Facebook Twitter

ას-117-111-10 20 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ჯ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ო-ძე (მოპასუხე)

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2008 წლის 29 დეკემბერს ა. ჯ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. მან მიუთითა, რომ ტ. ო-ძემ მის საკუთრებაში არსებული 6 კვ. სიმძლავრის, 2000 მეტრი სიგრძის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (მიწისქვეშა კაბელის) მიითვისა და გაანადგურა, რომელსაც მოსარჩელე თანასაკუთრების უფლებით ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა აწ გარდაცვლილ მეუღლე ა. ჩ-ძესთან ერთად.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხე ტ. ო-ძემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ქვეშ გადიოდა 6 კვ.კაბელის ქსელი. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხემ ისარგებლა აღნიშნული მდგომარეობით და თვითნებურად ჩაჭრა დენის კაბელები და მიუერთა მის მიერ ახლად შეძენილ ტრანსფორმატორს, რის შედეგადაც 600 მეტრი კაბელი დარჩა ძაბვის გარეშე, რითაც ვეღარ სარგებლობს მოსარჩელე ა.ჯ-ძე. აღნიშნულიდან გამონდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მხრიდან მისი საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა, სადავო ნივთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ტარიელ ო-ძემ შესაგებელი შეიტანა სასამართლოში და მიუთითა, რომ ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ ნაკვეთს იჯარით ფლობდა ტ.ო-ძე თავის ცოლის ძმასთან ერთად 1991 წლიდან, ხოლო 2007 წელს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის სახელზე.

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ 17 წელია ფლობს და განკარგავს მის ტერიტორიაზე გამავალ მაღალი ძაბვის ელექტროსადენს. ასევე მოპასუხე ტ.ო-ძემ დააფუძნა შპს „ყინული 97“ და აწარმოებდა სოფლის მეურნეობის პროდუქტს, რის გამოც დაამონტაჟა საკუთარი ტრანსფორმატორი. სს „ე-მ“ უარი განუცხადა მოპასუხის მიერ დამონტაჟებული ტრანსფორმატორის ქსელთან მიერთებაზე, რადგანაც ა.ჯ-ძეს აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე შეტანილი ჰქონდა სარჩელი სასამართლოში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიადგა მატერიალური ზიანი, რადგანაც „...-დან“ გამოტანილი ჰქონდა სესხი სამეწარმეო კომპანიის დასაფუძნებლად და იხდიდა პროცენტს.

2009 წლის 3 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა.ჯ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ჯ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ა. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, განჩინების გამოტანის თარიღად მითითებულია 2009 წლის 24 ნოემბერი, ნაცვლად 2009 წლის 3 დეკემბრისა, ასევე აღნიშნული საქმის ნომერია ¹2/ბ-581, ხოლო განჩინებაში მითითებულია 2/ბ-904, რაც არასწორია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ჯ-ძემ. მან მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა სასამართლომ თავისი ინიციატივით შეასწორა. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გარდა აღნიშნული უსწორობისა მითითებულ განჩინებაში სხვა შეცდომაც არის, რომელიც უნდა გამოსწორდეს, კერძოდ, არასწორია განჩინების გამოტანა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნტის თანახმად, როცა, ამავე კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, რაც არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში უნდა მიეთითოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალკეულ შეფასებას საქმის ფაქტობრივ ან სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.

ამავე კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება გაჩინების ფორმით.

მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული იყო უსწორობა, კერძოდ, განჩინების გამოტანის თარიღად მითითებული იყო 2009 წლის 24 ნოემბერი, ნაცვლად 2009 წლის 3 დეკემბრისა, ასევე აღნიშნული საქმის ნომერია ¹2/ბ-581, ხოლო განჩინებაში მითითებული იყო 2/ბ-904. აღნიშნული შეცდომა გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა განჩინებაში მითითებული პროცესუალური ნორმების შესწორება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის შეცვლა ამავე კოდექსის 390-ე მუხლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. ჯ-ძე კერძო საჩივარში არ უთითებს და შესაბამისად ვერ ადასტურებს ისეთ გარემოებას, რომლებიც მიუთითებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის დარღვევის ფაქტზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცველად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.