Facebook Twitter

საქმე ¹ას-1166-1428-09 3 თებერვალი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. დ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ .. ..” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “.. ..მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. დ-ძის, ა. დ-შვილისა და გ. კ-შვილის მიმართ 2007 წლის 21 ნოემბერს არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირ “ვ-სა” და ნ. დ-ძეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით, მოპასუხისა და მის თავდებთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სესხის ძირითადი თანხის _ 2615,99 აშშ დოლარის, დარიცხული პროცენტის _ 479,05 აშშ დოლარისა და ჯარიმის _ 28,16 აშშ დოლარის, სულ _ 3123,20 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 21 ნოემბერს არასამეწარმეო იურიდიულ პირ “ვ-სა” და ნ. დ-ძეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ 24 თვის ვადით, თვეში 1,43%-ის დარიცხვით ისესხა 4000 აშშ დოლარი. ამავდროულად, 2007 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა ა. დ-შვილმა და გ. კ-შვილმა იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად დაეფარათ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც, თუ მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა არ მოხდებოდა, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდებმა ვალდებულება იკისრა, თვითონ დაფაროს დავალიანება აღნიშნულის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში. 2007 წლის 1 დეკემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით “ვ-მა” ზემოხსენებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები გადასცა მოსარჩელეს. 2008 წლის 21 სექტემბრიდან მსესხებლები აგვიანებენ თანხის გადახდას. 2008 წლის 5 და 24 ნოემბერს თავდებებს ჩაბარდათ სათანადო გაფრთხილება, თუმცა მათ ვალდებულების შესასრულებლად რაიმე ღონისძიება არ განუხორციელებიათ.

მოპასუხე ნ.დ-ძემ და ა.დ-შვილმა სარჩელი ცნეს და განმარტეს, რომ სადავო თანხის ერთიანად გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. გ.კ-შვილმა შპს “.. ..ს” მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო, ამასთან მოითხოვა ვალდებულების შესრულებისათვის სრული პასუხისმგებლობის ნ.დ-ძისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “.. ..ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. დ-ძეს, ა. დ-შვილსა და გ. კ-შვილს შპს “.. ..ს” სასარგებლოდ დაეკისრათ 3123,20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.დ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნ.დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 2007 წლის 21 ნოემბრის, ერთი მხრივ, შპს „.. ..სა“ და, მეორე მხრივ, ნ. დ-ძეს, ა. დ-შვილსა და გ. კ-შვილს შორის სესხისა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე პალატამ უდავოდ ჩათვალა ის ფაქტი, რომ ნ.დ-ძეს, ა.დ-შვილსა და გ.კ-შვილს ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებიათ. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 891-ე, 895-ე, 873-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ კრედიტის ამღებმა ნ. დ-ძემ კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებს რამდენჯერმა გადააცილა, შესაბამისად, ამავე კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლების მიხედვით მოპასუხეები ვალდებული იყვნენ, დაებრუნებინათ სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლოს უნდა შეესწავლა ნ. დ-ძისა და მისი თავდები პირების ფინანსური მდგომარეობა, რადგან ასეთი ვალდებულება სასამართლოს არ ეკისრება. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის არგუმენტს 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში არსებული საომარი მდგომარეობით განპირობებული ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობასთან დაკავშირებით, პალატამ ჩათვალა, რომ თვით საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 19 აგვისტოს ¹1-1/17/20 ბრძანების მიხედვით, აღნიშნული საფუძვლით საპატიოდ ჩაითვალა მხოლოდ 2008 წლის 9 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე, ანუ საომარი მდგომარეობის დასრულებამდე პერიოდში სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის განმარტებით, სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა მისი მხრიდან დაიწყო 2008 წლის 21 სექტემბრიდან და გრძელდება დღემდე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. დ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების ზედაპირული შესწავლისა და სამართლებრივი საფუძვლების არასწორი განმარტებისა თუ გამოყენების საფუძველზე, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე და 244-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არასწორად შეაფასა ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზის დამადასტურებელი ისეთი პატივსადები გარემოება, როგორიცაა 2008 წლის აგვისტოს საყოველთაოდ ცნობილი მოვლენები. დაუსაბუთებელია პალატის მითითება, რომ აღნიშნული მოვლენა 9 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაგრძელდა. ფაქტობრივად, ამ მოვლენის უარყოფითი შედეგები არა თუ 8 სექტემბრამდე, არამედ ამჟამადაც გრძელდება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელესთან ანგარიშსწორება, ქ.მოსკოვში წარმოებული ბიზნესურთიერთობიდან გამომდინარე, გადმორიცხული თანხების მეშვეობით ხორციელდებოდა, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის ფაქტი კი დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის სადავო ვლადებულების შესრულების პირობებსა და მის სამართლებრივ საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით ნ. დ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. დ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული საკასაციო საჩივრის საგანია ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზის განსაზღვრის მართლზომიერება და სამოქალაქო კოდექსის 891-ე, 895-ე, 873-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე და 398-ე მუხლების გამოყენების კანონიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. დ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. პ-ძის მიერ 2010 წლის 4 და 13 იანვარს გადახდილი 300 ლარის 70% _210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. დ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ნ. დ-ძეს დაუბრუნდეს რ. პ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.