ას-1180-1441-09 17 ივნისი, 2010 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – თ. ა-ძე, ა. ა-ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ს. ს. ბ.” (მოსარჩელე)
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 25 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს “ს. ს. ბ.” ა. და თ. ა-ძეების მიმართ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს “ს. ს. ბ.”ხელშეკრულების საფუძველზე ა. ა-ძეს ასესხა თანხა 50 000 აშშ დოლარი, ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.ბათუმში, ... ქ.¹72/40-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. ა. ა-ძემ ხელშეკრულება დაარღვია, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ა-ძეს დაეკისრა ბანკის სასარგებლოდ 62851 აშშ დოლარის გადახდა. ა.ა-ძემ ნებაყოფლობით არ აღასრულა გადაწყვეტილება, რის გამოც დაიწყო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება და ამ მიზნით აღსრულება მიქცეულ იქნა იპოთეკით დატვირთულ ბინაზე. აუქციონის ორჯერ ჩატარების შემდეგ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ნატურით გადაეცა ბანკს, რაც შემდეგში საჯარო რეესტრში გახდა მათ საკუთრებად რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ა. ა-ძემ სარჩელი აღძრა და მოითხოვა აღსრულების შედეგების ბათილად ცნობა. სასამართლომ სარჩელი მიიჩნია საფუძვლიანად და სარჩელი დააკმაყოფილა, გადაწყვეტილება სააღსრულებო ბიუროს არ გაუსაჩივრებია, რის შედეგად იგი შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სს “ს. ს. ბ.” საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა, შესაბამისად, მან ვერ შესძლო საქმის განხილვის დროს თავისი ინტერესების დაცვა, რის გამოც განცხადებით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სასამართლომ დააკმაყოფილა განცხადება და 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება გააუქმა. 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ უძრავი ქონება აღირიცხა ა. ა-ძის საკუთრებად, რის შემდეგაც მან 2006 წლის 22 დეკემბერს აჩუქა თავის შვილს - დ. ა-ძეს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, დ. ა-ძე და ა. ა-ძე არიან ოჯახის წევრები და მათ იცოდნენ რომ ბინა იპოთეკით იყო დატვირთული, მაგრამ მოსალოდნელი შედეგის ანუ კვლავ უძრავი ქონების ბანკის საკუთრებაში აღრიცხვის თავიდან აცილების მიზნით დადეს მოჩვენებითი გარიგება და ქონება გაასხვისეს დ. ა-ძეზე, სინამდვილეში დ.ა-ძეს სახლი არ შეუძენია და გარიგება მოჩვენებითია. მოსარჩელემ მოითხოვა 2006 წლის 22 დეკემბერს ა. ა-ძესა და დ. ა-ძეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მან განმარტა, რომ ა. ა-ძე 2006 წლის 22 დეკემბრისათვის წარმოადგენდა ქ.ბათუმში, ... ქ.¹72/40-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს და მას შეეძლო მისი განკარგვა მესაკუთრის შეხედულებით. მან გამოხატა ნამდვილი ნება და უძრავი ქონება გააჩუქა დ.ა-ძის სახელზე, რომელმაც შემდეგ მოიპოვა საკუთრების უფლება და ამ ქონებას განკარგავს საკუთარი შეხედულებით. მოპასუხის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ამ ქონების გაჩუქების თაობაზე დადებული გარიგება ნამდვილია და იგი არ წარმოადგენს მოჩვენებითს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა გარიგების მოჩვენებითობას, რის გამოც მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სს “ს. ს. ბ.” სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, ა. და თ. ა-ძეს შორის 2006 წლის 22 დეკემბერს ქ.ბათუმში, ... ქ.¹72/42-ში მდებარე უძრავი ქონების ჩუქების თაობაზე დადებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
2008 წლის 13 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხე ა. ა-ძემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ძის საჩივარი და განაახლა საქმის წარმოება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სს “ს. ს. ბ.” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნიბოლი ა. ა-ძესა და დ. ა-ძეს შორის 2006 წლის 22 დეკემბერს ქ.ბათუმში, ... ქ.¹72/42-ში მდებარე უძრავი ქონების ჩუქების თაობაზე გარიგება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და თ. ა-ძეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. და ა. ა-ძეების სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ა. ა-ძე და დ. ა-ძე მამა-შვილი არიან, მათ შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა 2006 წლის 22 დეკემბერს. გარიგების დადებას წინ უსწრებდა ის გარემოება, რომ ა. ა-ძის მიერ მიღებული კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, რომელიც ა.ა-ძემ აჩუქა შვილს - დ. ა-ძეს. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი, იძულებით აღსრულებაც იმ ქონების იქნა მიქცეული, რაც ა. ა-ძემ გაასხვისა დ. ა-ძის სახელზე. სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული უძრავი ქონება თავის დროზე იპოთეკით იმიტომ დაიტვირთა, რომ მოსარჩელეს დაეცვა თავისი უფლება და, ა.ა-ძის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა. მას შემდეგ, რაც აღსრულებულ იქნა გადაწყვეტილება და უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ბანკი, ა. ა-ძის განცხადებით ბანკის საკუთრებაში უძრავი ქონების აღრიცხვის საფუძველი ისე იქნა გაუქმებული და ისე აღირიცხა ა. ა-ძის საკუთრებად, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სს “ს. ს. ბ.” არ მიუღია, როცა გაიგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, სასარჩელო წესით წამოიწყო თავისი უფლების დაცვა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ა. ა-ძემ უძრავი ქონება მაშინ გაასხვისა, როცა ბათილად იქნა ცნობილი იმ აღსრულების შედეგები, რომლითაც იპოთეკით დატვირთული ქონება გადაეცა სს “ს. ს. ბ.” და ბანკი გახდა მისი მესაკუთრე. აღსრულების ბათილად ცნობის შემდეგ უძრავი ქონება კვლავ აღირიცხა ავანდილ ა-ძის საკუთრებად და იგი აღარ იყო დატვირთული ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებით, რითაც ა. ა-ძემ ისარგებლა და შესძლო უძრავი ქონების მის შვილისათვის ჩუქება.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ ა. ა-ძე და დ. ა-ძე არიან მამა-შვილი და გასხვისებული ქონება დღესაც მათი ოჯახის სარგებლობაშია, ამასთან ა. ა-ძეს მოსარჩელისათვის (ბანკისთვის) არ გადაუხდია ის თანხა, რომლის უზრუნველსაყოფად იყო გათვალისწინებული უძრავი ქონება.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინაააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება. იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს, მოვალე ქონებას ვითომ ჩუქების გზით ასხვისებს, სინამდვილეში არავითარი ჩუქება არ არსებობს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ა. ა-ძე და დ. ა-ძე არიან ოჯახის წევრები, მამა-შვილი, ორივემ კარგად იცოდა, რომ უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით და აუქციონის შედეგად გადაეცა ბანკს. სახლი გაჩუქებამდეც და გაჩუქების შემდეგაც არის მათ მფლობელობაში.
სააპელაციო პალატამ გაიზირა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია და მიუთითა, რომ მოჩვენებითი გარიგების დასადასტურებლად ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა არ არის საჭირო, რომელიც მოჩვენებითი გარიგების დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა. მოჩვენებითი გარიგება შეფასებითი კატეგორიისა და იგი უნდა დგინდებოდეს საქმის მთლიანი მასალების ანალიზითა და შინაგანი რწმენით. ისეთი სიტუაციაში, როცა ქონება დატვირთულია იპოთეკით და შემდეგში იგი რეალიზებული იქნება ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი ქონების სხვადასხვა მეთოდებით უკან დაბრუნებისა და შემდეგ ოჯახის წევრზე გასხვისება უნდა გაგებულ იქნას, როგორც მცდელობა ვალდებულების შესრულების ან მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილებისა. დასახელებულ შემთხვევაში კი, თუ ა.ა-ძე არ გაასხვისებდა იმ ქონებას, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული და შემდეგ გასხვისებული იყო ვალდებულების შესრულებისა და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ უძრავ ქონებას, მოსარჩელე კვლავ მიაქცევდა გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რაც გამოიწვევდა იმას, რომ სს “ს. ს. ბ.” შესძლებდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ამ ქონებით.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. და ა. ა-ძეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლო იყო იმ ნაწილში, რომელშიც მიიჩნევდა, რომ ა. ა-ძე და თ. ა-ძე მამა-შვილი არიან და ამის გამო ჩუქება უნდა გაუქმებულიყო, რადგანაც გარიგების მოჩვენებისათვის ზემოხსენებული გარემოება არ წარმოადგენს არავითარ სამართლებრივ თუ ფაქტობრივ საფუძველს.
კასატორების მოსაზრებით, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება მიმართული იყო იურიდიული შედეგის დადგომისაკენ, კერძოდ, ვინაიდან თ. ა-ძეს არ გააჩნდა ქალაქში უძრავი ქონება, მან გადაწყვიტა შვილისთვის ეჩუქებინა უძრავი ქონება, რათა მას თავის ოჯახთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად ეცხოვრა აღნიშნულ სახლში.
კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე უყურადღებოდ და შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა დაახლოებით წელიწადნახევრის შემდგომ იმ დროიდან, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება აღმასრულებლის 2004 წლის 12-01 ოქმის ნაწილობრივ გაუქმებისა და ქ.ბათუმში, ... ქ.¹72/40-ში მდებარე ¹22 ბინის ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ შევიდა კანონიერ ძალაში ანუ იმ დროიდან წელიწადნახევრის გასვლის შემდგომ, საიდანაც შესაძლებელი იყო კასატორს ა. ა-ძის ქონებაზე დაედო ნებისმიერი გარიგება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას.
განსახილველ საქმეში კასატორებს წარმოადგენენ თ. და ა. ა-ძეები (მოპასუხეები), რ. შ-ძე ა. ა-ძის წარმომადგენელია (ს.ფ. 40). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა საქმე 2009 წლის 13 ოქტომბერს, რომ არ მოიწვია საქმის განხილვაზე თ. ა-ძე (საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების თანახმად, რ. შ-ძე არ იყო თ. ა-ძის წარმომადგენელი), არც 2009 წლის 13 ოქტომბერის სხდომის ოქმში უთითებს სააპელაციო სასამართლო თ. ა-ძის გამოუცხადებლობის მიზეზებზე. აღნიშნულ სხდომის ოქმში მითითებულია მხოლოდ ა. ა-ძის წარმომადგენლის გამოუცხადებლობაზე. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ 2009 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომას ესწრებოდა ა. ა-ძის წარმომადგენელი რ. შ-ძე, ხოლო არ ესწრებოდა თ. შ-ძე, რომლისთვისაც კანონით დადგენილ წესით ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თარიღი, დრო და ადგილი. აღნიშნული სხდომა გადაიდო 2009 წლის 13 ოქტომბრისათვის, რისთვისაც გაფრთხილებულ იქნა ა. ა-ძის წარმომადგენელი რ. შ-ძე ხელწერილით, რაც დარჩა საქმეში. სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 8 ოქტომბერს ფაქსით მიიღო რ. შ-ძის განცხადება და ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2009 წლის 13 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ სასამართლო შეტყობინება და ამ საქმეში მონაწილეობისათვის რწმუნებულებები. აღნიშნული განცხადებით რ. შ-ძე სთხოვდა სააპელაციო სასამართლოს, გამოეგზავნა მისთვის უწყება სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 13 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ იმისათვის, რომ მას ჰქონოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამავე დღეს დანიშნული პროცესის გადადების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ უწყების გამოგზავნა ვერ მოესწრებოდა ამ დროისთვის, იგი ითხოვდა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხვა დროისათვის გადაედო საქმის განხილვა. გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოუგზავნა რ. შ-ძეს 2009 წლის 13 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ შეტყობინება, რომელიც მას ჩაჰბარდა 2009 წლის 14 ოქტომბერს (ს.ფ. 183).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა რ. შ-ძის ზემოაღნიშნული განცხადება, სასამართლომ არ გაითვალისწინა განცხადებაში მოყვანილი გარემოებები, მის მიერ ამ განცხადების დაკმაყოფილების მიზნით გაგზავნილი სასამართლო შეტყობინების რ. შ-ძისათვის დაგვიანებით ჩაბარების ფაქტი (2009 წლის 14 ოქტობერს) და, შესაბამისად, მისი გამოუცხადებლობის მიზეზები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შესაბამის პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. და ა. ა-ძეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.