Facebook Twitter

ას-1174-1040-2010 31 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ მ. შ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 02 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 24 ნოემბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. შ-შვილმა მოპასუხე ბოლნისის რაიონის სოფ. ნახიდურის საჯარო სკოლის მიმართ და მოითხოვა ბოლნისის რაიონის სოფ. ნახიდურის საჯარო სკოლიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2008 წლის 23 სექტემბერს ბოლნისის რაიონის სოფ. ნახიდურის საჯარო სკოლის დორექტორის მოვალეობის შემსრულებელ ი. ს-ძის მიერ შედგენილ იქნა ¹1 აქტი იმის შესახებ, რომ მ. შ-შვილის არ გამოცხადდა სამუშაოზე. 2008 წლის 7 ოქტომბრის ¹7 ბრძანებით მ. შ-შვილს გამოეცხადა საყვედური, ხოლო 2008 წლის 23 ნოემბრის ¹18 ბრძანებით იგი გათავისუფლდა სამუშაოდან. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ბრძანება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი (ტომი 1, ს.ფ. 1-6).

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით მ. შ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ 2008 წლის 23 ოქტომბერს იგი იმყოფებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რის შესახებაც იცოდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, რადგან აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმა მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 9.2 მუხლის შესაბამისად, სოფ. ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ორი კვირით ადრე წერილობით უნდა ეცნობებინა მ. შ-შვილისათვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ და მ. შ-შვილს უნდა მისცემოდა არანაკლებ ერთი თვის ანაზღაურება. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ სკოლის დირექტორი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე უფლებამოსილი იყო ვადამდე შეეწყვიტა მასწავლებლისათვის შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ვინაიდან სწორედ ხელშეკრულების პირობების და სკოლის განაწესის დარღვევის გამო იქნა მ. შ-შვილი გათავისუფლებული სამუშაოდან (ტომი 1, ს.ფ. 237-240).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 244-251).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 02 აგვისტოს განჩინებით მ. შ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე, მათი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების ფაქტობრივი საფუძველი გახდა მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული ქმედებები, მათ შორის შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დარღვევები. კერძოდ, სამსახურში გამოუცხადებლობისა და სამსახურის თვითნებურად დატოვების ფაქტები. შესაბამისად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მ. შ-შვილის მხრიდან შრომის ხელშეკრულების 4.3 მუხლით ნაკისრი მოვალეობების დარღევის ფაქტი, რაც ამავე ხელშეკრულების 9.2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებლის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მხრიდან შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების დარღვევის არსებობა, უცილობლად არ ნიშნავდა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა უნდა შეწყვეტილიყო არა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის, არამედ ამავე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე (ერთ-ერთი მხარის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევა). პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში გათავისუფლების საფუძვლის არჩევანი დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული და იგი არ არის შეზღუდული, შესაბამისი გარემოებების არსებობისას, გათავისუფლების კონკრეტული საფუძვლის შერჩევაში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხის მხრიდან შრომის ხელშეკრულების 9.2 მუხლის დარღვევის შესახებ, რომლის შესაბამისად, დამქირავებელი ვალდებული იყო ორი კვირით ადრე გაეფრთხილებინა მუშაკი მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე, რაც მოპასუხეს არ გაუკეთებია. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს სადავო ბრძანების უკანონოდ ცნობისა და მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის საკმარის საფუძველს. საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას, პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ნახიდურის საჯარო სკოლაში აღარ არსებობს ის საშტატო ერთეულები, რომლებზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების მოშლის დროს მოპასუხეს არ დაურღვევია შრომის კოდექსის მოთხოვნები (ტომი 2, ს.ფ. 169-177).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო კონვენციებითა და აქტებით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებზე. კასატორი მიუთითებს, რომ 2007 წლის 01 სექტემბრიდან იგი მუშაობდა ქართული ენის შემსწავლელი წრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც გაფორმებული იყო უვადოდ. 2007 წლის 05 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადად მითითებული იყო 2008 წლის შვებულებიდან გამოსვლა, მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მ. შ-შვილი შვებულებაში არ ყოფილა, ხოლო რაიმე დოკუმენტი რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარს გაფორმებული არ ყოფილა, რის შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება უვადოდ გაგრძელებულად უნდა ჩაითვლოს. საკასაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ მ.შ-შვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში არ არის მითითებული კონკრეტულად რომელი ხელშეკრულების შეწყვეტაზეა საუბარი. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ იმსჯელა ქართული ენის პედაგოგის თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ საშტატო განრიგით არის დაშვებული და რომლიდანაც იგი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არ იმსჯელა განაცდურის ანაზღაურების საკითხზე (ტომი 2, ს.ფ. 182-190).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 01 დეკემბრის განჩინებით მ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ მ. შ-შვილს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.