Facebook Twitter

¹ას-1175-1041-2010 10 იანვარი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. შ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ხ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ხ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. შ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე მ. შ-შვილისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, რაც შეადგენს 2600 აშშ დოლარს, ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹1-ში მდებარე სახლის პირველ სართულზე 21,13 კვ.მ საცხოვრებელ და დამხმარე ფართზე საკუთრების უფლების გადაცემა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე 20 წელია ცხოვრობს სადავო მისამართზე, მისი მამამთილი, დედამთილი, ქმარი და შვილი კი - 1975 წლიდან. ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹1-ში მდებარე ზემოხსენებული ფართი შეიძინეს 13 000 მანეთად, რაც მაშინდელი დროით ყიდვა-გაყიდვის ფასს წარმოადგენდა, თუმცა მოპასუხის წინაპარმა უარი განაცხადა წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებაზე. თავად ქ. ხ-შვილი 1975 წლიდან ჩაწერილია სადავო ფართში ჯერ დროებით შემდგომ კი, ჩაეწერა მუდმივად, იხდის კომუნალურ გადასახადებს, ქვითრებში მითითებული გვარი გ-ძე ეკუთვნის მოსარჩელის მამამთილს, ანუ მოსარჩელის ოჯახის წევრს.

მოპასუხის წარმომადგენელმა მ. ტ-შვილმა თავდაპირველ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და თანხმობა განაცხადა მოსარჩელეს გადაუხადოს სადგომის საბაზრო ღირებულების 75%. შემდგომში მოპასუხე მ. შ-შვილის წარმომადგენელი ბ.ა-შვილი არ დაეთანხმა პირველ შესაგებელს, გადაუხადოს მოსარჩელეს სადავო საცხოვრებელი სადგომის 75%, ვინაიდან, მოსარჩელე არ მიაჩნია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლედ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი ქვითრები არ არის მის სახელზე გაცემული, გარდა წყლის გადასახადის ერთი ქვითრისა, რომელთან დაკავშირებითაც ქვითარზე დაფიქსირებული აბონენტის ნომერი ეკუთვნის ბ-შვილს, მოპასუხის ოჯახს და არა მოსარჩელე ხ-შვილს. გარდა ამისა, ქ. ხ-შვილი იყო მდგმური, მისი ჩაწერა იყო დროებითი. უნდა დადგინდეს ქ. ხ-შვილის ოჯახის წევრთა (დ. გ-ძის, ც. გ-ძის, ს. გ-ძის) მოსარგებლეობა და შემდგომ ქ. ხ-შვილის თანამოსახლეობა, ვინაიდან, ქ.ხ-შვილი დ. გ-ძის რძალია. ამასთან, დ., ც. და ს. გ-ძეები ამოწერილები არიან სადავო მისამართიდან ბინის მიღებისა და სხვა მისამართზე გადასვლის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ხ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რასც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ხ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. ხ-შვილი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹1-ში მდებარე სახლში, მის მიერ პირველ სართულზე დაკავებული 21.13 კვ. მეტრი საცხოვრებელი და დამხმარე ფართის მესაკუთრედ, მ. შ-შვილისათვის 2600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ შემდეგი საფუძვლებით: დადგენილად ცნო, რომ ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹1-ში მდებარე უძრავი ქონების 39/42 ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე მ. შ-შვილის სახელზე. მოსარჩელე ქ. ხ-შვილი 1975 წლიდან დროებით, ხოლო შემდეგ მუდმივად რეგისტრირებულია (ჩაწერილია) და ცხოვრობს ქ.თბილისში, ... ქუჩის ¹1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულ ბინაში ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდნენ ასევე დ. გ-ძე, მისი მეუღლე ც. გ-ძე და მათი შვილი ს. გ-ძე. ქ. ხ-შვილი არის დ. გ-ძის რძალი (გ. გ-ძის მეუღლე). დ., ც. და ს. გ-ძეებმა 1983 წელს სახელმწიფოსაგან მიიღეს ბინა და გადავიდნენ სადავო საცხოვრებელი სადგომიდან, ხოლო ქ. ხ-შვილი დარჩა. მოსარჩელე 2007 წლიდან იმყოფება საბერძნეთში, ხოლო სადავო ფართში ცხოვრობს მისი მამა – ვასო ხ-შვილი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი „თბილწყალკანალის“ ქვითრის ასლის საფუძველზე დადასტურებულად ცნო, რომ აბონენტმა ქ. ხ-შვილმა (მისამართი: ... ქუჩის ¹1), 2000 წელს გადაიხადა წლის გადასახადის დავალიანება 1996-1999 წლებისათვის. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ აბონენტი – ბ-შვილი ¹კ-12488, მისამართზე: ... ქ.¹1, 2004 წლიდან რეგისტრირებულია კომპანია „თბილისის წყლის“ მონაცემთა ბაზაში, არ გამორიცხავს იმას, რომ ამ დრომდე, მათ შორის, 1996-1999 წლების პერიოდის წყლის გადასახადს იხდიდა მოსარჩელე. ელექტროენერგიის გადახდის ქვითრების საფუძველზე, რომლებიც, მართალია, გ-ძის სახელით არის გადახდილი, მიიჩნია, რომ გ-ძეები, მოსარჩელესთან ერთად, სადავო საცხოვრებელ სახლში იყვნენ ჩაწერილები და მოსარჩელის ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ, ამიტომ სადავო სადგომიდან მათი გადასვლის შემდეგ, ელექტროენერგიის ქვითრები გ-ძის სახელზე მოდიოდა და ამ სახელითვე ხორციელდებოდა გადასახადების გადახდა. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ 2009 წლის 31 მარტის ¹18/42/2 ცნობაზე დაყრდნობით დადასტურდებულად ცნო, რომ ... ქ.¹1-ში, ტელეფონი – 941840, 1995 წლის 5 ნოემბრიდან დირიცხება აბონენტის, ქ. ხ-შვილის სახელზე და იგი იხდის ტელეფონის გადასახადს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 21 ნოემბრის ¹კ-3254/18/19 სპეციალისტის ცნობაზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ მითითებულ ბინაში, ქ. ხ-შვილის მიერ პირველ სართულზე დაკავებული 21,13 მ2 საცხოვრებელი და დამხმარე ფართის საბაზრო ღირებულება 2008 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 10400 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ თავის 2009 წლის 6 თებერვლის შესაგებელში დაეთანხმა მოსარჩელეს გადაეხადა მისთვის სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება 75%, მაგრამ არა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სპეციალისტის ცნობაში იყო მითითებული. ამასთან, მოპასუხე აპირებდა მის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენას, თუმცა შემდეგში მან უარი განაცხადა მოსარჩელისათვის თანხის გადახდაზე და არც ექსპერტიზის დასკვნა აღარ წარმოუდგენია სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. ხ-შვილი არასათანადო მოსარჩელეა, ვინაიდან სასამართლოს ჯერ უნდა დაედგინა მისი ოჯახის წევრების – დ., ც. და ს. გ-ძეების მოსარგებლეობა, ხოლო შემდეგ ქ. ხ-შვილის თანამოსარგებლეობა ამ პირებთან მიმართებაში. ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებაც, რომ დ., ც. და ს. გ-ძეები დიდი ხანია ამოწერილები არიან სადავო სახლიდან ახალ მისამართზე გადასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქ. ხ-შვილი 1975 წლიდან ჩაწერილია და ცხოვრობს სადავო სახლში, ასევე იხდის კომუნალურ გადასახადებს, შესაბამისად, მას უფლება აქვს, მოითხოვოს მესაკუთრესთან ურთიერთობის დარეგულირება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების – დ., ც. და ს. გ-ძეების სადავო სახლიდან ამოწზერას, პალატა თვლის, რომ აღნიშნული არ ართმევს უფლებას ქ. ხ-შვილს, აღძრას სარჩელი მისი მოსარგებლედ და სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. იხელმძღვანელა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით და ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით და მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქ. ხ-შვილი მიჩნეულ უნდა იქნეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირად. ამასთან, ვინაიდან მესაკუთრე მ. შ-შვილი უარს აცხადებს მოსარგებლისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლე ქ. ხ-შვილს უფლება აქვს, მესაკუთრეს მოსთხოვოს, დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის ანაზღაურების სანაცვლოდ, მის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე (21,13 მ2) საკუთრების უფლების გადაცემა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-შვილმა და მოითხოვა გასჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საცხოვრებელი სადგომით საგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმისთვის რომ ქ. ხ-შვილი ჩაითვალოს ქ.თბილისში, ... ქუჩის ¹1-ში მდებარე სადავო საცხოვრებელი ფართის მოსარგებლედ, იგი უნდა იყოს რეგისტრირებული აღნიშნულ მისამართზე და 1996 წლის 27 ივნისამდე იხდიდეს კომუნალურ გადასახადებს ანდა გარკვეულ საფასურს უხდიდეს მესაკუთრეს. ქ. ხ-შვილის დროებით ჩაწერა არ უდა იქნეს განხილული სადავო საცხოვრებელ სადგომში სათანადო რეგისტრაციად (ჩაწერად), ვინაიდან საცხოვრებელად ჩამოსული სტუდენტის დროებითი ჩაწერა სადგომში, ვერ იქნება შეფასებული მესაკუთრის მხრიდან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებად. საქმეში წარმოდგენილია ელექტროენერგიის გადახდის ქვითრები, სადაც გადასახადებს იხდიდა დ.გ-ძე, რომელიც ცხოვრობდა სხვა ფართში და იხდიდა თავის გადასახადებს, ხოლო ქ. ხ-შვილს კომუნალური გადასახადი არ გადაუხდია, ასევე წარმოდგენილია «თბილწყალკანალის» ქვითარი, საიდანაც ირკვევა, რომ ხ-შვილს 2000 წელს გადახდილი აქვს სამი წლის გადასახადი 21.60 ლარი, რაც იმას ადასტურებს, რომ ხ-შვილმა გადაიხადა მხოლოდ სამი წლის გადასახადი 1997 წლიდან 2000 წლამდე. საქმის მასალებით არ დასტურდება ასევე ქ. ხ-შვილის მოსარგებლეობა ტელეფონის გადახდის ქვითრით, ვინაიდან მოსარჩელის სახელზე ტელეფონი ირიცხება 1997 წლიდან და იგი ვერ გადაიხდიდა 1996 წლის ტელეფონის გადასახადებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. შ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

მოცემული დავის საგანია საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონს «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ». იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. შ-შვილს უნდა დაუბრუნდეს 2010 წლის 19 ნოემბერს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70% _ 70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

მ. შ-შვილს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70% _ 70 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.