Facebook Twitter

ას-1189-1049-2010 1 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ნ. რ-ია, ი. უ-შვილი, ა. ჩ-იშვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. უ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. უ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა., თ. და ნ. ჩ-იშვილების, ი. უ-შვილისა და ნ. რ-იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. უ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ა., თ. და ნ. ჩ-იშვილებმა, ი. უ-შვილმა და ნ. რ-იამ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის განჩინებით ა., თ. და ნ. ჩ-იშვილებს, ი. უ-შვილსა და ნ. რ-იას უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ა., თ. და ნ. ჩ-იშვილებმა, ი. უ-შვილმა და ნ. რ-იამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა., თ. და ნ. ჩ-იშვილებს, ი. უ-შვილსა და ნ. რ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. რ-იამ, ი. უ-შვილმა და ა. ჩ-იშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ნ. რ-იას, ი. უ-შვილს, ა. ჩ-იშვილს მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მათ მიერ საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა ნ. რ-იას 2010 წლის 2 დეკემბერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის ხარვეზის განჩინება კვლავ გაეგზავნათ ა. ჩ-იშვილს, ი. უ-შვილსა და ნ. რ-იას. აღნიშნული განჩინება მათ ჩაჰბარდათ 2011 წლის 6 იანვარს. მიუხედავად ამისა, კასატორებს ხარვეზი არ შეუვსიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. რ-იას, ი. უ-შვილის და ა. ჩ-იშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ნ. რ-იას, ი. უ-შვილსა და ა. ჩ-იშვილს მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მათ მიერ საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინება კასატორებს ჩაჰბარდათ 2011 წლის 6 იანვარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 7 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 9 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. რ-იას, ი. უ-შვილისა და ა. ჩ-იშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. რ-იას, ი. უ-შვილისა და ა. ჩ-იშვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.