¹ას-1164-1426-09 4 თებერვალი, 2010წ.
ას-1164-1426 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს სადაზღვევო კომპანია “---” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ძ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – სადაზღვევო თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ძ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს სადაზღვევო კომპანია “---ს” მიმართ სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2009 წლის 29 იანვრის ¹1-01\287 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის საფუძველზე სადაზღვევო კომპანია „---“ თავს იკავებს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებაზე. იგი არ დაეთანხმა სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებას და განცხადებით მიმართა.
2009 წლის 18 თებერვალს პასუხში კომპანია აცხადებს რომ იგი უარს აცხადებს მატერიალური ზარალის ანაზღაურებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულების 5.1.10 პუნქტის დარღვევის გამო. იგი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, ვინაიდან 2008 წლის 12 მარტს მას და სადაზღვევო კომპანია „---ს“ შორის დაიდო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გაიცა სადაზღვევო პოლისი ¹ MI\II-00015\8\ სადაზღვევო პერიოდით 2008 წლის 12 მარტიდან 2009 წლის 12 მარტამდე. მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „შIშUKI ჩღAND VIთAღA“ სახ.¹ALI-054 დაზღვეულ იქნა ერთი წლით.
2009 წლის 14 იანვარს მისი კუთვნილი ავტომანქანა „შIშUKI ჩღAND VIთAღA“ სახ.¹ALI-054 მიდიოდა ქ.ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩით ტ.აბუსერიძის ქუჩისკენ. გრიბოედოვის ქუჩის კვეთასთან აინთო წითლად შუქნიშანი, ხოლო მწვანედ ანთებისას კი გადაკვეთა გრიბოედოვის ქუჩა და გადავიდა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე.
ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გზა იყო მოყინული. მოყინულ გზაზე ავტომანქანა უეცრად მოსრიალდა და შეეჯახა განათების ბოძს. მან ვერ დაიმორჩილა ავტომანქანა. შეჯახების შემდეგ ავტომანქანა გადმოგორდა უკან ბორდიურიდან და ფაქტობრივად გადაკეტა გზა. ავტომანქანამ მიიღო დაზიანებები და მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 5505 ლარი, რაც დასტურდება დეფექტური აქტით. ვინაიდან მას ჰქონდა საშინელი ტკივილი კბილების არეში და პირის ღრუდან მოდიოდა სისხლი, მიატოვა ავტომანქანა და წავიდა კბილის ექიმთან ტბელ აბუსერიძის ქუჩა ¹33-ში. როცა ოდნავ შეუჩერდა ტკივილები, დაუყოვნებლივ მივიდა „---ბანკში“, გოგა გაბელაიასთან, რომელმაც თავის დროზე დააზღვევინა ავტომანქანა. მან თქვა, რომ სადაზღვევო კომპანია „---ს“ ბათუმში ფილიალი აღარ ჰქონდა. მან მისცა „სადაზღვევო კომპანია ---ს“ თბილისის წარმომადგენლის დ. უ-ავას ტელეფონის ნომერი, რომელსაც დაუყოვნებლივ დაურეკა. მან გამოიძახა პატრული, პოლიციის მიერ შედგა ნახაზი, შეამოწმეს ალკოჰოლზე, შეადგინეს ოქმი. ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით პოლიციის მიერ გადაყვანილი იქნა საჯარიმო სადგომზე.
მეორე დღესვე სადაზღვევო კომპანიიდან მოთხოვნილი მასალები გაეგზავნა სადაზღვევო კომპანიას გ. გ-იას ხელით. 2009 წლის 16 იანვარს გ. გ-იამ დაიბარა ქ.ბათუმში „---ბანკში“ კომპანიიდან გამოგზავნილი ანკეტის შესავსებად, რომელიც მან შეავსო და მანვე შევსებული ანკეტა გააგზავნა სადაზღვევო კომპანიაში. მას არ დაურღვევია ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მოთხოვნები. ავტომანქანა დაზიანდა და ზარალმა შეადგინა 5505 ლარი, რაც დასტურდება დეფექტური აქტით, აგრეთვე, დაზიანდა განათების ბოძი, რომლის თანხამ შეადგინა 500 ლარი. მოსარჩელემ მოითხოვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით მ. ძ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს სადაზღვევო კომპანია “---მ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის გადწყვეტილებით შპს სადაზღვევო კომპანია “---ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს სადაზღვევო კომპანია “---მ”. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს სადაზღვევო კომპანია “---ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს სადაზღვევო კომპანია “---ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს სადაზღვევო კომპანია “---ს” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს სადაზღვევო კომპანია “---ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
შპს სადაზღვევო კომპანია “---ს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.