Facebook Twitter

საქმე # 330100117001924183

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№350აპ-18 ქ. თბილისი

მ. თ., 350აპ-18 12 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით თ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-141-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სსკ-ის 111-141-ე მუხლის პირველ ნაწილთან (2017 წლის 4 მაისის რედაქცია). თ. მ., - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-141-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის ოქტომბერში თ-ში, 9-ის ქუჩის N--ში მდებარე ბინაში, თ. მ. თავის ძმისშვილთან - ნ. ა-თან თანაცხოვრების პერიოდში, პერიოდულად, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მის მიმართ ახორციელებდა სხვადასხვა სახის გარყვნილ ქმედებას, მათ შორის ეფერებოდა შიშველ სხეულსა და სასქესო ორგანოებზე. თავისი სასქესო ორგანოებით ეხებოდა არასრულწლოვნის ინტიმურ ადგილებს და აიძულებდა, ხელით შეხებოდა მის სასქესო ორგანოს. ამასთან, ნ. ა-ს აიძულებდა, ეყურებინა პორნოგრაფიული ვიდეოჩანაწერებისათვის. აღნიშნული ქმედებით თ. მ-მ თავისი ძმისშვილის - არასრულწლოვან (8 წლის) ნ. ა-ის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და თ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

6. კასატორის პოზიციით, სასამართლო დაეყრდნო ურთიერთსაწინააღმდეგო, არათანმიმდევრულ, ირიბ და სუბიექტურ მტკიცებულებებს; დაზარალებული იყო შთაგონებული; ბავშვმა სასამართლოზე ვერ დაასახელა დანაშაულის ჩადენის წელი და თვე; ნ. ა-ის დაკითხვას არ ესწრებოდნენ ადვოკატი და ფსიქოლოგი, რაც შეეხება თ. ვ-ს, იგი ნ-ს დაბადების მოწმობაში მშობლად არ არის მითითებული; არცერთი გამოკვლეული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თ. მ. დაზარალებულს აყურებინებდა პორნოგრაფიულ ვიდეოებს; აგრეთვე დაუდასტურებელია, 2015 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა თუ არა მსჯავრდებული სახლში; ნ. კ-მა, ჟ. ფ-მა და ა. ა-მა ვერ ახსნეს, რატომ არ მიმართეს პოლიციას დროულად; როდესაც მოსამართლე ფლეშ მეხსიერებასა და მეორე ლეპტოპზე უთითებს, დაცვის მხარეს აკისრებს მტკიცების ტვირთს.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ. იხ. №77აპ-17, №90აპ-17 გადაწყვეტილებები), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საჩივრიდან არ იკვეთება.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა თ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე - უსაფუძვლოა. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნ. ა-მა დაადასტურა თ. მ-ის მიერ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტი, ხოლო ფსიქოლოგმა მ. მ-მა დაასკვნა, რომ ბავშვის მონათხრობის ნდობა შეიძლება. ამასთან, მოწმეებმა: ნ. კ-მა, ჟ. ფ-მა და ა. ა-მა განმარტეს, რომ ბავშვის მონათხრობით, თ. მ. მას აყურებინებდა „საზიზღარ ფილმებს,“ შემდეგ აშიშვლებდა და ეფერებოდა. საკასაციო პალატა დაცვის მხარის მითითებულ პრეტენზიებზე (მათ შორის - მოწმეთა ჩვენებების არასარწმუნო ხასიათზე, სახლში ინტერნეტის არქონასა და ფაქტზე, რომ ნ. ა-ი არის შთაგონებული) ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და არგუმენტებს.

11. ამასთან, ვინაიდან პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა არასრულწლოვან დაზარალებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს არ განუმარტეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, საკასაციო პალატა მითითებული ნორმის საფუძველზე მათ აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის შედეგებსა და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე