Facebook Twitter

ას-116-114-2011 23 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ს. რ-ა» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ფ-ტ-ი» (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ ვაგონის დაყოვნების, ტვირთის ვაგონში შენახვისა და ვაგონით სარგებლობის საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ს. რ-ამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ფ-ტ-ის» მიმართ სარკინიგზო ვაგონის დაყოვნების გამო, ვაგონით სარგებლობისა და ტვირთის შენახვისათვის თანხის _ 1144.80 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და შპს «ს. რ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ფ-ტ-ს» შპს «ს. რ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 40 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, რომ საქმეზე წარმოდგენილი „სადგურის მომსახურეობის და ტვირთის მიმღებ-ჩამბრებლის სამახსოვროები“ წარმოადგენდა ვაგონების მიღება-ჩაბარების საერთო ფორმის აქტს, ამდენად, არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგენდა „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრულ სათანადო მტკიცებულებას _ საერთო ფორმის აქტს.

პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სადგურის მომსახურეობის და ტვირთის მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროებით (საერთო ფორმის აქტებით) დასტურდება ვაგონების მოცდენის ფაქტი, ამასთან, ყველა სამახსოვრო შეიცავს მონაცემებს ტვირთის მიწოდებისა და ოპერაციის (ტვირთის დაცლის) დასრულების დროის შესახებ და ისინი ხელმოწერილია მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ. სამახსოვროში დაფიქსირებულ მოცდენაში ტვირთმიმღების ბრალეულობის გამომრიცხავი მტკიცებულება კი წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ყველა ვაგონის მოცდენა განხორციელდა შპს „ფ-ტ-ის“ ბრალეული მოქმედებით, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებისა და ს. სარკინიგზო კოდექსის 36-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ვაგონით დაყოვნების, ტვირთის ვაგონში შენახვისათვის და ვაგონით სარგებლობის საფასურის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ¹44103554, 94597952, 94206133, 94493079, 65409039, 94496007, 94200946, 94491156, 68012012, 94209905, 94495611, 944496213, 94793148, 94723087, 94771201, 68097823 ვაგონების დაყოვნებისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2007 წლის იანვრიდან, ¹94780418, 94001229, 65268666, 94840915, 9443731,94837366, 68405943, 94000528, 94421336, 94001229, 94495611, 94500238, 944955553, 94507209, 94301033, 94500111 ვაგონებისა – 2007 წლის თებერვლიდან, ¹94529831, 94000528, 94204328, 94017126, 63249692, 94723111, 94771201 ვაგონების _ 2007 წლის 18 მარტამდე პერიოდში, სარჩელი კი სასამართლოში აღიძრა მხოლოდ 2010 წლის 29 მარტს, ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასული იყო, რაც მითითებული საერთო ფორმის აქტებიდან წარმოშობილი თანხების გადახდის თაობაზე სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.

სასამართლომ ჩათვალა, რომ სადგურის მომსახურეობის და ტვირთის მიმღებ-ჩამბარებლის ¹061201 სამახსოვროში დაფიქსირებული ¹94301017 ვაგონი შპს „ფ-ტ-ს“ მიეწოდა 2007 წლის 6 ივლისს, აღნიშნული ვაგონიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ბოლო ვადას წარმოადგენს 2010 წლის 6 ივლისი. შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა 2010 წლის 29 მარტს, შესაბამისად, ¹94301017 ვაგონის დაყოვნებისათვის საფასურის გადახდის თაობაზე მოთხოვნა ხანდაზმული არ არის და, რადგან აღნიშნული ვაგონის დაყოვნებისათვის დარიცხული თანხა შეადგენს 40 ლარს, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ამ ოდენობის თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის პირველი ნაწილი და განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ერთი წლით არასწორად განსაზღვრა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლი გამოიყენება მხოლოდ ამავე კოდექსის მე-12 თავით განსაზღვრული პირობების არსებობისას. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ითხოვს არა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას, არამედ ნივთის დაყოვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ამ ურთიერთობას კი სამოქალაქო კოდექსის მე-12 თავი არ არეგულირებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ს. რ-ამ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი. შპს „ს. რ-ა“ მოპასუხე შპს „ფ-ტ-ისაგან“ სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს უკანონოდ დაზოგილი, რკინიგზის მიერ მოპასუხისათვის გაწეული 24 საათზე მეტი მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, ვინაიდან მოპასუხე – შპს „ფ-ტ-მა“ ვერ შესძლო დანიშნულების სადგურში მიწოდებული ტვირთის დროული დაცლა და დააყოვნა (მოაცდინა) ვაგონები. სარკინიგზო კოდექსის 22-23-ე, 25-26-ე და 36-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხეს შპს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ დაერიცხა 1 144,80 ლარი. ამდენად, უკანონოდ დაზოგა რკინიგზისთვის ასანაზღაურებელი ვაგონების მომსახურების ღირებულება 1 144.80 ლარი და, შესაბამისად, ამ თანხით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი და, ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე ხანდაზმულობის ვადა განსაზღვრული არ არის, პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 228-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს და შპს „ს. რ-ის“ მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ვაგონის დაყოვნების, ტვირთის ვაგონში შენახვისა და ვაგონით სარგებლობის საფასურის ანაზღაურება, ასევე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა. აღნიშნულ საკითხებზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ს. რ-ას» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 18 იანვარს გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს «ს. რ-ას» (საიდენტიფიკაციო ¹202886010) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 105 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.