Facebook Twitter

ას-117-115-2011 7 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ბ. ც-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-ძე

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. დ-ძის სახელით მისმა წარმომადგენელმა ჭ. ვ-ძემ სარჩელი აღძრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში ბ. ც-იძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მისი მარწმუნებლის სასარგებლოდ 1890 ლარის, ასევე მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, 2009 წლის 28 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ი. დ-ძემ ბ. ც-ძეს ასესხა 1050 აშშ დოლარი (შესაბამისი კურსით ლარებში). სესხის ხელშეკრულების თანახმად, ბ. ც-ძეს მოსარჩელისათვის ვალი უნდა დაებრუნებინა 2009 წლის 28 აგვისტოს, თუმცა, მიუხედავად ი. დ-ძის არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეს სასესხო ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია.

მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ი. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. ც-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1890 ლარის, ასევე საადვოკატო მომსახურების _ 300 ლარისა და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ. ც-ძეს ი. დ-ძის სარჩელი თანდართულ მასალებითან ერთად გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და განესაზღვრა 10-დღიანი ვადა შესაგებლის წარმოსადგენად, რომელიც მას პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 9 ივლისს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მან არც შესაგებელი წარმოადგინა, არც მისი წარმოუდგენლობის რაიმე საპატიო მიზეზზე მიუთითებია და არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე არ მიუმართავას სასამართლოსათვის, შესაბამისად, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით ი. დ-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ბ. ც-იძის საჩივარი ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. ც-იძის მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვერ მიიჩნეოდა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად და ვერ გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი იურიდიულად გამართლებული იყო.

დასახელებული დაუწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ც-ძემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ბ. ც-იძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ი. დ-ძის მიერ აღძრული სარჩელის ასლი და თანდართული დოკუმენტები ბ. ც-ძეს გაეგზავნა კანონის შესაბამისად და განესაზღვრა 10-დღიანი ვადა შესაგებლის წარმოსადგენად;

სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ბ. ც-ძეს სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია და არც რაიმე საპატიო მიზეზზე მიუთითებია. ასევე არ დაუყენებია შუამდგომლობა შესაგებლის წარმოდგენისათვის დაწესებული ვადის გაგრძელების შესახებ, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2010 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ბ. ც-ძეს ი. დ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1890 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ქობულეთის მუნიციალიტეტში 2010 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა ბ. ც-ძეს 2010 წლის 6 აგვისტოს.

2010 წლის 11 აგვისტოს წარდგენილი იქნა ბ. ც-იძის საჩივარი გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იგი მოითხოვდა დ/გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. საჩივრის ავტორი შესაგებლის წარმოუდგენლობის მიზეზად მიუთითებდა ავადმყოფობაზე, ამასთან, აღნიშნავდა, რომ სარჩელი არ იყო იურიდიულად გამართლებული.

ბ. ც-იძის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2010 წლის 2 ივლისს გაცემული ¹6.. .. ცნობით დგინდებოდა, რომ ბ. ც-ძემ ამბულატორიას მიმართა 2010 წლის 2 ივლისს. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, პალატამ დადასტურებულად არ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ. ც-ძეს 2010 წლის 9 ივლისიდან (სარჩელის და თანდართული მასალების ჩაბარებიდან) 2010 წლის 19 ივლისამდე (10 დღიანი ვადის გასვლა შესაგებლის წარმოდგენისათვის) არ შეეძლო გადაადგილება, მით უფრო, რომ ცნობა გაცემული იყო 2010 წლის 2 ივლისს ანუ მხარეს შეეძლო ეს ცნობა წარმოედგინა 2010 წლის 9 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, მაგრამ არ წარუდგენია.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. ც-იძის მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვერ მიიჩნეოდა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად და ვერ გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

პალატამ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ ი. დ-ძის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გამართლებული იყო. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, დგინდებოდა, რომ ბ. ც-ძემ ი. დ-ძისგან ისესხა 1050 აშშ დოლარი – ეროვნულ ვალუტაში 1890 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, სახელდობრ სახეზე იყო ერთ-ერთი პირობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა – მოპასუხე მხარის მიერ სარჩელზე შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა არასაპატიო მიზეზით. მეორე პირობა, რაც ასევე აუცილებლად უნდა არსებულიყო რათა მიღებული ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება იყო ის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდა მოთხოვნას.

ამდენად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, სახელდობრ ის, რომ ბ. ც-იძის მიერ უნდა მოხდეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნება ი. დ-ძისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 317-ე მუხლებით იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად და კანონის დაცვით იქნა მიღებული, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე მისი ძალაში დატოვების განჩინებაც და, შესაბამისად, არ არსებობდა მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ც-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ მიიჩნია მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად. ამასთან, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ სარჩელი იურიდიულად გამართლებული იყო, ვინაიდან მას ხელშეკრულებაზე ხელი მისი ნდობის ბოროტად გამოყენებით მოაწერინეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით ბ. ც-იძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ც-იძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. ც-იძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ბ. ც-ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ც-იძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.