Facebook Twitter

¹ას-1162-1424-09 4 თებერვალი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დახურული სააქციო საზოგადოება სანაოსნო კოპანია “უ-ი”

კასატორის წარმომადგენელი: ქ. ტ-ში

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “.. ..”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „.. ..ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა.

მოპასუხე დახურული სააქციო საზოგადოება სანაოსნო კომპანია „უ-ს“, შპს „.. ..ის“ სასარგებლდ დაეკისრა 47 993 52 შვეიცარული ფრანკის ექვივალენტი ლარებში გადახდა. მასვე დაეკისრა შპს „.. ..ის“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის, 2 120.68 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება სანაოსნო კომპანია “უ-ი”-ს წარმომადგენელმა ქ. ტ-შმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ბულგარეთის, საქართველოსა და უკრაინის ტრანსპორტის მინისტრების მიერ დამტკიცებული იქნა „ტვირთის ვაგონებით გადაზიდვის საერთაშორისო პირდაპირი სარკინიგზო – საბორნო მიმოსვლის წესი“, რომელიც ილიჩევსკი-ფოთი-ბათუმის პორტებს შორის მიმოსვლას არეგულირებდა.

შპს „.. ..სა“ და დახურულ სააქციო საზოგადოება სანაოსნო კომპანია „უ-ს“ შორის, 2004 წლის 1 ივნისს გაფორმდა შეთანხმება ვაგონებით სარგებლობისა და ურთიერთანგარიშსწორების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ სატვირთო ვაგონების გამოყენებაზე სარკინიგზო-საბორნე საშუალებით ფოთი-ბათუმი-ილიჩევსკის მიმართულებით, რაც ეფუძნებოდა საქართველოსა და უკრაინას შორის სარკინიგზო-საბორნე შეტყობინებაში სატვირთო ვაგონების გამოყენების ნომრული აღრიცხვისა და ანგარიშსწორების ექსპლოატაციის შესახებ შეთანხმებას და მასთან დაკავშივრებულ ანგარიშის წესებს, ასევერ სხვა ქვეყნის კუთვნილი სატვირთო ვაგონების ნომრული აღრიცხვისა და ანგარიშსწორების წესებს.

აღნიშნული შეთანხმების 6.1. მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისათვის „ფორსმაჟორული გარემოებების აღმოცენებასთან დაკავშირებით. ასეთებია – სამხედრო ქმედებები, წყალდიდობები, მიწისძვრები, ხანძრები, ქარიშხლები და ა.შ. რომლებიც აღმოცენდებიან ლმხარეების სურვილისაგან დამოუკიდებლად, რომელთა წარმოქმნაც არ შეიძლება გავითვალისწინოთ ან აღეკვეთოთ.

2004 წლის 1 ივნისის შეთანხმების 1.1. და 2ბ2. მუხლის შესაბამისად, შპს „.. ..“ ადგენს საანგარიშო და ნაერთ (შემაჯამებელი) უწყისებს ფოთი/ბათუმი-ვარნა, ვარნა-ფოთი-ბათუმი, ფოთი/ბათუმი-ილიჩევსკი გზის საზღვაო მონაკვეთზე გამოყენებულ სატვირთო ვაგონებზე, რომელიც იგზავნება სანაოსნო კომპანია „უ-ის“ მისამართით.

მხარეთა განმარტებებითა და საქმეში განთავსებული საფოსტო შეტყობინებებით დადგენილია, რომ 2006 წლის 26 ნოემბერს, სადგურ ფოთიდან გემზე „გრეიფსვალდი“ არ იქნა მიღებული 50 ვაგონი, ამ ვაგონების მიღებაზე ოდესის პორტის მიერ უარის თქმის მიზეზით, ხოლო 2006 წლის 13 ნოემბერს სადგურ „ბათუმიდან“ გემზე „გეროი შპკი“ არ იქნა მიღებული 100 ვაგონი მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების მოტივით და გემი სარკინიგზო ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად გაბრუნდა უკან, ცარიელ მდგომარეობაში.

ფოთისა და ბათუმის სადგურებიდან სანაოსნო კომპანია „უ-ის“ მისამართით გაგზავნილი იქნა დეპეშები, ასევე გაფორმდა არმიღების აქტები, რომლებიც დადასტურებული იქნა საქარველოსა და საზღვაო გადამზიდავის წარმომადგენლების მიერ.

არმიღებული ვაგონების აქტების საფუძველზე, შპს „.. ..ის მიერ შედგენილია და გადაგზავნილია სანაოსნო კომპანია „უ-ის“ მისამართით 2006 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის ნაერთი უწყისები არმიღებულ ვაგონებზე საერთო თანხით – 2006 წლის ნოემბერი – 12 783 შვეიცარული ფრანკი და დეკემბერი – 35 209,89 შვეიცარული ფრანკი.

მხარეთა მიერ დადასტურებულია, რომ არმიღებული ვაგონები წარმოადგენდა სხვა სარკინიგზო ადმინისტძრაციების საკუთრებას და .. ..მ მესაკუთრე ადმინისტრაციებს, 2006 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში გადაუხადა მიმდინარე საანგარიშო თვეში გადასახდელ თანხაზე მეტი თანხა, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 47 993.52 შვეიცარული ფრანგი. ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2006 წლის ნოემბერში, მოცდენით გამოწვეული ზიანი შეადგენდა 12 783 შვეიცარულ ფრანკს, ხოლო დეკემბერში – 35 209,89 შვეიცარულ ფრანკს.

სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში, მხარეთა მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული არმირებული ვაგონების მოცდენით წარმოშობილი ზიანის ოდენობა და დადასტურებული იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაძე, რომ 2006 წლის ნოემბერში, მოცდენით გამოწვეული ზიანი შეადგენდა 12 783 შვეიცარულ ფრანკს, ხოლო დეკემბერში – 35 209,89 შვეიცარულ ფრანკს.

სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის მიერ გაცემული ცნობითა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მიერ, 2009 წლის 10 თებერვალს გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ბათუმის პორტის აკვატორიაზე, 2006 წლის 14-16 ნოემბერს იყო წვიმა, ელჭექი, სამხრეთ დასავლეთის ქარი 7.9, 9-10 ბალი, ტალღის სიმაღლე 20-25 დმ (5 ბალი), რის გამოც 14 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით პორტი დაკეტილი იყო.

ბულგარეთის, საქართველოსა და უკრაინის ტრანსპორტის მინისტრების მიერ დამტკიცებული „ტვირთის ვაგონებით გადაზიდვი საერთაშორისო პირდაპირი სარკინიგზო-საბორნო მიმოსთვლის წესის“ შესახებ შეთნახმების მიხედვით, სააქციო საზოგადოება სანაოსნო კომპანია „უ-ი“ წარმოადგენს უშუალოდ გადაზიდვებში მონაწილე მხარეს და მისი ურთიერთობა მოსარჩელესთან შემოიფარგლება ვაგონების მიღებითა და გადაზიდვებით.

პალატამ დამატებით განმარტა, რომ გარდა მოპასუხის მითითებისა, რომ ოდესის პორტმა უარი განაცხადა ვაგონების მიღებაზე, საქმის მასალებში სხვა მტკიცებულება არ მოიპოვება.

პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ 2006 წლის 26 ნოემბერს, ფოთის პორტში, ბორანზე – „გრეიფსვალდიზე“ ვაგონების მიუღებლობით წარმოშობილი ზიანის ანაღზაურებაზე ვალდებულს წარმოადგენს სააქციო საზგადოება სანაოსნოს კომპანია „უ-ი“.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად, მოსარჩელეს მიერ წარდგენილი იქნა დეპეშის ასლი, სადაც დაფიქსირებულია, რომ ბორანი „გეროი შიპკი“მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, 2006 წლის 14 ნოემბერს გადაყვანილი იქნა რეიდზე.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სადავო არ იყო 2006 წლის 14 ნოემბერს, ბათუმში მეტეოროლოგიური პირობების გაუარესება და სარჩელში მითითებულია კიდეც ზღვაზე შტორმის არსებობის თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ვალდებული იყო სასამართლოსათვის წარმოედგინა მტკიცებულება, კერძოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ოფიციალურად გაცემული დოკუმენტი ზღვაზე შტორმისა და ვაგონების დასატვირთად პორტში გემის გაჩერების შეუძლებლობის შესახებ – არასწორია.

პალატის განმარტებით, როგორც სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, მეტეოროლოგიური პირობებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელემ სადავო გახადა მთავარ სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებია მოპასუხის შუამდგოლობა ამ არგუმენტის გასაქარწყლებელი მტკიცებულების დართვის თაობაზე, რაც არ გაუკეთებია, ამდენად აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ სასამართლომ, მეტეოროლოგიური პირობების შესახებ მტკიცებულებების მიუღებლობით დაარღვია საპროცესო კოდექსის მოთხოვნები დასაბუთებულია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რადგანაც სატვირთო ვაგონები გზის საზღვაო ნაწილზე არ იმყოფებოდნენ, დახურულ სააქციო საზოგადოება სანაოსნო კომპანია „უ-ს“ 2004 წლის 01 ივნიის შეთანხმების 2.4 და 3.1 მუხლების თანახმად, ვაგნების მიუღებლობისა და მოცდენის გმო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულება არ ეკისრებოდა.

პალატამ აღნიშნა, რომ 2004 წლის 1 ივნისის შეთანხმება, გარდა ფორსმაჟორული გარემოებისა, არ შეიცავს რაიმე სახის დათქმას ვაგონების მიუღებლობისა და მოცდენის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დახურული სააქციო საზოგადოება სანაოსნო კოპანია “უ-ი”-ს წარმომადგენელმა ქ. ტ-შმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სანაოსნო კომპანია „უ-ის“ ბრალეულობა ზიანის დადგომაში და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, რაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.

კერძოდ, ბულგარეთის, საქართველოსა და უკრაინის ტრანსპორტის მინისტრების მიერ დამტკიცებული „ტვირთის ვაგონებით გადაზიდვის საერთაშორისო პირდაპირი სარკინიგზო-საბორნო მიმოსვლის წესის“ მე-14 პარაგრაფის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორება ხორციელდება გზის საზღვაო ნაწილზე ვაგონების გამოყენებისათვის. ანგარიშსწორების ანაოგიურ წესს ითვალისწინებს „შუზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „.. ..სა“ და დ ახურულ სააქციო საზოგადოება სანაოსნო კომპანია „უ-ის“ შორის პირდაპირი სარკინიგზო – საბორნო მიმოსვლაში ფოთი/ბათუმი-ვარნა, ფოთი/ბათუმი-ილიჩევსკი სატვირთო ვაგონების გამოყენებისათვის ანგარიშსწორების შესახებ“ 2004 წლის 1 ივლისის შეთანხმების 1.1 პუნქტის თანახმად, „მხარეები ახორციელებენ ანგარიშსწორებებს სატვირთო ვაგონების გამოყენებისათვის პირდაპირ სარკინიგზო – საბორნო მიმოსვლაში ფოთი/ბათუმი-ვარნა, ვარნა-ფოთი/ბათუმი, ფოთი/ბათუმი-ილინევსკი, ვაგონების ყოფნისას გზის საზღვაო ნაწილზე. მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ისინი“.

ვინაიდან სატვირთო ვაგონების გზის საზღვაო ნაწილზე არ იმყოფებოდნენ, აღნიშნული შეთანხმების თანახმად, დახურულ სააქციო საზოგადოება სანაოსნო კომპანია „უ-ს“ არანაირი ანგარიშსწორების ვალდებულება არ ეკისრებოდა.

სასამართლომ შესაბამისი განმარტება არ მისცა „სატვირთო ვაგონების მოხმარების ანგარიშსწორებები უკრაინასა და საქართველოს შორის“ წესს, რომლის მიხედვითაც სანაოსნო საწარმოს მიერ სატვირთო ვაგონებით სარგებლობის დროის გაანგარიშება წარმოებს ბოლო ვაგონების ბორანზე აგორების მომენტიდან – ბოლო ვაგონის ჩამოგორებამდე შესაბამისად, ვინაიდან ბორანი „გრეიფსვალდი“ რეიდზე იმყოფებოდა და მასზე ვაგონები საერთოდ არ შეგორებულა, რაიმე სახის ვალდებულებაზე. ზიანზე ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე საუბარი ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული.

სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ამავე შეთანხების 2.4 და 3.1 მუხლები, რომელთა მიხედვითაც სანაოსნო კომპანია „უ-ი“ თანხას მხოლოდ სატვირთო ვაგონებით სარგებლობისათვის იხდის და ვინიდან ასეთი სარგებლობა საერთოდ არ განხორციეფლებულა, თანხის გადახდის მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული.

კასატორის განცხადებით, ვაგონების განთავსების მომენტამდე ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება არა სანაოსნო კომპანიას, არამედ ექსპედიტორს. სასამართლოს მიერ აღნიშნული შეთანხმების გაუთვალისწინებლობა არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დახურული სააქციო საზოგადოება სანაოსნო კოპანია “უ-ი”-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დახურული სააქციო საზოგადოება სანაოსნო კოპანია “უ-ი”-ს

საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს- დახურული სააქციო საზოგადოება სანაოსნო კოპანია “უ-ი”-ს უნდა დაუბრუნდეს სატრანსპორტო კომპანია ,,ინსტრას“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2836,68 ლარის 70%- 1985,76.6 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დახურული სააქციო საზოგადოება სანაოსნო კოპანია “უ-ი”-ს

საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

კასატორს- დახურული სააქციო საზოგადოება სანაოსნო კოპანია “უ-”-ს

უნდა დაუბრუნდეს სატრანსპორტო კომპანია ,,ინსტრას“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2836,68 ლარის 70%- 1985,76.6 ლარი

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.