წარმოადგენდა. საქმეში არ არსებობდა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ა., მ., ო., გ. მ-ების, შ. მ-ასა და მ. ხ-ას სადავო ქონებაზე სარგებლობისა და მფლობელობის ფაქტის დადასტურება, ამასთან, ისინი არ წარმოადგენდნენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეებს, რომელიც რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი 2002წ. 7 ნოემბერს და რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ა., მ., ო., გ. მ-ებმა, შ. მ-ამ და მ. ხ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 20 ივლისის განჩინების მე-5 პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის _ ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მის მიმდებარედ მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ შპს “გ. ფ.” ცნობის თაობაზე ბათილად ცნობა, მათ საქმეში თანამოსარჩელედ ან არასათანადო მოსარჩელის _ “გ. ფ.” ნაცვლად, სათანადო მოსარჩელედ ან მესამე პირად ჩართვა და ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე ექვსი ოთხის, 7,6 კვ.მ პარმაღის, აბაზანისა და ბოსლის, აგრეთვე მიმდებარე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად ცნობა. ასევე თბილისის საიჯარო რეესტრის მიერ შპს “გ. ფ.” სახელზე ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებად რეგისტრაციის ბათილად ცნობა სარჩელში მითითებული საფუძვლებით. ამასთან, კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რადგან საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსამართლე ნ. ნ-ემ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა. მ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რადგან საქმის განხილვაში მონაწილეობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსამართლე ნ. ნ-ე. “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელებაში შეფერხების თავიდან ასაცილებლად, საოლქო სასამართლოს მოსამართლეს შეიძლება დაევალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში, ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე საოლქო სასამართლოს მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში. საქმეში არსებული მოხსენებითი ბარათით თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს ეთხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე ნ. ნ-ისათვის ნება დაერთო, მიეღო მონაწილეობა მოცემული საქმის განხილვაში, რაზედაც თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარისაგან თანხმობა იქნა მიღებული, რაც გამოიხატა მოხსენებით ბარათზე გაკეთებულ რეზოლუციაში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სრულად არის დაცული “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მოთხოვნები და, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორთა მოსაზრება სასამართლო შემადგენლობის არაკანონიერების თაობაზე.

სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენ. სჭირდება, ასეთი წარმომადგენ. არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიებს მოცემულ სადავო სამართალურთიერთობასთან მათი მხარედ მიჩნევის თაობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს “გ. ფ.” მიკუთვნებული ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო ქ. თბილისის მერიის სახით, რომელიც მხარედ იყო სასამართლოს მიერ მიწვეული დავის განხილვისას. საქმეში არსებული წერილებით დადგენილია, რომ შს სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის თხოვნის საფუძველზე საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმოს “დ.-გ. ფ.” მიერ სოხუმის ¹2 მოტომსროლელი ბატალიონის ზემდეგს ვ. მ-ეს 3 თვის ვადით გამოეყო საცხოვრებელი 40 მ2, ანუ კასატორებს ფართობი იმ დროს არა სახელმწიფომ, არამედ კერძო იურიდიულმა პირმა გამოუყო ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. სხვა რაიმე გარიგების დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორთა მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორებს, რომ ქონების მესაკუთრის შეცვლისას ახალ მესაკუთრეზე გადადის ყველა ის უფლება-მოვალეობები, რითაც დატვირთული იყო ეს ქონება თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრებაში არსებობისას. კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სახელმწიფოს, როგორც სადავო ქონების მესაკუთრის შეცვლამ კერძო იურიდიული პირით, მათი უფლებების დარღვევა გამოიწვია, რადგან მათ სადავო ფართი სწორედ ამ კერძო იურიდიული პირის თანხმობით ჰქონდათ დაკავებული და კასატორთა რეგისტრაციაზე მესაკუთრის შეცვლა არანაირად არ მოქმედებს. ხოლო იმ სამართლებრივი აქტებით, რომლებიც კასატორთა მიერ არის მითითებული საკასაციო საჩივარში, დევნილებს კონფლიქტის მოწესრიგებამდე სწორედ სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით საცხოვრებელი ფართით და მიწის ნაკვეთით და ამ აქტებით მინიჭებული უფლებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ შესაბამისი მოთხოვნებით. ამ საფუძვლით კასატორების მოცემული ურთიერთობის მხარედ მიჩნევა, საკასაციო პალატის აზრით, შელახავს მესაკუთრის უფლებებს, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის ნორმების მიხედვით თავისი საკუთრების თავისუფლად განკარგვის უფლება გააჩნია. კასატორების მიერ ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, ქონების იმჟამინდელ მფლობელსა და აწ უკვე მესაკუთრის კეთილი ნების საფუძველზე დროებით დაკავებულ ფართთან დაკავშირებით წარმოებულ დავაში კასატორები ვერ იქნებიან მიჩნეული სსკ-ის 422.1 მუხლში მოაზრებულ დაინტერესებულ მხარედ. რომელსაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს.

კასატორები მითითებულ საფუძვლებზე დაყრდნობით ასევე ვერ იქნებიან მიჩნეული მოცემულ დავაში მესამე პირებად. ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ კონკრეტული სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეებად, რომელზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო პალატა კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ კასატორთა უფლებები დაცულია სახელმწიფოს მიერ მიღებული შესასრულებლად სავალდებულო საკანონმდებლო აქტებით, რომელთა შესრულება შესაბამის სტრუქტურებს აქვთ დავალებული და, ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სხვა მხარეებს შორის არსებული სამართალურთიერთობის განხილვა-გადაწყვეტისას კასატორები მხარედ ვერ იქნებიან მიჩნეული იმ საფუძვლით, რომ მითითებული აქტები მათ ეხებათ და მათ უფლებებს იცავს.

საკასაციო პალატა არ იმსჯელებს საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა გარემოებებზე, რომლებიც დავის არსებითი განხილვის საგანს წარმოადგენდა და იმ შემთხვევაში გახდებოდა მსჯელობის საგანი, თუკი კასატორები მიჩნეულ იქნებოდნენ სსკ-ის 422.1 მუხლში მოაზრებულ მხარედ, რომელითაც უფლება აქვს გაასაჩივროს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ა., მ., ო., გ. მ-ების, შ. მ-ასა და მ. ხ-ას საკასაციო საჩივარს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და თვლის, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და'

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა., მ., ო., გ. მ-ების, შ. მ-ასა და მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

3. კასატორები მათი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.