Facebook Twitter

ას-1181-1442-09 15 აპრილი, 2010წ.

q.Tbilisi

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. ქ-იანი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ჟ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ნივთზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ. ქ-იანს დაევალა დაუბრუნოს მოსარჩელე ი. ჟ-ს ავტომანქანა “ფოლქსვაგენ პოლო” სახელმწიფო ნომრით _ ......... , საიდენტიფიკაციო ნომრით .......... . დ. ქ-იანის შეგებებული სარჩელი მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა “ფოლქსვაგენ პოლოს” სახელმწიფო ნომრით _ ....... მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შავი ფერის ავტომანქანის “ფოლქსვაგენ პოლო” (ტიპი “ჰეტჩბეკი”), სახელმწიფო ნომრით _ ........ , მესაკუთრეა ი. ჟ-ი.

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შავი ფერის ავტომანქანა “ფოლქსვაგენ პოლო” სახელმწიფო ნომრით _ ...... , მისმა მესაკუთრე ი. ჟ-მა თავისი ნებით გადასცა დროებითი სარგებლობის მიზნით მოპასუხე დ. ქ-იანს, რომელიც თავის მხრივ ვალდებული იყო მოთხოვნის შემთხვევაში მისთვის დაებრუნებინა იგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ი. ჟ-ის სარჩელის (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დ. ქ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები და შეფასებები და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა დ. ქ-იანის პოზიცია იმის თაოაბზე, რომ სადავო მოძრავი ნივთი მას აჩუქა ა. ქ-იანმა, ვინაიდან აღნიშნული საქმის მასალებით არ დადასტურდა, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები და სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები. ამასთან, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოექსის 148-ე მუხლი და 140-ე მუხლი, რითაც მას არ მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა და გამოეყენებინა მტკიცებულებები, რომლებიც დავას მის სასარგებლოდ გადაწყვეტდა.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით დ. ქ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

დ. ქ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ქ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ქ-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ქ-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.