ას-1186-1447-09 15 ივლისი , 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი (თავმჯდომარე)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – რ. ც-ძე
წარმომადგენელი _ მ. პ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ლ-ი”
წარმომადგენელი _ ა. ბ-ია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ლ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რ. ც-ძეს მსო სს „ლ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 8288 ლარის და 33 თეთრის გადახდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 29 მაისს რ. ც-ძემ „მ-ისაგან“ სესხის სახით გაიტანა 13000 ლარი 20 თვის ვადით. სესხისათვის გათვალისწინებული იყო პროცენტი გაცემული თანხის წლიური 28%-ის ოდენობით, კალენდარულ 365 დღეზე გაანგარიშებით. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტების დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით;
მოპასუხე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კეთილსინდისიერად იხდიდა როგორც ძირითად თანხას, ასევე პროცენტს სესხით სარგებლობისათვის, მაგრამ შემდეგ გადახდა შეწყვიტა, მუხედავად, გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გასვლისა და, შემდგომში, არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხემ თავისი მოვალეობები არ შეასრულა;
მსო „ლ-ი“ არის „მ-ის“ სამართალმემკვიდრე;
მოპასუხე არის იძულებით გადაადგილებული პირი და ხელშეკრულების შესრულების ადგილად მითითებული აქვს დაბა ჩხოროწყუ;
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 327-328-ე, 623-ე და 626-ე მუხლები და შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ც-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით რ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეში არსებული მასალების შედეგად დაადგინა, რომ რ. ც-ძეს ჰქონდა რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება ჰქონდა მოწინააღმდეგე მხარეს, მან კი ასეთ სასამართლოდ აირჩია ჩხოროწყუს რაიონული სასამართლო და, შესაბამისად, რაიონული სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა მოცემული დავა.
პალატა არ დაეთანხმა რ. ც-ძის მოსაზრებას მასზედ, რომ მსო სს „ლ-ი“ არ იყო მოთხოვნის უფლების მქონე პირი, ვინაიდან დადგენილად მიიჩნია, რომ „მ-მა“ სესხის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი თავისი მოთხოვნები დაუთმო მსო სს „ლ-ს“.
სააპელაციო სასამართლო ასევე არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ არ დასტურდებოდა სესხის გაცემის ფაქტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო სესხის ხელშეკრულება ¹2 ხელმოწერილი აპელანტის მიერ და სესხის ამონაწერი. ამასთან, არც თავად აპელანტი უარყოფდა „მ-ისაგან“ სესხის აღების ფაქტს.
პალატა არ დაეთანხმა აპელანტს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უფლება არ ჰქონდა მიემართა სასამართლოათვის მანამ, სანამ სადავო საკითხი არ გადაწყდებოდა მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების გზით.
პალატის აზრით, სესხის ხელშეკრულების 9.1 პუნქტი, არსებითად, ეხებოდა მოვალისათვის ვალდებულების შესასრულებად დამატებითი ვადის დაწესების შესაძლებლობას.
სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე რ. ც-ძემ სარჩელი ცნო.
შესაბამისად, რადგან სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო, პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა იგი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩიავრი არ დააკმაყოფილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ც-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასათანადო მტკიცებულებების საფუძველზე და კანონმდებლობის ნორმების დარღვევით არასწორად იმსჯელა განსჯადობასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც განსჯად სასამართლოდ მიიჩნია ჩხოროწყუს რაიონული სასამართლო. ვინაიდან სსსკ-ის 15.1 მუხლის თანახმად, მოცემული დავის საერთო განსჯადობით განხილვის განსჯადი სასამართლო არის ან სოხუმის რაიონული სასამართლო და საქალაქო სასამართლო, ან თბილისის საქალაქო სასამართლო.
კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება საქმეში წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე და დანართებზე, როგორც მტკიცებულებაზე უფლებამონაცვლეობის და კერძოდ, მოთხოვნის დათმობის დასადასტურებლად.
კასატორმა აღნიშნა, რომ ასევე არამართებულია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი ცნო. კასატორის განმარტებით, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გადაწყვეტილებაში ასახულია მისი პოზიცია იმის თაოაბზე, რომ სარჩელს არ ცნობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები გაცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლო არ წარმოადგენდა განსჯად სასამართლოს და მან ეს საკითხი არაერთხელ გახადა სადავოდ. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული საკითხი დაყენებულია გადახდის ბრძანების საწინააღმდეგოდ შეტანილ პროტესტში. საქმის განხილვის შემდგომ ეტაპებზე აღნიშნული საკითხი სადავოდ არ გაუხდია მხარეს. საქმის განსჯად სასამართლოში გადაცემის თაობაზე შუამდგომლობა დაყენებული არ არის სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს, რაც ნიშნავს მხარის დათანხმებას განსჯადობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მე- 2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც თუ Mმოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. რაიონულ სასამართლოში საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს მონაწილეობდა მოპასუხე და მას სადავოდ არ გაუხდია ამ სასამართლოს განსჯადობა. ასეთ შემთხვევაში რაიონული სასამართლო განსჯადი რომ არც ყოფილიყო, ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო იგი მაინც ჩაითვლებოდა ასეთად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან მიმართებაში, რომ მოპასუხის მიმართ მას დავალიანება არ გააჩნია. მხარე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მას აქვს მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის მიმართ დავალიანება. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2007 წლის 28 დეკემბრის მიღება- ჩაბარების აქტის თანახმად, მცირე ბიზნესის განვითარების ფონდმა სს ,,ლ-ს’’ გადასცა სხვადასხვა სახის ქონება, მათ შორის,Fფულადი სახსრები და მატერიალური აქტივები, რომელთა საბალანსო ღირებულება დამოწმებულია აუდიტის მიერ (აუდიტორის დასკვნა დართული აქვს მითითებულ აქტს.). დასკვნაში ფონდის აქტივებში მითითებულია სესხები 5.086071.52 ლარის ოდენობით, ასევე წმინდა სესხები და მისაღები პროცენტები. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს ფონდის მიერ სს ,,ლ-ისათვის’’ ფულადი აქტივების, მათ შორის კი გაცემული სესხებისა და პროცენტების მოთხოვნის უფლების გადაცემის ფაქტს.
სამოქალაქო კოდექსის 198-ე თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავება შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასაცეს სხვა პირს. მოთხონები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომელიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნისა და უფლების გამოყენებებისათვის. საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ნათლად იკვეთება ის ფაქტი, რომ სს ,,ლ-ს’’ გადაცემული აქვს ყველა საბუთი, რომელიც ადასტურებს რ. ც-ძის დავალიანების არსებობას მისი თავდაპირველი კრედიტორის მიმართ. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ადასტურებს მოთხოვნის დათმობის ფაქტს ახალი კრედიტორის_სს ,,ლ-ის’’ მიმართ.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას სარჩელი სს ,,ლ-ის’’ მიმართ არ უცვნია. უნდა უთქვას, რომ სს ,,ლ-ის’’ სარჩელი მხოლოდ ამ საფუძვლით არ არის დაკმაყოფილებული. უფრო მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლო საერთოდ არ უთითებს ამ ფაქტის შესახებ თავის გადაწყვეტილებაში. ასევე საკასაციო პალატაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად არ მიიჩნევს სარჩელის ცნობის ფაქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ სს ,,ლ-ს” უნდა დაუბრუნდეს საქმეზე დასართავად წარმოდგენილი დოკუმენტები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ სს ,,ლ-ს’’ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოთხონის უფლების დათმობის ხელშეკრულება, რადგან საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს ახალი მტკიცებულება სასამართლოში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ც-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;
სამოქალაქო საქმიდან ¹ას-1186-1147-09 ამოღებული იქნას საქმის მასალები (ს.ფ.123-125) და დაუბრუნდეს სს ,,ლ-ს”;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.