Facebook Twitter

ას-116-110-2010 26 აპრილი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ე. ლ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს “ლ-ი”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ აზომვითი ნახაზის სიყალბის დადგენა, დოკუმენტების ასლების მოპოვების მართლზომიერების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. ლ-შვილმა (წარმომადგენელი მ. მ-ილი) მოპასუხე შპს “ლ-ის” (დირექტორი ზ. ჯ-ძე) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. შპს “ლ-ის” მიერ გ. ლ-შვილის შეკვეთით ქობულეთში, ... სანაპიროს ..-ში მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე 2007 წლის 16 აგვისტოს შედგენილი აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობა (ნახაზის სიყალბის დადგენა);

ბ. ნახაზის შედგენის დროისათვის მასზე თანდართული დოკუმენტების _ საკადასტრო რუკისა და რეესტრიდან ამონაწერის ასლების მოპოვების მართლზომიერების დადგენა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს “ლ-ის” მიერ გ. ლ-შვილის შეკვეთით, ქობულეთში, ... სანაპიროს ..-ში მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე 2007 წლის 16 აგვისტოს აზომვითი ნახაზი არის ყალბი, იგი შედგენილ იქნა მიწის ნაკვეთის რეალური აზომვისა და გადაანგარიშების გარეშე, რაც დადასტურდა შპს “ტ-ოს” 2008 წლის 5 ნოემბრისა და 23 დეკემბრის ¹2-187 ნახაზებით, აგრეთვე შპს “დ-ის” 2008 წლის 23 დეკემბრის ¹2-187 აუდიტორული დასკვნით. შპს “ლ-ის” მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, ქობულეთში, ... სანაპიროს ¹..-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 670კვ.მ-ს, ხოლო შპს “ტ-ოს” მიერ 2008 წლის 5 ნოემბერსა და 23 დეკემბერს შედგენილი ნახაზებით მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი შეადგენს 674.115კვ.მ-ს. შესაბამისად, შპს “ლ-ის” მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის თანახმად, ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი და სხვა ნაგებობებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 232კვ.მ-ს, ხოლო შპს “ტექ ენდ მანოს” მიერ 2008 წლის 5 ნოემბერსა და 23 დეკემბერს შედგენილი ნახაზებით, იგივე ფართობი შეადგენს 175.115კვ.მ-ს.

მოსარჩელის მტკიცებით, შპს “ლ-ის” მიერ შედგენილი ნახაზი ფაქტობრივად მოიცავდა საცხოვრებელი სახლის ნაწილს, რაც ადასტურებდა მის საყალბეს. დასახელებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა ე. ლ-შვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა მის ინტერესებს (ს.ფ. 2-10).

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ლ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 26 თებერვლის ¹355/5 დასკვნაზე დაყრდნობით, საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთში, ... სანაპიროს ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი და სხვა ნაგებობებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 228კვ.მ-ს.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ქობულეთში, ... სანაპიროს ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი და სხვა ნაგებობებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი შედგენილ იქნა ყალბად, რეალური აზომვისა და გაანგარიშების გარეშე, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

მოსარჩელის ინიციატივით დანიშნული, სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 26 თებერვლის ექსპერტიზის ¹355/5 დასკვნის თანახმად, ქობულეთში, ... სანაპიროს ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი და სხვა ნაგებობებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 228კვ.მ-ს. ექსპერტის მიერ შედგენილი ნახაზის ფორმა, მიწის ნაკვეთის განლაგება, სიგრძე, სიგანე და სხვა მონაცემები, ძირითადად ემთხვევა შპს “ლ-ის” მიერ ნაჩვენებ მონაცემებს, რაც სასამართლოს აზრით, ადასტურებდა მიწის ფართობის რეალურად აზომვის ფაქტს.

გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხული თამაზ შაქარიშვილის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, იგი ზემოთ დასახელებულ მისამართზე მივიდა შპს “ლ-ის” ხელმძღვანელ ზ. ჯ-ძესთან და გ. ლ-შვილთან ერთად ამ უკანასკნელის დაკვეთის შესასრულებლად. მან აზომა მიწის ნაკვეთის ერთი ნაწილი, რომელიც მდებარეობდა მისასვლელი გზის გასწვრივ, ხოლო სხვა დანარჩენი ნაწილი აზომეს ზ. ჯ-ძემ და გ. ლ-შვილმა.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა შპს “ლ-ის” მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის სიყალბე, რაც წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (ს.ფ. 79-81).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ლ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (ს.ფ. 85-91).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა აზომვით ნახაზზე თანდართული დოკუმეტების _ საკადასტრო რუკისა და რეესტრიდან ამონაწერის ასლების მოპოვების მართლზომიერების შესახებ, დასახელებულ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ლ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა 232კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. გადაწყვეტილების მიმღებმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქმეში არსებულ სხვა ფაქტობრივ მონაცემებთან ერთად შეფასება მისცა და გადაწყვეტილება ნაწილობრივ დააყრდნო (ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით) 2007 წლის 16 აგვისტოს შპს “ლ-ის” მიერ შედგენილ აზომვით ნახაზს, რომლის თანახმად, 670კვ.მ მიწის ნაკვეთიდან საცხოვრებელი და სხვა ნაგებობებისაგან თავისუფალი იყო 232კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც სასამართლომ ცნო მოსარჩელის საკუთრებად;

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრა დოკუმენტების სიყალბის აღიარების მოთხოვნით გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მომავალში იგი აპირებს დოკუმენტების (აზომვითი ნახაზის) სიყალბეზე მითითებით საქმის წარმოების განახლებას, სადაც ამ მტკიცებულების (ყალბი ნახაზის) გამორიცხვით მისი სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი სარჩელის მოთხოვნის ერთი ნაწილი, კერძოდ, შპს “ლ-ის” მიერ 2007 წლის 16 აგვისტოს შედგენილი აზომვითი ნახაზის ყალბად აღიარება, სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელის კატეგორიას მიეკუთვნება, რის შესაბამისადაც იგი ამ ტიპის სარჩელისათვის დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების მიხედვით უნდა გადაწყდეს.

სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარე სწორედ დოკუმენტის აზომვითი ნახაზის სიყალბის დადგენას ითხოვდა), თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

დავის საგანში გარკვევისა და მისი დაზუსტების მიზნით სააპელაციო სასამართლოს არაერთგზის შეკითხვაზე აპელანტმა ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ მისი მოთხოვნა იყო დოკუმენტის (აზომვითი ნახაზის) ყალბად აღიარება, რაც სჭირდებოდა მომავალში საქმის წარმოების განახლებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ დოკუმენტი, რომლის ყალბად აღიარებასაც მხარე ითხოვდა, არ იყო ყალბი. აქვე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიონული სასამართლო მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, იგი საქმის წარმოების განახლების თვალსაზრისით მოსარჩელისათვის ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლიდან გამომდინარე, კანონმდებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად (სიყალბეზე მითითებით) მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს მიიჩნევდა.

რაც შეეხებოდა მოთხოვნის მეორე ნაწილს, რომლითაც მხარე ითხოვდა, რომ სასამართლოს დაედგინა ნახაზის შედგენის მომენტისათვის აზომვით ნახაზზე თანდართული დოკუმენტების _ საკადასტრო რუკისა და რეესტრიდან ამონაწერის ასლების მოპოვების მართლზომიერების საკითხი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული სცილდებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა სფეროს (რომელთა ჩამონათვალსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი იძლევა), რის გამოც სარჩელის ეს ნაწილი ვერ გახდებოდა სასამართლოს მსჯელობის საგანი, ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, მასზე წარმოება უნდა შეწყვეტილიყო (ს.ფ. 157-163).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ლ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება დაეყრდნო 2007 წლის 15 აგვისტოს შედგენილ აზომვით ნახაზს, თუმცა 2008 წლის 5 ნოემბერსა და 2009 წლის 5 იანვარს სპეციალისტის მიერ ჩატარდა სადავო ტერიტორიის ხელახლა გადაზომვა, რომლითაც დადგინდა, რომ სადავო ფართობი ფაქტიურად შეადგენს 226კვ.მ-ს. აღნიშნულის შედეგად ვიღებთ განსხვავებას 6კვ.მ-ის ოდენობით, რასაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია. საქმეში არსებული ნახაზების სათანადოდ შეფასება სასამართლოს შეუქმნიდა საკმარის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ე. ლ-შვილის მოსაზრება აზომვითი ნახაზის სიყალბის შესახებ, არის სწორი (ს.ფ. 179-185, 193-201).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ე. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ე. ლ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მ. მ-ილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ე. ლ-შვილს დაუბრუნდეს მ. მ-ილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.