Facebook Twitter

¹ბს-1119-697(კ-05) 18 იანვარი, 2006წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ თ. ხ-ი, ე. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ს. შ-ი

თანამოპასუხე _ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა

დავის საგანი _ ბინის პრივატიზაცია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 22 მარტს ს. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ თ. ხ-ისა და თბილისის ისანი-სამგორის გამგეობის მიმართ, სადაც აღნიშნა, რომ 1961 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ........ მასივის, მე-...... კვარტლის, მე-4 კორპუსის, ბინა ¹19-ში. ზემოაღნიშნულ სამოთახიან ბინაში მის გარდა კიდევ რეგისტრირებულია 8 სული, მათ შორის, მოპასუხე თ. ხ-ი შვილთან _ ე. შ-თან ერთად.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისის საქარხნო რაიონის სასამართლოს 1988 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით მისი რძალი თ. ხ-ი შესახლებულ იქნა ზემოაღნიშნულ ბინაში დამოუკიდებელი ფართის გამოყოფის გარეშე, მაგრამ თ. ხ-ს ბინაში არც ერთი დღე არ უცხოვრია, ვინაიდან 1998 წლიდან საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა.

მოსარჩელის განმარტებით, მან დააპირა ბინის პრივატიზაცია, მაგრამ ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2004 წლის 20 თებერვლის ¹შ-27 წერილით უარი ეთქვა პრივატიზაციაზე იმ მოტივით, რომ ბინის პრივატიზაციის წინააღმდეგი იყო მისი რძალი თ. ხ-ი.

მოსარჩელემ მოითხოვა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას მასთან გაეფორმებინა პრივატიზაციის ხელშეკრულება ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ......... მასივის, მე-........ კვ. მე-4 კორპუსის ბინა ¹19-ში და საკუთრებაში გადაეცა მითითებული ბინის 7/9 ნაწილი.

სარჩელი არ ცნო მოპასუხე თ. ხ-მა და განმარტა, რომ 1986 წლიდან იგი ცოლქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ედ. შ-თან, რომელთანაც შეეძინა ვაჟიშვილი ე. შ-ი. მოპასუხემ განმარტა, რომ სადავო ბინა არის მისი და მისი ვაჟიშვილის ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი, მათ სხვა თავშესაფარი არ გააჩნიათ. მოსარჩელის მითითებით, ბინა წლების განმავლობაში არის სადავო, მისი პრივატიზაცია დაუშვებელია, ვინაიდან პრივატიზაციის შემთხვევაში ბინის თანამესაკუთრეები გახდებიან ისეთი პირები, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებიან ერთმანეთთან.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. შ-ის წარმომადგენელმა დ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტმა მიუთითა, რომ ბინაში რეგისტრირებულ პირებს შორის კონფლიქტური ურთიერთობის არსებობა არ შეიძლება იყოს პრივატიზაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ასეთს კანონი არ ითვალისწინებს. ბინის პრივატიზაციის შემთხვევაში მოსარჩელეს შესაძლებლობა მიეცემა მოითხოვოს თავისი წილის ნატურით გამოყოფა, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოითხოვოს ბინის იძულებითი წესით რეალიზაცია. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის ოჯახის ყველა წევრი თანახმაა ბინის პრივატიზაცია განხორციელდეს ს. შ-ის სახელზე. აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა ბინის პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ს. შ-ის სარჩელი ეხებოდა სადავო ბინაში მცხოვრებ ყველა პირს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ეს გარემოება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის I-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას საჭიროა საქმეში სათანადო სტატუსით ჩაებას სადავო ბინაში მცხოვრები ყველა პირი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ხ-მა და ე. შ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, საოლქო სასამართლომ არ იმსჯელა იმაზე, რომ სადავო ბინაში ჩაწერილია არა 9, არამედ 7 სული, მოსარჩელემ კი ამასთან დაკავშირებით ყალბი ცნობა წარმოადგინა, რომლითაც 2 სული ზედმეტად ჩაამატა, ბინაზე უფრო მეტი წილის მიღების მიზნით.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ საოლქო სასამართლოს საქმე არ უნდა დაებრუნებინა ხელახალი განხილვისათვის, ვინაიდან საქმეზე ყველა გარემოება გამოკვლეულია. კასატორების განმარტებით, საოლქო სასამართლოს თავად უნდა ემსჯელა საქმეზე და მიეღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება, საქმის უკან დაბრუნებით კი სასამართლომ ხელი შეუწყო საქმის გაჭიანურებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თ. ხ-ისა და ე. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს უფლებამონაცვლე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან ს. შ-ის სარჩელი ეხება სადავო ბინაში რეგისტრირებულ ყველა პირს და საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მათ უფლებებზე, ამიტომ აუცილებელია საქმეში მათი ჩაბმა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მოცემული საქმის ხელახალი განხილვისათვის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვისათვის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში დაბრუნების აუცილებლობა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო ზემოთ მითითებული გარემოებები _ სადავო ბინაში რეგისტრირებულ პირთა საქმეში მესამე პირებად ჩაბმის საკითხი თავად გადაეწყვიტა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 პუნქტი შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს საქმე უკან არ გადააგზავნოს და თვითონ განიხილოს იგი. სააპელაციო სასამართლოს სრული შესაძლებლობა გააჩნია თვითონ იმსჯელოს საქმის როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ გარემოებებზე, მათ შორის, საქმეში მესამე პირების ჩაბმის საკითხზეც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ხ-ისა და ე. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს უფლებამონაცვლე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ხ-ისა და ე. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.