ას-1154-1031-10 7 თებერვალი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. რ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტო”, სს “ენერგო-პრო-ჯორჯია” (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – სარჩოს დაკისრება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 27 აგვისტოს ი. რ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოსა” და სს “ენერგო-პრო-ჯორჯიას” წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, მარჩენლის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად დანიშნული სარჩოს დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე სს “რ.-ში” მუშაობდა. იგი 1995 წელს საწარმოო ტრავმით გარდაიცვალა, რის გამოც დანიშნული ჰქონდა ყოველთვიური სარჩო. სს “ს. გ. ს. ე.-ს” გენერალური დირექტორის 2005 წლის 27 სექტემბრის ¹28 ბრძანებით სარჩოს ოდენობა 570 ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, მოსარჩელე სს “რ.-ის” აქციონერი იყო, რომელიც სს “ს. გ. ს. ე.-დ” გარდაიქმნა, ხოლო, შემდგომ, სს “ენერგია XXI-დ”. სს “ენერგია XXI-მა” 2008 წლის 10 ივლისიდან სარჩოს გადახდა შეუწყვიტა. სახელმწიფომ, რომელიც სს “ს. გ. ს. ე.-ს” წილის 99%-ს ფლობდა, აღნიშნული საწარმოს აქტივები მიჰყიდა სს “ენერგო-პრო-ჯორჯიას”, რითაც ბოროტად გამოიყენა შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმა. მოსარჩელის მტკიცებით, სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება, აღნიშნული საკითხი საერთო კრების მოწვევის გარეშე გადაეწყვიტა, რადგანაც “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისი ნორმა 2008 წლის 14 მარტიდან ამოქმედდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სს “ენერგო-პრო-ჯორჯიასა” და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის:
1. 2009 წლის 1-ლი იანვრიდან სარჩოს - თვეში 2000 აშშ დოლარისა და 230 ლარის ჯამის ოდენობით დაკისრება;
2. სარჩოს დავალიანების ანაზღაურება თვეში 570 ლარის ოდენობით 2008 წლის 10 ივლისიდან 2009 წლის 1 იანვრამდე და თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07 პროცენტის ოდენობის ჯარიმის დაკისრება;
3. წელიწადში 2700 კვტ. საათზე გაანგარიშებით - 3308 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ი. რ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. სს “ს. გ. ს. ე.-ს” გენერალური დირექტორის 2005 წლის 27 სექტემბრის ¹28 ბრძანებით, 2005 წლის 1 სექტემბრიდან ს.ს “რ.-ის” (სს ს. გ. ს. ე.-ს) გარდაცვლილი თანამშრომლის დ.ქააძის კმაყოფაზე მყოფი პირის ი.რ-შვილის ყოველთვიური სარჩო განისაზღვრა თვეში 570 ლარის ოდენობით;
2. ს.ს “რ.-ის” გენერალური დირექტორის 2002 წლის 9 აგვისტოს ბრძანების შესაბამისად, რ-შვილი ი., როგორც დაზარალებული, რომლის მეუღლეც 1995 წელს ს.ს “რ.-ში” გარდაიცვალა საწარმოო ტრავმით, გათავისუფლებულ იქნა ელენერგიის გადასახადიდან სიცოცხლის ბოლომდე წელიწადში 2700 კვტ.სთ-ის ოდენობით;
3. ი. რ-შვილი წარმოადგენდა სს “ს. გ. ს. ე.-ს” აქციონერს, კერძოდ, იგი საკუთრების უფლებით ფლობდა აღნიშნული საზოგადოების 159 ცალ ჩვეულებრივ აქციას, რაც შეადგენდა საწესდებო კაპიტალის 0,098046 პროცენტს;
4. სახელმწიფო წარმოადგენდა სს “ს. გ. ს. ე.-ს” საწესდებო კაპიტალის 75%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს;
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის “საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹1-3/736 ბრძანებით, შერწყმულ იქნენ ერთ საზოგადოებად სს “რიონჰესი”, სს “გუმათჰესების კასკადი”, სს “ლაჯანურჰესი”, სს “ძევრულჰესი”, სს “შაორჰესი”, შპს “აწჰესი”, სს “ს. გ. ს. ე.” და შპს “აჭარის ენერგოკომპანია”. აღნიშნული საწარმოების შერწყმის შედეგად შეიქმნა სააქციო საზოგადოება “ენერგია XXI”, რომელიც წარმოადგენს ზემოაღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრეს;
6. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ 2008 წლის 25 ივლისს გაცემული ¹33-95/5-8 ცნობიდან დგინდება, რომ ს.ს “ს. გ. ს. ე.-ს” აქტივები გაიყიდა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 იანვრის ¹33 და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის ¹35 განკარგულებების საფუძველზე. ამასთან, აქტივების გაყიდვის საკითხი აქციონერთა საერთო კრებაზე არ განხილულა;
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული განცხადება სს “ენერგია XXI-ის” გადახდისუუნარობის შესახებ. ამავე განჩინების თანახმად, სს “ენერგია XXI-ს” აეკრძალა ნებისმიერი გარიგებების დადება ან/და დადებული გარიგებების შეწყვეტა სასამართლოს თანხმობის გარეშე, ასევე აიკრძალა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერებულ იქნა ვალებისა და პროცენტების გადახდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ენერგო-პრო ჯორჯია” არ წარმოადგენს სს “ს. გ. ს. ე.-ს” არც აქციონერს და არც უფლებამონაცვლეს, რაც შეიძლება გამხდარიყო მის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის დადგენილი ფორმის ბოროტად გამოყენებას, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ი. რ-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ი. რ-შვილის საააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით იხელმძღვანელა და პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებას სრულად დაეთანხმა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ი. რ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმე ტენდენციურად განიხილა, ამასთან, არ გაითვალისწინა მისი შენიშვნების სხდომის ოქმთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ი. რ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. რ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ი. რ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. რ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.