Facebook Twitter

¹ას-1160-1422-09 30 მარტი, 2010წელი. 28 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “ს. რ.”

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ა.”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ს. რ.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს “ა.” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ს. რ.” დაევალა შპს “ა.” შესრულებული სამუშაოს მიღება, დახვეული ომეგის კოჭები და 8000 ლარის გადახდა.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2001 წლის 11 ნოემბერს სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის ¹2 ფილიალის დირექტორ ა. ჯ-ძესა და შპს “ა.” დირექტორ ნ. ჭ-იას შორის დაიდო ¹15 ხელშეკრულება, რომლითაც შპს “ა.” აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის 30 ცალი “ომეგას” ჩტუ 32-ცვ-227-01-76-ისა და 100 “ა” კლასის იზოლაციის ემალირებული სპილენძის მავთულისაგან დამზადებული მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის დამზადებისა, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 34000 ლარს. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ელექტრომომარაგების დისტანციის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის 70% უნდა ჩაერიცხა წინასწარ მასალის შესაძენად, ხოლო დანარჩენი 30% _ სამუშაოს დასრულების შემდეგ;

საქმეში წარმოდგენილი ელექტრომომარაგების დისტანციის დირექტორის წერილების თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ელექტრომომარაგების დისტანციამ შეთანხმებულ ვადაში ვერ შეძლო თანხის 70%-ის ჩარიცხვა, და, შესაბამისად, მოპასუხემ ვერ მოახერხა ტრანსფორმატორების დასამზადებლად საჭირო მასალების შეძენა;

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ს. რ.” ფილიალის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის მიერ, თანხის ნაწილის გადარიცხვა შპს “ა.” მოხდა 2002 წლის იანვარში, ხოლო დარჩენილი ნაწილისა იმავე წლის აგვისტოში, რის შემდეგაც შპს “ა.” დაამზადა 14 კოჭი, რომელიც წაიღო ელექტრომომარაგების დისტანციამ, დანარჩენი კოჭებიც დაამზადა შპს “ა.”, რომელიც არ მიაწოდა მოსარჩელეს მხოლოდ იმის გამო, რომ მან დარჩენილი ნაწილი თანხისა არ გადაიხადა.

სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლების შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სარჩელი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ.”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავისი სარჩელის დაკმაყოფილება და შპს “ა.” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მითითებული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს “ს. რ.” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები და შეფასებები და ჩათვალა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ.”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს “ს. რ.” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

შპს “ს. რ.” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს. რ.” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “საქართველოს რკინიგზის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს. რ.” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის 70% _ 280 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.