Facebook Twitter

ას-1187-1448-09 3 თებერვალი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მაყვალა ბა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ....ს გიორგი -ის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მაყვალა ბა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ....ს გ.-ის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმართ საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის _ ყოველთვიურად ხელფასის 40%-ის ანაზღაურებისა და 1991 წლიდან სარჩელის აღძვრამდე თანხის ერთობლივად დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1971 წლიდან მოსარჩელე მუშაობდა ქ....ს გიორგი -ის სახელობის სახელმწიფო თეატრში. 1989 წლის 21 ოქტომბერს თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას, უბედური შემთხვევის შედეგად მიიღო ტრავმა და დაკარგა შრომის უნარი 40%-ით. მოპასუხე 1990 წლიდან უხდიდა კომპენსაციას ხელფასის 40%-ის ოდენობით, თუმცა შემდგომ სარჩოს გადახდაზე უარი განუცხადა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მომხდარ უბედურ შემთხვევაში მას ბრალი არ მიუძღვის, ასევე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

...ს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მაყვალა ბა-ის სარჩელი ქ....ს გ.-ის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმართ სარჩოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ.ბა-მა.

...ს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ბა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მ.ბა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2009 წლის 21 ივლისს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა მოსარჩელე მაყვალა ბა-მა, რომლისთვისაც სხდომის დღის შესახებ ცნობილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამავე სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხე, რომელმაც იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ.ბა-ს სასამართლო უწყება პირადად ჩაბარდა 2009 წლის 15 ივლისს. სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონიერად და ამავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების იურიდიული საფუძვლები არ არსებობს. პალატამ არ გაიზიარა მხარის მითითება შპს “-ის” მიერ 2009 წლის 7 აგვისტოს გაცემულ ცნობაზე, რომლის მიხედვით მ.ბა-ს დაუდგინდა “გიდ ჰიპერტონული დაავადების” დიაგნოზი. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული ცნობა მოსარჩელის 2009 წლის 21 ივლისის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს, ვინაიდან მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის წარდგენის გზით ვერ დაადასტურა კონკრეტულად სხდომის დღეს თავისი ჯანმრთელობის იმდენად გაუარესების ფაქტი, რომ ვერ შესძლო პროცესზე გამოცხადება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მაყვალა ბა-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბურნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო სხდომის დღეს მოსარჩელე საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობის გამო. შპს “-ის” მიერ გაცემული ცნობის გარდა, მ.ბა-ის “გიდ ჰიპერტონული დაავადებით” ხშირად ცუდად ყოფნის ფაქტს ადასტურებს ასევე მეზობლების მიერ შედგენილი აქტი. ამდენად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ მხარემ სადავო სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით მაყვალა ბა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მაყვალა ბა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატე...ებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში სადავოა საქმის განხილვაზე მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე და 241-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მაყვალა ბა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.