Facebook Twitter

¹ ას-1156-1032-2010 17 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ს. რ.» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «სადაზღვევო კომპანია ... « (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ს. რ.-მ» სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «სადაზღვევო ...» მიმართ 1405000 ლარის გადახდევინების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: შპს «ს. რ.-სა» და სს «ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას» შორის დაიდო სამგზავრო ვაგონების სადეპოო და საქარხნო შეკეთების მომსახურების შესყიდვისა და რეფრეჟერატერული სექციის დიზელ-ვაგონის სამგზავრო ვაგონად მოდერნიზაციის მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებები.

მოპასუხე საზოგადოებამ მოსარჩელის სახელზე გასცა საბანკო გარანტია. სს «ელექტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ» ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის შესახებ სადაზღვევო ჰოლდინგს რამდენჯერმე ეცნობა.

საბანკო გარანტიით დადგენილ ვადებში შპს «ს. რ.-მ» მიმართა მოპასუხეს და წარუდგინა წერილობითი მოთხოვნები საგარანტიო თანხის ანაზღაურების შესახებ, თუმცა აღნიშნული თანხები მხარეს არ აუნაზღაურებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ.-ს» სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,სადაზღვევო ...» უფლებამონაცვლე სს ,,...» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შპს «ს. რ.-ს” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს «...”-ს შპს «ს. რ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 185 000 ლარის გადახდა, შპს «ს. რ.-ს” უარი ეთქვა სს «...-სათვის” 1220000 ლარის გადახდის დაკისრებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 14 მაისს და 2007 წლის 11 აპრილს შპს «ს. რ.-სა” და სს «ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას” შორის დაიდო ¹შს/07-216 და ¹შს/07-147 ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად დაიდო საბანკო გარანტიები, კერძოდ, ¹შს/07-147 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2007 წლის 11 აპრილს გაიცა საბანკო გარანტიები: ¹FG 037/07 საერთო თანხაზე 1 220 000 ლარი, ¹FG 038/07 საერთო თანხაზე 175 000 ლარი, ხოლო ¹შს/07-216 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაიცა საბანკო გარანტია ¹FG 051/07 საერთო თანხაზე 10 000 ლარი. საერთო ჯამში ორივე ხელშეკრულებისათვის საბანკო გარანტია შეადგენდა 1 405 000 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში სს «სადაზღვევო ...-მ” წერილობით იკისრა ვალდებულება შპს «ს. რ.-ს” მიმართ საბანკო გარანტიის სახით. ზემოაღნიშნულ საბანკო გარანტიების ტექსტში მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგარანტიო თანხა ავტომატურად შემცირდებოდა პრინციპალის მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად.

¹შს/07-147 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.2.1 და 3.2.2 პუნქტებით სს «ელეტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ” აიღო ვალდებულება თანდართული გრაფიკის მიხედვით სულ 138 ვაგონის სადეპოო და საქარხნო შეკეთებაზე, კერძოდ, 2007 წლის 30 ივნისს პრინციპალს უნდა შეეკეთებინა არანაკლებ 60 ვაგონისა, ხოლო დანარჩენი 78 ვაგონი _ 2007 წლის 20 დეკემბერს. ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით, 2007 წლის სექტემბრამდე პრინციპალს უნდა დაესრულებინა 113 ვაგონის შეკეთება.

საქმეში წარმოდგენილი შპს «ს. რ.-ს” გენერალური დირექტორის 2007 წლის 4 ოქტომბრის ¹გ-7920 წერილით, სს «ელეტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ” სახელშეკრულებო ვალდებულებები ჯეროვნად და დროულად არ შეასრულა და, ¹შს/07-147 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 113 ვაგონის შეკეთების ნაცვლად, 2007 წლის სექტემბრამდე დაგვიანებით შეაკეთა 69 ვაგონი.

სააპელაციო პალატის მითითებით, ¹შს/07-147 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.1. მუხლი ანგარიშსწორების ფორმად ითვალისწინებდა საავანსო გადახდას და უნაღდო კონსიგნაციას. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ავანსირება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების ღირებულების 35%-ით, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი 65% ანაზღაურდებოდა ეტაპობრივად, შესრულებული მომსახურების შესაბამისად. «სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის” 27.4 მუხლის შესაბამისად და ¹შს/07-147 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.4 მუხლით მომწოდებელმა სს «ელექტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ” შპს «ს. რ.-ს” წარუდგინა გარანტია წინასწარ გადახდილი თანხის _ ხელშეკრულების ფასის 35% ოდენობით ანუ საავანსო გარანტია.

პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მეტყველებს, რომ ხელშეკრულების ღირებულების 35%, ანუ საავანსო გადახდით უზრუნველყოფილი მომსახურების ნაწილი შესრულებული იყო 2007 წლის სექტემბერში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სულ 138 ვაგონის შეკეთება. შესასრულებელი სამუშაოების გრაფიკის თანახმად, 2007 წლის სექტემბრამდე შს/07-147 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 113 ვაგონის შეკეთების ნაცვლად შეკეთდა 69 ვაგონი.

2007 წლის 11 აპრილის ¹შს/07-147 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.5 პუნქტის თანახმად, ავანსის გამოყენების შემთხვევაში, ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ღირებულების შემცირება განხორციელდება ყოველი გაწეული მომსახურების ღირებულების 35%-ის ოდენობით დღგ-ს გარეშე, ხოლო ყოველი გაწეული მომსახურების ღირებულების 65 % დღგ-ს გარეშე ანაზღაურდება კონსიგნაციის წესით.

საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფის ¹FG 037/07 თანახმად, რომელიც გაიცა 1 220 000 ლარზე, საგარანტიო თანხა უნდა შემცირებულიყო პრინციპალის მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად, რაც ხელშეკრულების 6.5 პუნქტით გულისხმობდა შესრულებას ყოველი გაწეული მომსახურების ღირებულების 35%-ის ოდენობით დღგ-ს გარეშე.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლით და მიიჩნია, რომ საავანსო გარანტიის პირობების თანახმად, საგარანტიო თანხა ავტომატურად მცირდებოდა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად, მიუხედავად აღნიშნული საგარანტიო პირობისა, პინციპალის კრედიტორმა ბენეფიციარმა _ შპს «ს. რ.-მ” სადაზღვევო ორგანიზაციას წარუდგინა წერილობითი მოთხოვნა არა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად შემცირებულ საგარანტიო თანხაზე, არამედ ¹შს/07-147 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.4 მუხლით წინასწარ გადახდილი თანხის _ ხელშეკრულების ფასის 35% საავანსო გარანტიაზე 1 220 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო ორგანიზაციას წარედგინა მოთხოვნა, რომელიც არ შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს, რაც, სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის თანახმად, ბენეფიციარის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

პალატამ აღნიშნა, რომ 2007 წლის 25 სექტემბრის წერილით სადაზღვევო კომპანიამ ბენეფიციარის მოთხოვნაზე წარუდგინა წერილი, რომელშიც მიუთითა, რომ მათ მიერ პრინციპალზე გაცემული გარანტიები ითვალისწინებდა გადახდის ვალდებულებას გარკვეული პირობების გათვალისწინებით და ითხოვდა შპს «ს. რ.-სა” და სს «ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლებს დარღვევების მოკლე აღწერილობით, რაც სადაზღვევო კომპანიას მოთხოვნის განხილვისა და ოპერატიული რეაგირების საშუალებას მისცემდა.

2007 წლის 6 ოქტომბრის ¹გ-8240 წერილით შპს «ს. რ.-მ” მიუთითა, რომ შპს «ს. რ.-სა” და სს «ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას” შორის დადებული ¹შს/07-147 ხელშეკრულება შეწყდა 2007 წლის 14 ოქტომბერს, მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულების უმეტესი ნაწილი დარჩა შეუსრულებელი ბენეფიციარის მიერ გარანტს. შპს-მ წარადგინა მოთხოვნა საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფით გათვალისწინებულ სრულ თანხაზე, ანუ ¹შს/07-147 ხელშეკრულების ღირებულების 35%-ის ნაცვლად პრინციპალის მიერ მითითებული ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად შემცირებული საგარანტიო თანხისა, რაც პალატის მოსაზრებით, საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს, მოთხოვნა არ შეესაბამება გარანტიის პირობებს.

რაც შეეხება 2007 წლის 14 მაისის ¹შს/07-216 ხელშეკრულების შესრულების ¹FG 051/07 საგარანტიო უზრუნველყოფას და 2007 წლის 11 აპრილის ¹შს/07-147 ხელშეკრულების ¹FG 038/07 შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფას, პალატამ ჩათვალა, რომ სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ» დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები და არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული დადასტურდა შპს ,,ს. რ.-სა» და სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას» შორის 2008 წლის 21 თებერვალს ვალის აღიარებისა და გადახდის შესახებ ¹001 შეთანხმებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადახდის ბრძანებით, შპს ,,ს. რ.-სა» და სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას» შორის 2008 წლის 29 აპრილს გაფორმებული ¹სგდ/08-015 შეთანხმებით.

სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის» მიერ 2008 წლის ¹001 და 2008 წლის 29 აპრილის ¹სგდ/08-015 შეთანხმებებით აღიარებულ იქნა ¹შს/07-147, ¹შს/07-216 და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა და არჯეროვანი შესრულება. ამდენად, პრინციპალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა უტყუარად იყო დადასტურებული, რაც სამართლებრივად წარმოადგენს შპს ,,ს. რ.-სადმი” მოპასუხე სს ,,საქართველოს საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგის» ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო ვალდებულების წარმოშობისა და შესრულების საფუძველს ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის ¹FG 051/07 და ¹FG 037/07 ფარგლებში, რაც შეადგენს 185 000 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს «ჯი პი აი ჰოლდინგისათვის» 1220000 ლარის დაკისრების ნაწილში შპს «ს. რ.-მ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს «...-სათვის» 1220000 ლარის გადახდევინება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ პრინციპალის მიერ 69 ვაგონის დაგვიანებით გარემონტებისა და პროპორციულად საგარანტიო თანხის შემცირების საკითხის სამართლებრივად შეფასებისას არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის პირველი ნაწილი და 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც უნდა გამოეყენებინა.

წინააღმდეგობრივია და კანონის არასწორ განმარტებას ეფუძნება სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ, ვინაიდან პრინციპალმა შეაკეთა 69 ვაგონი და საავანსო გარანტია ითვალისწინებდა ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად საგარანტიო თანხის შემცირებას, კასატორს გარანტისათვის წერილობითი მოთხოვნა უნდა წარედგინა არა 1220000 ლარზე, არამედ შესრულების პროპორციულად შემცირებულ თანხაზე, ამდენად, კასატორის მოთხოვნა გარანტიის პირობებს არ შეესაბამებოდა და, სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბენეფიციარის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ რ.-ს საგარანტიო ვადა არ დაურღვევია და მისი მოთხოვნა სრულად შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების შეუსრულებელ ნაწილში საავანსო გარანტიის ანაზღაურებაზე უარის თქმა უკანონოა.

სააპელაციო პალატამ არასწორად უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის დანაწესი, რის საფუძველზეც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. წინამდებარე სასამართლო მორიგების აქტის ხელმოწერიდან 3 (სამი) თვის ვადაში სს «სადაზღვევო ...» გადაუხდის შპს «ს. რ.-ს» 591164 (ხუთას ოთხმოცდათერთმეტი ათას ას სამოცდაოთხ) ლარს (აღნიშნული თანხა მოიცავს ¹2ბ/3635-10 საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს «ს. რ.-ს» სასარგებლოდ სს «სადაზღვევო კომპანია ...-სათვის» დაკისრებულ თანხას _ 185000 (ას ოთხმოცდახუთი ათას) ლარს);

2. სს «სადაზღვევო ...-ს» მიერ შპს «ს. რ.-სათვის» თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შპს «ს. რ.-ს» შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ბანკის დასახელება სს «... ბანკი», ბანკის კოდი: ... ;

3. მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, შეასრულონ მორიგების აქტზე დართული 2010 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც მორიგების აქტის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ყველა ის საკითხი, რომელიც არ არის დარეგულირებული მორიგების აქტით რეგულირდება 2010 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებით. აღნიშნულ შეთანხმებას უპირატესი ძალა გააჩნია მხარეთა ნების ინტერპრეტირებისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «ს. რ.-ს» სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 9 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 8000 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება შპს «ს. რ.-სა» და სს «სადაზღვევო კომპანია ...-ს» შორის შემდეგი პირობებით:

1. წინამდებარე სასამართლო მორიგების აქტის ხელმოწერიდან 3 (სამი) თვის ვადაში სს «სადაზღვევო კომპანია ...» გადაუხდის შპს «ს. რ.-ს» 591164 (ხუთას ოთხმოცდათერთმეტი ათას ას სამოცდაოთხ) ლარს (აღნიშნული თანხა მოიცავს ¹2ბ/3635-10 საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს «ს. რ.-ს» სასარგებლოდ სს «სადაზღვევო კომპანია ...-სათვის» დაკისრებულ თანხას _ 185000 (ას ოთხმოცდახუთი ათას) ლარს);

2. სს «სადაზღვევო კომპანია ...-ს» მიერ შპს «ს. რ.-სათვის» თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შპს «ს. რ.-ს» შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ბანკის დასახელება სს «... ბანკი», ბანკის კოდი: ...;

3. მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, შეასრულონ მორიგების აქტზე დართული 2010 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც მორიგების აქტის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ყველა ის საკითხი, რომელიც არ არის დარეგულირებული მორიგების აქტით რეგულირდება 2010 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებით. აღნიშნულ შეთანხმებას უპირატესი ძალა გააჩნია მხარეთა ნების ინტერპრეტირებისათვის.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება შპს «ს. რ.-ს» სარჩელის გამო სს «სადაზღვევო კომპანია ...-ს» მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

შპს «ს. რ.-ს» დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.