ას-1185-1446-10 6 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ბ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ-ე (მოპასუხე)
დავის საგანი – რეალური წილის გამოყოფა, თანამესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. მ-ეს წინააღმდეგ რეალური წილის გამოყოფისა და თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ლ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის ლ. ბ-ძის მეუღლის სახელზე, იგი ვერ მიიჩნევა სკ-ის 1158-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუნდაც ამ ქონების დაცვასა და შენარჩუნებაში შრომითი საქმიანობა ჰქონდეს განხორციელებული. ვინაიდან, საკოლმეურნეო კომლები გაუქმდა 1993 წლის დასაწყისიდან, დ. მ-ეს იმ კომლის წევრებს წარმოეშვათ ქონების გაყოფის უფლებები, რომლებიც 1993 წლისათვის იყვნენ რეგისტრირებულნი კომლში. ლ. ბ-ძე 1999 წლიდან იმყოფება რა რეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში, მასზე ვერ გავრცელდება ის სამართლებრივი უფლებები, რაც 1993 წლისათვის საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროს წარმოიშვა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-ძემ. მან მიუთითა, რომ დ. მ-ის სახელზე რიცხულ კომლში 1996 წელს ქორწინების შედეგად გახდა კომლის წევრი, კომლის ყველა წევრის თანხმობით, რაც დადასტურებულია საკომლო ჩანაწერით. სასამართლომ უგულვებელყო მისი, როგორც კომლის წევრის შესახებ საკომლო ჩანაწერი. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დ. მ-ის სახელზე უძრავი ოქნების რეგისტრაცია 1997 წელში რეგისტრირებულად, მაშინ როცა საკუთრების მოწმობა მიიღო 2008 წლის 16 იანვარს. 2008 წლამდე კი კომლი იყო დ. მ-ის სახლეზე და მის შემადგენლობაში შედიოდნენ ის და მისი შვილები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.