Facebook Twitter

¹ას-1173-1435-09 1 მარტი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ სს “თ.” (წარმომადგენლები: ა. ა-ელი, გ. წ-ელი)

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (წარმომადგენელი ნ. ძ-შვილი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 17 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “თ.” მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების _ 315 799.77 ლარის ანაზღაურება.

სარჩელში აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ზოგიერთ ობიექტს, რომლებიც განთავსებულია თბილისის ტერიტორიაზე და რომლებსაც ელექტროენერგიით სს “თ.” ამარაგებს, გააჩნიათ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება.

სამხედრო ნაწილს ნომრით 06325 (აბონენტი ¹3333191, ძველი აბონენტის ნომერი 1718ბ) ერიცხება დავალიანება 267 951.47 ლარი, სახმელეთო ჯარების შტაბს (აბონენტი ¹3476900) _ 28 527.37 ლარი, სამხედრო პროკურატურას (აბონენტი ¹3312757) _ 9 349.36 ლარი, ხოლო სამხედრო ნაწილს ნომრით 55088 (აბონენტი ¹3477160) _ 9 971.57 ლარი.

ზემოაღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავალიანება მოსარჩელემ ნაწილობრივ აანაზღაურა 2005 წლის 16 ნოემბერს, თუმცა ჯერ კიდევ გადასახდელია 315 799.77 ლარი.

მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ დაასახელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი და განმარტა, რომ მასა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებობს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოვალემ გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას, რაც სს “თ.” უფლებამოსილს ხდიდა მოეთხოვა სარჩელში მითითებული თანხის ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 2-11).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა შემდეგი არგუმენტებით დაასაბუთა:

მოსარჩელემ ვერ წარადგინა ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებდა თავდაცვის სამინისტროს მიერ გახარჯული ელექტროენერგიის ოდენობას, საფასურს და მის ნაწილობრივ გადახდას;

სს “თ.” მიერ წარდგენილი ბრუნვის ისტორია არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას, ვინაიდან შედგენილი და დამოწმებული იყო თავად მოსარჩელის მიერ;

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენდა, რომ სარჩელში მითითებული დავალიანების ნაწილი მოპასუხემ დაფარა 2005 წლის 16 ნოემბერს, სარჩელი იყო ხანდაზმული, რადგან იგი წარდგენილ იქნა 2008 წლის 17 ნოემბერს, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით (ტომი I, ს.ფ. 49-57).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სს “თ.” სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 315 799.77 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა და მხარეებიც არ უარყოფდნენ, რომ თავდაცვის სამინისტრო სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა სს “თ.” და მოსარჩელე მოპასუხეს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე აწვდიდა ელექტროენერგიას;

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2005 წლის 2 აგვისტოს სს “თ.” და თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლების მონაწილეობით შედგენილი მოხმარებული ელექტროენერგიის და არსებული დავალიანების მონაცემების ამსახველი შედარების აქტით თავდაცვის სამინისტროს დავალიანება 2005 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სს “თ.” მიმართ შეადგენდა 730 170 ლარს;

2005 წლის 16 ნოემბერს თავდაცვის სამინისტრომ გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 730 170 ლარის ოდენობით, რაც დასტურდებოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი, ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილისა და კომუნალური რესურსების ხარჯვის ინსპექციის ჯგუფის უფროსის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით. ამ დოკუმენტში კონკრეტულად იყო მითითებული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი რომელი ობიექტის მიმართ რა რაოდენობის დავალიანება იყო გადახდილი, ასევე სს “თელასის” მიერ მინიჭებული აბონენტის ნომრები.

მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის 2 აგვისტოს შედგენილი აქტის მიხედვით თავდაცვის სამინისტრო არ აღიარებდა და სადავოდ ხდიდა მახათას ქუჩაზე განთავსებული ¹06325 სამხედრო ნაწილის დავალიანებას _ 278 938.46 ლარს, 2005 წლის 16 ნოემბერს მოპასუხემ დაფარა ამ ობიექტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილი _ 11 118.24 ლარი. ეს გარემოება სასამართლომ დაადგინა 2005 წლის 16 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს მიერ სს “თ.” გადახდილი თანხების ამსახველი დოკუმენტით;

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ¹07747 სამხედრო ნაწილის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება 2005 წლის 1 ივლისამდე შეადგენდა 218 258.77 ლარს;

თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფს, რომლის დასახელებაა “სამხედრო პროკურატურა კომენდატურა” (აბონენტის ძველი ნომერია ¹107-1494) 2005 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოხმარებული ჰქონდა 19 349.47 ლარის ღირებულების ელექტროენერგია, ხოლო ¹55088 სამხედრო ნაწილის (აბონენტის ძველი ნომერი ¹106-732ბ) მოხმარებული ჰქონდა 19 423.21 ლარის ღირებულების ელექტროენერგია;

თავდაცვის სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა აღნიშნული თანხები, რაც დასტურდებოდა 2005 წლის 2 აგვისტოს შედგენილი მტკიცებულებით, რადგან მასში ¹07747, ¹55088 სამხედრო ნაწილების და “სამხედრო პროკურატურა კომენდატურის” ელექტროენერგიის დავალიანება არ იყო აღნიშნული, როგორც სადავო. ამავე დოკუმენტის მეორე გვერდზე აღნიშნული იყო, რომ თავდაცვის სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, აენაზღაურებინა მის მიერ აღიარებული თანხები, რომელშიც შედიოდა ¹07747, ¹55088 სამხედრო ნაწილების და “სამხედრო პროკურატურა კომენდატურის” დავალიანებაც;

2005 წლის 16 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისთვის გამოყოფილი თანხის სამხედრო ნაწილების მიხედვით განაწილების ამსახველი დოკუმენტით დგინდებოდა, რომ მოპასუხემ სს “თ.” გადაუხადა ¹07747, ¹55088 სამხედრო ნაწილების და “სამხედრო პროკურატურა კომენდატურის” მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების მხოლოდ ნაწილი, კერძოდ: ¹07747 სამხედრო ნაწილის დავალიანებიდან დაიფარა 189 731.4 ლარი, შესაბამისად, მოპასუხემ არ აანაზღაურა 28 527.37 ლარი; ¹55088 სამხედრო ნაწილის დავალიანებიდან დაიფარა მხოლოდ 8 764.11 ლარი, შესაბამისად, სს “თ.” არ აუნაზღაურდა 10 659.1 ლარი; “სამხედრო პროკურატურა კომენდატურის” (აბონენტი ¹107-1494, ახალი ¹3312757) დავალიანებაც ნაწილობრივ შესრულდა, თავდაცვის სამინისტრომ გადაიხადა 10 000.11 ლარი და არ აანაზღაურა 9 349.36 ლარი.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ თავდაცვის სამინისტროს დავალიანება სს “თ.” მიმართ შეადგენდა 316 356.05 ლარს, საიდანაც მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის ნაწილის _ 315 799.77 ლარის დაკისრებას.

იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის სამინისტრომ ¹07747, ¹55088 სამხედრო ნაწილების და “სამხედრო პროკურატურა კომენდატურის” ელექტროენერგიის დავალიანება, შესაბამისად, 218 258.77, 19 423.21 და 19 349.47 ლარი, აღიარა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით განსაზღვრული ორგვარი ფორმით, ვალდებულების აღიარების შესახებ 2.08.05წ. წერილობითი დოკუმენტითა და 16.11.05წ. ნაწილობრივი გადახდით, ხოლო ¹06325 სამხედრო ნაწილის დავალიანებიდან 11 118.24 ლარი _ 16.11.05წ. გადახდით, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის ვალდებულება სს “თ.” მიმართ წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის მიერ ვალდებულების წერილობითი აღიარებისა და ნაწილობრივ შესრულების გამო.

სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:

რამდენადაც თავდაცვის სამინისტრომ სადავო თანხის ნაწილი გადაიხადა 2005 წლის 16 ნოემბერს, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლიდან გამომდინარე, იმავე დღეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და ხელახლა განახლდა 2005 წლის 17 ნოემბრიდან.

სს “თ.” სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2008 წლის 17 ნოემბერს, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ფარგლებში. ამიტომ სასამართლომ მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნია (ტომი I, ს.ფ. 122-124).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 129-144).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს “თ.” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 203 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სს “თ.” თავდაცვის სამინისტროს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე აწვდიდა ელექტროენერგიას;

2005 წლის 2 აგვისტოს სს “თ.” და თავდაცვის სამინისტროს შორის შედგა მოხმარებული ელექტროენერგიის და არსებული დავალიანების ამსახველი აქტი, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელს აწერდა ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, მთავარი ბუღალტერი, 1 რეგიონალური ბაზის უფროსი. აღნიშნული აქტით ირკვეოდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტმა აიღო ფინანსური ვალდებულება აენაზღაურებინა სს “თ.” თავდაცვის სამინისტროს 1 ბაზის მიერ აღებული ვალი 730 170 ლარის ოდენობით. ამავე აქტის თანახმად, სადავო თანხა შეადგენდა 472 692.34 ლარს. აქედან გამომდინარე, დგინდებოდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მიერ სს “თ.” მიმართ აქტში მითითებული 2005 წლის 1 ივლისამდე მდგომარეობით ელექტროენერგიის დავალიანებიდან _ 1 202 864.32 ლარიდან აღიარებულ იქნა მხოლოდ 730 170 ლარის ოდენობის დავალიანების გადახდის ვალდებულება;

თავდაცვის სამინისტრომ სს “თ.” გადაუხადა 2005 წლის 2 აგვისტოს აქტით აღიარებული (730 170 ლარი) თანხა. ბოლო გადახდა განხორციელდა 2005 წლის 16 ნოემბერს;

მხარეებს შორის ელექტროენერგიის დავალიანების აქტში თავდაცვის სამინისტროს მიერ სადავოდ გამხდარი თანხა, ან მისი ნაწილი, სამინისტროს სს “თ.” არ გადაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ორგვარი ფორმით აღიარა სს “თ.” წინაშე დავალიანების არსებობა, კერძოდ, ვალდებულების არსებობის შესახებ შედგენილი წერილობითი დოკუმენტით და ნაწილობრივი გადახდით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ გადახდაში იგულისხმა არა სს “თ.” თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ელექტროენერგიის დავალიანების სადავოდ გამხდარი თანხის ნაწილის გადახდა, არამედ აღიარებული დავალიანებიდან _ 730 170 ლარიდან თანხის განაწილება და გადახდა იმ ობიექტზეც (მახათას ქუჩაზე განთავსებულ ¹06325 სამხედრო ნაწილზე), რომელზეც სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი 2005 წლის 2 აგვისტოს აქტში არ აღიარებდა დავალიანების გადახდის ვალდებულებას.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი იყო მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდევინება, რაც განეკუთვნებიდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის (2005 წლის 17 ნოემბრიდან 2008 წლის 17 ნოემბრამდე) პერიოდის დავალიანება, ხოლო მანამდე არსებული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი იყო აბონენტის ბრუნვის ისტორია 4 ობიექტზე:

1. აბონენტი ¹3333191 (ძველი აბონენტის ნომერი 1718ბ);

2. აბონენტი ¹3476900 (ძველი აბონენტის ნომერი8-5605ბ), სახმელეთო ჯარების შტაბი;

3. აბონენტი ¹3312757, სამხედრო პროკურატურა კომენდატურა;

4. აბონენტი ¹3477160, სამხედრო ნაწილი 55088.

დავის საგანს წარმოადგენდა ამ ობიექტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდევინება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის მდგომარეობით, ანუ 2005 წლის 17 ნოემბრიდან სარჩელის აღძვრამდე ¹3333191 (ძველი აბონენტის ნომერი 1718ბ) აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება შეადგენდა 2 203 ლარს (267 951.47 ლარს – 265 748.37 ლარი).

რაც შეეხებოდა დანარჩენი სამი ობიექტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მათ შემთხვევებში აბონენტის ბრუნვის ისტორიაში გრაფაში “ხარჯი”, 2005 წლის ნოემბრის შემდგომ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება არ იყო ნაჩვენები და გრაფაში “მიმდინარე ვალი” ასახული იყო ძველი _ 2005 წლის ნოემბრამდე პერიოდის დავალიანება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე მუხლების შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ¹3333191 აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება, რაც შეადგენდა 2 203 ლარს (ტომი II, ს.ფ. 43-58).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ მისთვის 2 203 ლარის დაკისრების მართლზომიერებას. აღნიშნული თანხა წარმადგენს ¹3333191 (ძველი აბონენტის ნომერი 1718ბ) აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანებას. მოპასუხისათვის მისი დაკისრებისას სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2003 წლის 25 სექტემბრის ¹301/01-01/194 ბრძანება, აგრეთვე, 2003 წლის 1 ოქტომბრის ¹7/4217 ხელშეკრულება, რომელთა თანახმად, თბილისში, მახათას მთაზე მდებარე აბონენტი ¹3333191 (ძველი აბონენტის ნომერი 1718ბ), ჩამოწერილ იქნა თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან, ხოლო შემდგომ განიკარგა.

ამდენად, თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აბონენტი ¹3333191 2003 წლის 25 სექტემბრიდან აღარ წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს ფუნქციურ ობიექტს. შესაბამისად, კასატორი კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს მის კუთვნილებაში არარსებულ ობიექტზე ელექტროენერგიის გადახდის დავალებას.

კასატორის მითითებით, სს “თ.” სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, თუმცა მან ვერ წარადგინა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება. ბრუნვის ისტორია და დარიცხვა-შემოსავლის ისტორია არ წარმოადგენს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის დამადასტურებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორმას, იგი არ იძლევა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.

გარდა ამისა, კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისთვის სს “თ.” სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას, რამდენადაც სამინისტრო, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “უ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, გათავისუფლებულია სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ტომი II, ს.ფ. 67-75).

სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “თ.”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

საქმის მასალებით ნათლად დასტურდება, რომ ოთხივე სადავო სააბონენტო ნომერზე თავდაცვის სამინისტრომ 2005 წლის 16 ნოემბერს განახორციელა გადახდა, ანუ ადგილი ჰქონდა სადავო სააბონენტო ნომრებზე არსებული დავალიანებების ნაწილობრივ დაფარვას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ყურადღება არ მიაქცია სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შინაარსს, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. სადავო არ არის, რომ თანხის გადახდა ოთხივე სააბონენტო ნომერზე 2005 წლის 16 ნოემბერს განხორციელდა. შესაბამისად, აღნიშნულ სააბონენტო ბარათებთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე და 2005 წლის 17 ნოემბრიდან დაიწყო ხელახლა. აქედან გამომდინარე, სს “თ.” სარჩელი, რომელიც აღიძრა 2008 წლის 17 ნოემბერს, ხანდაზმული არ არის (ტომი II, ს.ფ. 80-89).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “თ.” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, სს “თ.” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სს “თ.” უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8 000 ლარი) 70% _ 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს “თ.” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. სს “თ.” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8 000 ლარი) 70% _ 5 600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.